თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 7)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 7). თარიღდება XIX საუკუნის 70-იანი წლებით. 1877 წელს შედგენილი პროექტი დაცულია თელავის ისტორიულ მუზეუმში.
სახლი ერთსართულიანია, შედგება ოთხი ოთახისგან. ოთახები განლაგებულია ანფილადურად. მათ შორის სამი ოთახი პირვანდელია, მეოთხე-შემდგომ პერიოდშია მიშენებული. ეზოს მხარეს მიმართულ კედელში კარები და სარკმლებია გაჭრილი. თითოეულს რკალური თავსართი აქვს. ფასადი შელესილ-შეთეთრებულია. ოთახების წინ ღია აივანია, რომლის ცალფერდა სახურავი აგურისმრგვალ სვეტებზე გადებულ ძელზეა დაყრდნობილი. შენობას უკანა მხარეს, მთელ სიგრძეზე სინესტისგან დასაცავი სავენტილაციო არხი აქვს მოწყობილი. სახლის წინ მცირე ზომის ეზოა, საიდანაც ქვევით ჩამავალი კიბით, ვხვდებით სავაჭრო (სახელოსნო?) დუქნებში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან ქუჩას. ორი სათავსი ამჟამადაც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ფასადის მხარეს აქაც თაღოვანი კარი და სარკმელია გაჭრილი. ერთ-ერთი (აღმოსავლეთის) ოთახი გადახურულია კამარით და საბჯენი თაღით არის გამაგრებული. მეორე ოთახი კი - ხის ძელებით. საფასადო მხარე ორმალიანია. ღიობები მშვილდისებრი თაღებითაა გადახურული და ნალესობით გამოყვანილი თავსართებითაა მორთული სათავსების დასავლეთით. მსგავსი თაღით გადახურული. ერთმალიანი სავაჭროა, რომლის საფასადო მხარე შეცვლილია. სახლი თელავის სამოქალაქო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 94.