შინაარსზე გადასვლა

თელავის ღვთაების ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთაების ეკლესია

თელავის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში, ღვთაების უძველესს ნამოსახლარ ბორცვზე. მიეკუთვნება კახეთის ადრეული ბაზილიკების ჯგუფს. თარიღდება V საუკუნით, VI საუკუნის დასაწყისით. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ერეკლე II-ის ცხედარი, გარკვეული დროის შემდეგ, სამეფო პალატიდან ღვთაების ტაძარში გადაასვენეს „ვინაითგან მუნით უმარჯვეს იყო წასვენებად მცხეთად“. ეკლესია მოქმედია. დგას რიყის ქვის დაბალი გალავნით შემოფარგლულ, რიყის ქვითვე მოკირწყლულ, პატარა ეზოსი. ეკლესიის გარდა, ეზოში XX საუკუნეში აგებული კიდევ რამდენიმე სამომსახურო ნაგებობაა - სატრაპეზო, სენაკები, სამეურნეო ნაგებობები და სხვა. ძლიერ წაგრძელებული, საკმაოდ ვრცელი, სამნავიანი ბაზილიკაა.

წარსულში იგი მრავალჯერ არის აღდგნილ-გადაკეთებული, რის გამოც თავდაპირველი სახე ძლიერ აქვს შეცვლილი. შენობის კორპუსი თავდაპირველი ფენის გარდა, სხვადასხვა პერიდის კიდევ რამდენიმე სამშენებლო ფენას შეიცავს, რომელთა შორის უკანასკნელი, XVI საუკუნეს განეკუთვნება. შიგნით ეკლესია სქლადაა შელესილი, რის გამოც სამშენებლო ფენების გამიჯვნა მხოლოდ სავარაუდოდაა შესაძლებელი. გარკვეული შეკეთებები ეკლესიამ XX საუკუნის II ნახევარსიც განიცადა. ამ დროს კედლები გარედან გაიწმინდა XIX საუკუნის დროინდელი შელესილ-შეთეთრებული ფენისგან. ატმოსფერული ნალექებისგან დაცვის მიზნით, ოთხივე კედელს გაუკეთდა ცემენტის სქელი, საკამოდ უხეში ზედაპირის მქონე პანელი. ეკლესიის ირგვლივ მოეწყო განიერი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული სარინი. სარკმელებში ჩაისვა ხის, შემინული ალათები, რის გამოც ზოგიერთი სარკმლის ღიობის გარეთა ნახევარი გაგანიერდა, ზოგის კი ნაწილობრივ გადაკეთდა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს : სამხრეტიდან და დასავლეთიდან. მესამე შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა მოწყობილი. იგი შირიმის ნათალი ქვით ნაწყობი თაღით იყო გადახურული. მოგვიანებით ღიობში, კვადრატული აგურის წყობით, გამოუყვანიათ რამდენადმე მცირე, თარაზულად გადახურული შესასვლელი, რომელიც მომდევნო ხანებში მთლიანად ამოუშენებიათ. ამჟამად ბაზილიკის შიდა სივრცე კვადრატული კვეთის ბურჯების ორი წყვილით და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი თაღებით სამ ნავადაა გაყოფილი. ჩრდილოეთ თაღები თავდაპირველია და მკვეთრად მოხაზული, ნალისებრი ფორმა აქვს. თაღების ქვეშ, გვერდითი ნავების მხარეს მიქცეულ ნაწილში, ჩაშენებულია დადაბლბული თაღები, რომლებზეც დაყრდნობილია ჩრდილოეთ ნავის გვიანდელი კამარა. თაღების ქუსლების დონეზე გამოყოფილია მაღალი იმპოსტები, რომელთა პროფილს თარო და ოდნავ შეზნექილი წრეთარგი შეადგენს. სამხრეთ თაღები ისევე როგორც, ცენტრალური ნავის კამარა შეისრული ფორმისაა. როგორც ჩანს შუა ნავი, თავდაპირველად დაკავშირებული იყო ხუთ-ხუთი თაღით. მოგვიანებით, განაპირა თაღების ორივე წყვილში კედელი ჩაუშენებიათ. მათ შორის აღმოსავლეთ თაღების ამოშენებულ კედელში თითო ვიწრო გასასვლელია მოწყობილი. დასავლეთ თაღებში ჩაშენებული თაღები კი ყრუა, რის გამოც ბაზილიკის დასავლეთ ნაწილი სამ გაცალკევებულ, კამაროვან სადგომადაა გაყოფილი.

