ფარაჰ ფეჰლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფარაჰ დიბა ფეჰლევი
ფარაჰ დიბას წიგნის გარეკანი.jpg
ირანის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი, 1961
მმართ. დასასრული: 11 თებერვალი, 1979
წინამორბედი: სორაია ესფანდიარი ბახთიარი
მემკვიდრე: რეზა ფეჰლევი
სხვა წოდებები: შაჰბანუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი, 1938
დაბ. ადგილი: თეირანი, ირანი
მეუღლე: მუჰამედ რეზა ფეჰლევი
შვილები: რეზა, ფარაჰნაზი, ალი-რეზა, ლეილა
დინასტია: ფეჰლევიანები
მამა: სოჰრაბ დიბა
დედა: ფარიდა ყოთბი
ხელმოწერა: Farah Pahlavi signature.svg
ფარაჰ ფეჰლევი — შაჰბანუ
შაჰის კორონაცია, 1967

ფარაჰ ფეჰლევი (სპარს. فرح پهلوی, ; დ. 14 ოქტომბერი 1938, თავრიზი) — ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი. იმპერატორის სამი ცოლიდან ის იყო ერთადერთი, რომელიც იმპერატრიცად (შაჰბანუ) აკურთხეს.

აზერბაიჯანული წარმოშობის[1][2] ირანელი ფარაჰ დიბა (დიბა — ქალიშვილობის გვარი) დაიბადა ოფიცრის ოჯახში. განათლება მიიღო პარიზსა და თეირანში.

შეხვდა შაჰს 1959 წელს ირანის პარიზის საელჩოში. ქორწილი გაიმართა 1959 წლის 21 დეკემბერს. ტახტის მემკვიდრე რეზა ცირუს ფეჰლევი დაიბადა 1960 წლის 31 ოქტომბერს.

მოჰამდესა და ფარაჰს სულ ოთხი შვილი ჰყავთ:

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით დიბას ოჯახი ირანის აზერბაიჯანიდან იყო და ყაჯართა დინასტიის სასახლის კარზე მსახურობდა. ოჯახის წევრები განათლებას საზღვარგარეთ იღებდნენ. ბაბუა პროფესიით დიპლომატი იყო, რომელიც ირანს რუსეთის იმპერატორის კარზე წარმოადგენდა. მამა სოჰრაბ დიბა 12 წლის ასაკში გაიგზავნა პეტერბურგის კადეტთა სასწავლებელში, სადაც რუსეთში რევოლუციური ქაოსის დაწყებამდე სწავლობდა. მან შემდეგ საფრანგეთის პრესტიჟული სამხედრო აკადემია დაამთავრა.

ექვსი წლის ასაკიდან ფარაჰი თავდაპირველ განათლებას ფრანგული ენის გამო თეირანის იტალიურ სკოლაში იღებდა.[3] შემდგომ იგი ჟანა დარკის სახელობის ფრანგულ სასწავლებელში შევიდა, ბოლოს კი პარიზში მდებარე არქიტექტურულ სკოლაში ჩაირიცხა.

ფარაჰ დიბა აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. იგი მონაწილეობდა გოგონათა სკაუტურ მოძრაობაში, 15 წლის ასაკში კი კალათბურთში გუნდის კაპიტანი გახდა.[4]

შაჰის გაცნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ რეზასთან მისი პირველი შეხვედრა 1959 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა საფრანგეთში ვიზიტად მყოფი მონარქი საელჩოში მიღებაზე შეხვდა ირანელ სტუდენტთა ჯგუფს. ნოემბერში მათი ნიშნობა შედგა, ხოლო ქორწილი 20 დეკემბერს გაიმართა.

