თაჯ ოლ-მოლუქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაჯ ოლ-მოლუქი
ირანის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 დეკემბერი, 1925
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1941
წინამორბედი: ბადრ ალ-მოლუქი
მემკვიდრე: ფავზია ფუად ეგვიპტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 მარტი, 1896
დაბ. ადგილი: ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 10 მარტი, 1982, (85 წლის)
გარდ. ადგილი: აკაპულკო, მექსიკა
მეუღლე: რეზა-შაჰ ფეჰლევი
(ქ. 1916 - გარდ. 1944)
შვილები: პრინცესა შამსი
შაჰი მოჰამედ რეზა
პრინცესა აშრაფი
პრინცი ალი რეზა
დინასტია: ფეჰლევიანები
მამა: თემურ ხან აირომლუ
დედა: ზეჰრა ხანუმი
რელიგია: ისლამი

თაჯ ოლ-მოლუქი (სპარს. تاج الملوک آيرملو‎; დ. 17 მარტი, 1896, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 10 მარტი, 1982, აკაპულკო, მექსიკა) — ფეჰლევიანთა დინასტიის წარმომადგენელი და ირანის დედოფალი 1925-1941 წლებში როგორც დინასტიის დამაარსებელ რეზა-შაჰ ფეჰლევის მეუღლე. მეშვიდე საუკუნის შემდეგ, იგი ირანის პირველი დედოფალი გახდა, რადგან მუსლიმურ ქვეყნებში მმართველთა ცოლებს სამეფო ტიტულები არ ენიჭებოდათ, თუმცა მან ეს შეცვალა. იგი ასევე იყო ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის დედა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაჯ ოლ-მოლუქი დაიბადა 1896 წლის 17 მარტს ბაქოში, აზერბაიჯანში, რუსეთის იმპერიაში. იგი იყო აზერბაიჯანელი ბრიგადირ-გენერლის, თემურ ხან აირომლუსა და მისი ცოლის, ზეჰრა ხანუმის ქალიშვილი. 1916 წელს, მამის კავშირების გამოყენებით იგი დაქორწინდა გავლენიან ირანელ სამხედრო რეზა ფეჰლევზე.

1921 წლის 23 თებერვლის სამხედრო გადატრიალების შედეგაც რეზამ დაამხო ყარაჯაელთა დინასტია და ძალაუფლება ხელში აიღო.

ირანის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი თაჯ ოლ-მოლუქი, ფოტო გადაღებულია 1926-1941 წლების შუალედში

1925 წლის 15 დეკემბერს მისმა ქმარმა თავი ირანის შაჰანშაჰად გამოაცხადა, თაჯ ოლ-მოლუქს კი დედოფლის წოდება უბოძა.

მიუხედავად დედოფლობისა, თაჯ ოლ-მოლუქი რეზა შაჰთან ერთად არ ცხოვრობდა, რადგან ეს პატივი მან მის სხვა ცოლებს — თურან ამირ სოლეიმანსა და ესმათ დულატშაჰს დაუთმო, თუმცა დედოფლის წოდება მხოლოდ მას ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნება იყო, მაინც დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის მართვაში. მან დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული „ისლამური ფემინიზმი“. იგი ირანის ისტორიაში პირველი დედოფალი იყო, რომელმაც გარკვეული საზოგადოებრივი როლი შეასრულა და ოფიციალური პოზიციაც დაიკავა.

მას, როგორც დედოფალს, ჰქონდა წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობა, რაც ირანში ცალსახად მიუთითებდა ქალთა უფლებების ზრდაზე. ირანმა მალევე აიღო მაგალითი მეზობელი თურქეთისგან და როგორც მოდერნიზებულ სახელმწიფოში, ქალის საზოგადო და პოლიტიკური როლი აქაც გაიზარდა. მისი გავლენით შაჰმა ახალი რეფორმები გაატარა, რომლებიც ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავდა მიზანს. 1933 წლიდან ქალებს მიეცათ სკოლაში განათლების მიღების, ხოლო უკვე 1935 წლიდან თავად მასწავლებლობის უფლებაც. თეირანის ქალ მასწავლებელთა ასოციასიის გახსნას 1936 წელს თავად ირანის დედოფალიც დაესწრო თავის ორ ქალიშვილთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მათ დროს გადავიდა მოდიდან ჩადრი და მუსულმანური სამოსი, რის შემდეგაც დამკვიდრდა ევროპული სტილის, უფრო თავისუფალი სამოსი. დედოფალმა პირველ ქალ მასწავლებლებს დიპლომები გადასცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დედოფალმა საზოგადოებაში თავი გამოიჩინა. ამას მოჰყვა შაჰის ცოლისა და ქალიშვილების ფოტოების გამოქვეყნება, რამაც ფურორი მოახდინა, რადგან მანამდე შაჰის ოჯახის წევრი ქალების მამაკაცებისათვის ნახვა მკაცრად იკრძალებოდა.