თითოეული სადგომი, ბაზილიკის შესაბამისი ნავისგან , ბურჯების დასავლეთ წყვილის ხაზზე აგებული კედლით არის გამიჯნული. სამივე კედელში თითო დაბალი სწორკუთხა კარია. შუა ნავის ფარგლებში კედელი ნავის მთელ სიმაღლეზეა აყვანილი, გვერდით ნავებში კი - მათი სიმაღლის 1.3-ზე. შუა ნავი, გვერდით ნაგებთან შედარებით, თითქმის ორნახევარჯერ უფრო განიერია და გაცილებით მაღალი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნალისბერი მოხაზულობის ფასადით, გვერდით ნაგები კი - მცირე, სწორკუთხა სადგომით, რომლებიც საკურთხეველს უშუალოდ არ უკავშირდება. ორივე სადგომი, შესაბამისი ნავისგან, კედლით არის გამიჯნული და მას ამ კედელში მოწყობილი, სწორკუთხა კარით უკავშირდება. სადგომები, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი თითო სარკმლითაა განათებული. სადგომების თავზე იგივე მოხაზულობის თითო სადგომია, რომლებიც როგორც ჩანს სამალავებად გამოიყენებოდა. ამ სადგომებში ასვლა შესაძლებელია როგორც შიგნიდან, კედლის სისქეში დატანებული კედლით, ისე გარედანაც - მისადგომი კიბით. საკურთხევლის აფსიდს მთელს სიგრძეზე, საფეხური გაუყვება. აფსიდის ცენტრში განიერი თალოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისგან გამიჯნულია ხის მაღალი კანკელით. შუა ნავის გრძივ კედლებში ოთხ-ოთხი ისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. კამარა ეყრდნობა სამ საბჯენ თაღს, თაღები კი - შეკიდულ პილასტრებს. თითო მსგავსი პილასტრი ნავის დასავლეთ კუთხეებშია. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. ყველა საბჯენი თაღი შეისრულია. გვერდიტი ნავები ორ-ორი თაღოვანი სარკმლიტაა განათებული. ნავები გადახურულია ერთიანი, ცილინდრული კამარით, მსგავსი მოხაზუობის კამარითაა გადახურული გვერდებზე არსებული სადგომებიც. ბაზილიკის დასავლეთ ნაწილი ორსართულიანია. მეორე სართულიც სამი ოთკუთხა სადგომისგან შედგება. ამ სართულზე ასასვლელი ლითონის კიბე გარედან, ჩრდილოეთ მხრიდანაა, რომლებიც შესასვლელის წინ მოწყობილ ბაქანზე ადის. სართულის დასავლეთ კედელში ორრიგად განლაგებული რამდენიმე სათოფური და ორი ტლანქი სარკმელია, მათ შორის ქვედა სათოფურები მიწისკენაა დახრილი, ზედები კი პირდაპირაა მიმართული. ეკლესიის შიდა სტრუქტურა გარე ფორმებშიცაა გამოვლენილი. ბაზილიკის შუა ნავი რამდენადმე შემაღლებულია ნავების მიმართ და ორფერდა სახურავიტაა გადახურული, გვერდითა ნავები კი ცალფერდა სახურავით. ბაზილიკის დასავლეთ ნაწილი როგორც შიგნით, ისე გარედანაც ძირითადი კორპუსისგან ცალკე მოცულობადაა გამოყოფილი. შენობის ამ ნაწილზე დადგმულია მაღალი თაღებითაა გახსნილი და კონუსებური სახურავებითაა დასრულებული.

შენობის კედლები საშუალო ზომის, რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაწყობი.მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში,რიყის ქვასთან ერთად, კვადრატული აგურიცაა ნახმარი. კედლების ნაწილთა ქრონოლოგიური სხვაობა ყველაზე მეტად დას. ფასადზეა შესამჩნევი ფასადის ქვედა ნაწილში შეისრულთაღოვანი კარია.იგი ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთ ხა არეში, რომელსაც სამსაფეხურიანი, აგურის ხერხულა წყობიტ გამოყვანილი ფრიზი აგვირგვინებს,მთკიანად აგურითაა გამოყვანილი დას. ფასადის ზედა, ცენტრალური ნაწილი, რომელზეც წყობის შეღრმავებით, ერთ დონზე განლაგებული, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი, სამი დაბალი ჯვარია გამოსახული. ერთი, ოღონდ რელიეფური ჯვარი, აღმოსავლეთ ფასადზეცაა - ცენტრალური ნავის ზედა ნაწილში. იგი ტოლმკლავაა და ლეკალური აგურითაა გამოყვანილი . ლეკალური აგურით ნაწყობი, მრუდხაზოვანი პროფილის (თარო, წრეტარგი, ლილვი ) ლავგარდნითაა დასრულებული ბაზილიკის ნავების კედლებიც. განსხვავებული პოფილისაა დასავლეთ ნაწილის ლავგარდანი (აღდგენილია XX საუკუნეში). ეს უკანასკნელიც აგურისაა ოღონდ საფეხუროვანი. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით. სამრეკლო თუნუქით.