ამ პერიოდისთვის 40 წლის შაჰი ორგზის განქორწინებული იყო. პირველი ქორწინება ეგვიპტის მეფის ფუად პირველის ქალიშვილთან ფავზიასთან ხანმოკლე აღმოჩნდა, მეორე მეუღლესთან სორაია ესფანდიარი ბახთიარისთან განშორების მიზეზი კი ამ უკანასკნელის უნაყოფობა დასახელდა.[5]

მოღვაწეობა დედოფლის რანგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარაჰმა სახელი გაითქვა, როგორც მოაზროვნემ, სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე მზრუნველმა და კულტურის მოამაგემ. მკაცრი აბსოლუტური მონარქიის პირობებში ის პროგრესულ პიროვნებად მოჩანდა, რაც ცვლილებების მოსურნე საზოგადოების ფენებს იმედებს უღვივებდა.

ფარაჰს მხოლოდ შაჰის მეუღლის სტატუსი არ ჰქონდა. სპარსეთის მონარქიული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მან უფლისწულის სრულწლოვნებამდე რეგენტის სახით ქვეყნის მართვის კონსტიტუციური უფლება მიიღო. წინამორბედი დედოფლებისგან განსხვავებით, რომლებიც არაბულენოვან მალაქეს (ملکه) წოდებას ატარებდნენ, 1967 წელს შაჰის კორონაციის ცერემონიალის დროს ფარაჰს შაჰბანუს (شهبانو) სპარსული ტიტული მიენიჭა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგებლობის საკითხებში - ხვდებოდა პრემიერ-მინისტრს თუ ჯარის სახეობათა სარდლებს, ეთათბირებოდა მეჯლისის წევრებს.

დედოფალი განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვნების სფეროს აქცევდა. ირანის ქალაქებში გაიხსნა მუზეუმები, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ინიციატივით შეძენილი ხალიჩები, ნახატები, კერამიკისა და ბრინჯაოს ნაწარმის კოლექციები. საზღვარგარეთ სპარსული ხელოვნების პოპულარიზაციასთან ერთად, ფარაჰი ცდილობდა ირანელებისთვის უცხო ქვეყნების კულტურული მიღწევები ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ამიტომ მუზეუმებში ხშირად იმართებოდა გამოფენები. მას ახლო აღმოსავლეთის ჯეკ კენედის უწოდებდნენ.[6]

1977 წელს შაჰბანუმ თეირანში გახსნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც განთავსდა პიერ ოგიუსტ რენუარის, პაბლო პიკასოს და სხვათა ნახატები. ზოგი შეფასებით, მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 3 მლრდ. დოლარს შეადგენდა.[7]

საგანმანათლებლო სისტემის რეორგანიზაციის ფარგლებში შირაზში მდებარე ფეჰლევის უნივერსიტეტი ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტი გახდა, სადაც კვლევითი ცენტრები დაფუძნდა. ფარაჰის ორგანიზებით, 1967 წელს შირაზში გაიხსნა ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

გაეროში შაჰის წარმომადგენლის ფერეიდუნ ჰოვეიდას თქმით, მას უკვირდა კიდეც, როგორ გრძნობდა თავს განათლებული ფარაჰი იმ სამეფო სასახლეში, სადაც წიგნი და ხელოვნება ღირებულებას არ წარმოადგენდა.[8]

პოლიტიკური კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლების შუახანებისთვის დედოფალი მსოფლიოს კულტურული ელიტისთვის სასურველი სტუმარი იყო, თუმცა 1977 წლის შემდეგ ეკონომიკური დაცემის ფონზე ქვეყანაში ვითარება გაუარესდა. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები თავდაპირველად ორი ძირითადი ლოზუნგით გამოვიდნენ: სტუდენტობის და ინტელიგენციის ნაწილი რეჟიმის ლიბერალიზაციის და რეფორმების გატარებისკენ იღვწოდა, კონსერვატორები კი ისლამური სამღვდელოების უფლებების შევიწროების შეწყვეტას მოითხოვდნენ. როდესაც ხელისუფლებამ მათ რეპრესიებით უპასუხა, ყველა ოპონენტი საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანდა და თვით ფეჰლევთა დინასტიის ლიკვიდაციისთვის დაირაზმა.

