შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ ლეჟავა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ლეჟავა
დაბ. თარიღი 14 მაისი, 1939
საქმიანობა მეცნიერი, ბიოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია[2]

თეიმურაზ ლეჟავა (დ. 14 მაისი, 1939) — ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი, პედაგოგი, პროფესორი.

1957 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოქროს მედლით, 1963 წელს კი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1968 წლებში იყო საკავშირო აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის და შემდეგ საკავშირო სამედიცინო აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1968-1969 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლიგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1969-1970 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი გენეტიკის განყოფილების გამგედ, 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგედ. 2011 წლიდან გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 19 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია, დაარსდა საერთაშორისო სიმპოზიუმი — „დაბერების გენეტიკა“ (ჩატარდა თბილისში 1972, 1984, 1989, 2008 წწ., ჰიროსიმაში 1987 წ.). მონაწილეობდა სიმპოზიუმსა და 10-ზე მეტ საერთაშორისო კონგრესზე. ის მუშაობს ადამიანის გენომის ნორმისა და პათოლოგიის შემთხვევებზე. მისი გამოკვლევის შედეგებმა დაბერების გენეტიკაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აშშ-ში გამოიცა მონოგრაფია, რომელშიც შევიდა თეიმურაზ ლეჟავას სამი აღმოჩენა: დაბერების პროცესში ქრომატინის მოდიფიკაცია, რომელიც პირველადია მუტაციებისა და რეპარაციის მიმართ, დაბერების დროს კონდენსირებული ქრომატინის გახსნით ჩაკეტილი გენების გათავისუფლება და ქრომოსომის ბოლო უბნის — დამოკლებული ტელომერის ნორმალიზება. ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გახანგრძლივებასა და დაბერების პათოლოგიათა თავიდან აცილებაში, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა სნეულებათაგან განკურნებაში.

1970 წელს თბილისის სამედიცინი ინსტიტუტში თეიმურაზ ლეჟავას ხელმძღვანელობით გაიხსნა პირველი გენეტიკის ლაბორატორია. 90-იან წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა „ბიოსამედიცინო ეკოლოგიური გენეტიკის“ სპეციალობა, ხოლო 2011 წელს დააარსა გენეტიკის ინსტიტუტი. საქართველოში გამოყენებული ციტოგენეტიკური და მოლეკულერ-ციტოგენეტიკური მეთოდები მის მიერ არის აპრობირებული და პირველად საქართველოში დანერგილი: ადამიანის ლიმფოციტარულ კულტურებიდან ქრომოსომული პრეპარატების მიღების მეთოდი; დნმ-ის არაგეგმიანი სინთეზის მეთოდი (რეპარაცია); ქრომოსომთა რეპლიკაციის პერიოდის განსაზღვრის მეთოდი (თიმიდინის ჩართვის გამოყენებით); შვილეულ ქრომატიდთა გაცვლის მეთოდი (ბრომდეზოქსიურიდინის თიმიდინის ჩართვის გამოყენებით); ქრომოსომთა ჰეტეროქრომატული უბნების ბენდირების მეთოდები.[3]

1968 წელს დაცული აქვს საკანდიდატო, 1984 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. პროფესორ თეიმურაზ ლეჟავას დაწერილ გენეტიკის ქართულ სახელმძღვანელოებზე აღიზარდა გენეტიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები, რომელთა უმეტესობა წარმატებით მოღვაწეობს იაპონიის, სინგაპურის, გერმანიის, აშშ-ის, ისრაელის, ინგლისის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. არის სამეცნიერო ჟურნალების „მაცნე“ და „Georgian Medical News“-ის რედკოლეგიის წევრი და რამდენიმე საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალის შრომათა რეცენზენტი.

2019 წელს შვედეთში გამართულ გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო ასოციაციის (IAGG-ER) კონგრესზე დააჯილდოვეს სამი საუკეთესო მეცნიერი, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიური დაბერების პროცესს სწავლობენ. მათ შორის არის თეიმურაზ ლეჟავაც.[4]

  • ამერიკისა და საერთაშორისო გერონტოლოგთა ასოციაციის წევრი
  • საქართველოს ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარე
  • საქართველოს გერონტოლოგთა და გერიატრთა ასოციაციის სამეცნიერო განხრის ხელმძღვანელი
  • სხვადასხვა (საქართველოში და საზღვარგარეთ) საზოგადოებრივი სამეცნიერო აკადემიების წევრი

პრემიები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ადამიანის ქრომოსომთა კვლევის მეთოდები (ავტორი). თბილისი. განათლება. 1973
  • გენეტიკა და ჩვენ (ავტორი). თბილისი. თსუ-ს გამომცემლობა. 2002
  • უჯრედის გენეტიკა (სახელმძღვ. ავტორი) თბილისი. თსუ-ს გამომცემლობა. 2004
  • ადამიანის გენეტიკა. თბილისი. უნივერსალი. 2007
  • სამედიცინო გენეტიკა (მოლეკულური გენეტიკის საფუძვლებით) (სახელმძღვ. თანაავტორი) თბილისი. თსუ-ს გამომცემლობა. 2011

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  2. https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_zust_sabunebismetk/Lezhava-eng-1.pdf
  3. თეიმურაზ ლეჟავა (CV)
  4. https://nostal.ge/2019/06/13/qartveli-mecnier-evropashi/
  5. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)