თაჯ ოლ-მოლუქი განაგრძობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას და ამით ირიბ როლს ასრულებდა პოლიტიკაში, თუმცა დედოფალი თავის თავზე არასდროს იღებდა რაიმე ახალ წამოწყებასა და პოლიტიკურ აქტივობას. 1939 წელს იგი დაესწრო თავისი უფროსი ვაჟის ქორწინებას ეგვიპტის მეფე ფარუკის დაზე, ფავზია ეგვიპტელზე, რომელსაც თაჯ ოლ-მოლუქთან და მის ქალიშვილებთან მეტად არასახარბიელო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს რეზა შაჰი ჩამოაგდეს და სამხრეთ აფრიკაში გადაასახლეს, ტახტი კი მისმა ვაჟმა, მოჰამედ რეზა ფეჰლევმა დაიკავა. დედოფალი თაჯი ქმარს გადასახლებაში არ გაჰყოლია და ირანში ვაჟთან დარჩა.

როგორც დედას, მას დიდი გავლენა ჰქონდა შაჰზე, რის გამოც მისი გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. სამეფო კარზე გაბატონებულ თაჯსა და მის რძალს, დედოფალ ფავზიას შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რასაც საბოლოოდ 1945 წელს ფავზიას ეგვიპტეში დაბრუნება მოჰყვა. რეზა და ფავზია ერთმანეთს 1948 წელს გაეყარნენ, მაგრამ თაჯ ოლ-მოლუქის გავლენით მათი საერთო ქალიშვილი მამასთან დარჩა ირანში.

1950 წელს მან თავისი ვაჟი მეორედ დააქორწინა სორაია ისფანდიარი ბაჰთიარზე. 1952 წელს, ირანში პრემიერ-მინისტრად მოზადეღის დანიშვნისთანავე დედა-დედოფალმა და მისმა ქალიშვილებმა დატოვეს სამეფო კარი და მხოლოდ 1953 წელს, მისი თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ დაბრუნდნენ.

ვაჟის მმართველობისას თაჯი არ მონაწილეობდა სამეფო წარმომადგენლობით ღონისძიებებში და ქალიშვილებისა და რძლისგან განსხვავებით არც ქველმოქმედებას ეწეოდა. მეტიც, 1967 წლის 26 ოქტომბერს იგი არ დაესწრო თავისი ვაჟის შაჰად კორონაციას. იგი სამეფო კარზე ყოველწლიურად ორ დიდ ღონისძიებას მართავდა: 1. თავისი შვილიშვილის დაბადების დღეს და 2. მოზადეღის დაცემის დღეს. 1971 წელს, როცა რეზა შაჰის ჯანმრთელობა შეირყა, ექიმებმა თაჯ ოლ-მოლუქს მისი ნახვა აუკრძალეს.

1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე დედა-დედოფალი ბევერლი ჰილზში, აშშ-ში ცხოვრობდა. იგი ლოს-ანჯელესში 1978 წლის 30 დეკემბერს ჩაიყვანა ირანის საიმპერატორო საჰაერო ძალების 747-მა კაპიტანმა. მისი ჩასვლიდან მალევე, 1979 წლის 2 იანვარს, ირანიდან დევნილმა ორმა სტუდენტმა დედა-დედოფლის სახლის გადაწვა სცადა. ამის შემდეგ მან თავის ქალიშვილთან ერთად დატოვა საკუთარი სახლი და თავი დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, უოლტერ ანენბერგის რეზიდენციას შეაფარა.

თაჯ ოლ-მოლუქი გარდაიცვალა 1982 წლის 10 მარტს აკაპულკოში, მექსიკაში, 85 წლის ასაკში, ლეიკემიასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შამსი (1917-1996), დაქორწინდა ორჯერ და მეორე ქმრისგან შეეძინა სამი შვილი;
  2. მოჰამედ რეზა (1919-1980), ირანის უკანასკნელი შაჰი 1941-1979 წლებში. პირველად იქორწინა ფავზია ეგვიპტელზე, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა. მასთან განქორწინების შემდეგ ცოლად სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი შეირთო, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია და მალევე გაეყარა, რის შემდეგაც იქორწინა ფარაჰ დიბაზე, რომელთანაც კიდევ ოთხი შვილი შეეძინა;
  3. აშრაფი (1919-2016), მოჰამედ რეზას ტყუპისცალი. იგი დაქორწინდა სამჯერ და შეეძინა სამი შვილი;
  4. ალი რეზა (1922-1954), ირანის პრინცი, ცოლად შეირთო კრისტიანა შოლევსკი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1896-1918: ნითმაჯ აირომლუ ხანუმი;
  • 1918-1925: რეზა ხან ხათუნი;
  • 1925-1941: მისი უმაღლესობა ირანის დედოფალი;
  • 1941-1982: მისი უმაღლესობა ირანის დედა-დედოფალი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lois Beck, Guity Nashat, Women in Iran from 1800 to the Islamic Republic
  • Scott, Lois (24 February 1980). "The Shah's dawnfall". The Victoria Advocate. Retrieved 5 November 2012.
  • Kent, Thomas (30 December 1978). "Shah looking for way out Iran". Williamson Daily News. Tehran. AP. Retrieved 5 November 2012.
  • "Riots force Shah's mother to leave house". Boca Raton News. Beverly Hills. AP. 3 January 1979. Retrieved 5 November 2012.
  • "Late Shah's mother dies". Gadsden Times. Paris. AP. 16 March 1982. Retrieved 5 November 2012.
  • Cyrus Ghani; Sīrūs Ġanī (6 January 2001). Iran and the Rise of the Reza Shah: From Qajar Collapse to Pahlavi Power. I.B.Tauris. p. 194. ISBN 978-1-86064-629-4. Retrieved 19 June 2013.