1978 წლის მანძილზე ირანის სხვადასხვა ქალაქებში არ წყდებოდა სისხლიანი შეტაკებები დემონსტრანტებს და უშიშროების ძალებს შორის. ამ პერიოდში ფარაჰის აქტიურობები მკვეთრად დაეცა. პირადი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ძირითადად თეირანში ნიავარანის სასახლეში იმყოფებოდა და საკუთარ მძიმე ემოციურ განწყობას დღიურში ასახავდა, რომელიც მოგვიანებით გამოსცა. გამოუვალი მდგომარეობის გამო დეკემბერში გადაწყდა შაჰის და მისი ოჯახის უცხოეთში გამგზავრება.

დევნილობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ სადათის მიწვევით, თავდაპირველად ფეჰლევები კაიროში ცხოვრობდნენ, შემდეგ - მაროკოში, მაგრამ შაჰის ონკოლოგიური ავადმყოფობის გამო აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. გარკვეული ყოყმანის შემდეგ კარტერის ადმინისტრაციამ მას ოპერაციის ჩატარების მიზნით ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა.

ამასობაში ირანის ახალმა ხელისუფლებამ ფეჰლევთა ქონების კონფისკაცია მოახდინა და სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯა შაჰის ოჯახის წევრებს, მათ შორის ფარაჰს. თუმცა დედოფალს ამნისტია და ირანში დაბრუნება შესთავაზეს იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ მეუღლეს მოკლავდა.[9]

1980 წლის ივლისში შაჰი ეგვიპტეში გარდაიცვალა. ფორმალურად ფარაჰი რამდენიმე თვით ტახტის მემკვიდრის რეგენტი გახდა. მომდევნი წელს ფეჰლევთა მფარველი პრეზიდენტი სადათი სამხედრო აღლუმის დროს მოკლული იქნა, ხოლო ქვრივმა აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან რონალდ რეიგანისგან თავშესაფრის შეთავაზება მიიღო.

საბოლოოდ ფარაჰი ვაშინგტონის სიახლოვეს დაფუძნდა. იგი წლების განმავლობაში ხანგამოშვებით მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა მონარქთა ღონისძიებებში (ქორწილი, დაკრძალვა), ასევე მოგზაურობდა ევროპაში საკუთარი შვილების სანახავად.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ რეზას და ფარაჰს ოთხი შვილი შეეძინათ: რეზა, ფარაჰნაზი, ალი-რეზა და ლეილა. მათგან რეზა (დ.1960 წ.) მამის მემკვიდრედ ითვლება. ლეილა ფეჰლევი 2001 წელს ლონდონში გარდაიცვალა, ხოლო ათი წლის შემდეგ ბოსტონში ალი-რეზამ ჩაიდინა სუიციდი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ფარაჰმა გამოსცა მემუარები An Enduring Love, My life with the Shah, რომელიც მსოფლიოს ბესტსელერად იქცა.

2018 წელს მისი წინასიტყვაობით გამოქვეყნდა წიგნი Iran Modern: The Empress of Art, რომელშიც მოთხრობილია ფეჰლევთა ზეობის დროს თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნის და მისი ექსპონატების შესახებ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shakibi, Zhand. Revolutions and the Collapse of Monarchy: Human Agency and the Making of Revolution in France, Russia, and Iran. I.B.Tauris, 2007. ISBN 1-84511-292-X; p. 90
  2. Taheri, Amir. The Unknown Life of the Shah‎. Hutchinson, 1991. ISBN 0-09-174860-7; p. 160
  3. Farah Pahlavi, An Enduring Love, My life with the Shah, 2004, გვ. 21. 
  4. From Persia with love: how an empress transformed Iran with art smh.com.au, 11 December 2018
  5. გიორგი გელაძე, ირანის უკანასკნელი შაჰი, 2009, გვ. 9. 
  6. The Astonishing Art Collection of Farah Pahlavi, Former Empress of Iran, Finally Comes to Light wmagazine.com, 2 May 2019
  7. The 3 bn art collection hidden in vaults bbc.com, 7 December 2018
  8. Fereydoun Hoveyda, The fall of the shah, 1979, გვ. 103. 
  9. Farah Pahlavi, An Enduring Love My life with the Shah, 2004, გვ. 316. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]