ზულუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზულუ (ზულუს ენაზე: ამაზულუ) — აფრიკელი ხალხების ერთობა, რომლებიც მოსახლეობენ სამხრეთ აფრიკაში. ისინი არიან ნგუნიზე მოლაპარაკე ხალხების შთამომავლები და მათი ისტორია ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნიდან იწყება.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ზულუს პრინცმა, შაკამ, გააერთიანა ნგუნიზე მოლაპარაკე ტომები და ჩამოაყალიბა ზულუს სამეფო. შაკა მმართველობის დროს ჯარში იწვევდა ახალგაზრდა მამაკაცებს და ავარჯიშებდა მისსავე შექმნილ ახალ საბრძოლო ხელოვნებაში. სხვა მოქიშპე ჯარების დამარცხებისა და მათი ხალხის ასიმილირების შემდეგ, შაკამ დააარსა ზულუს ერი. მისი მმართველობის 12 წელიწადის განმავლობაში ზულუ გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დამპყრობელი იმპერია, რაც აფრიკის კონტინენტზე ოდესმე ყოფილა.

თუმცაღა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ბრიტანელებმა დაიპყრეს ზულუს ტერიტორია და დაყვეს 13 სამთავროდ. ამის შემდეგ, ზულუს აღარასდროს შესძლებია დამოუკიდებლობის აღდგენა. ზულუს ხალხის წადილი არ აღმოჩნდა საკმარისი ამისათვის - ჯერ ბრიტანული მთავრობისგან ვერ მიიღეს ავტონომია, ხოლო შემდეგ კი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან.[1]

სექციების სია

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 მილიონი ზულუს ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში; მათ გარდა სხვანიც არიან მიმოფანტული სხვადასხვა პროვინციებში. კვაზულუ-ნატალს ჩრდილოეთით მოზამბიკი ესაზღვრება, ინდოეთის ოკეანე აღმოსავლეთით, აღმოსავლეთი კაპლანდი სამხრეთით, ხოლო დასავლელით ლესოთო. მისი დედაქალაქია პიტერმარიცბურგი. მიწა ნახევრად-ნოყიერია, გვხვდება მთიანი ადგილებიც და ასევე უამრავი მდინარე. სუბტროპიკულ სარტყელში მდებარე ამ რეგიონში ძირითადად მზიანი დღეებია, რომელსაც მოკლე კოკისპირული წვიმები ანაცვლებს ხოლმე.

ზულუების უმეტესობა კვლავ ტრადიციულად ცხოვრობს სასოფლო დასახლებებში, თუმცა ნაწილი დასახლდა უფრო მეტად ურბანულ არეებში და მათი ცხოვრების სტილიც, შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციულისა და თანამედროვე, დასავლურის ნაზავია. ამ ნაზავს ზულუს ხალხის ნებისმიერ წევრზე შეამჩნევთ.[2]

შაკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაკა მამამისის პირველი, თუმცა უკანონო შვილი იყო - მას და დედამისს ცხოვრების გარკვეული პერიოდი უბრალოდ ქუჩებში ხეტიალი უწევდათ. საბოლოოდ, მათ იპოვეს თავშესაფარი მტეთუაში, სადაც მეფედ უკვე ხანშიშესული იობე იჯდა. მტეთუას შემდეგი მეფე იყო დინგისვაიო, რომელმაც 23 წლის შაკა სამხედრო სამსახურში გაიწვია. შაკამ ექვსი წელი იმსახურა და ამ პერიოდის განმავლობაში მისი მენტორის იდეები და ტაქტიკები სწრაფად აითვისა, უფრო დახვეწა და შეასრულა. მალევე მისი სახელი სახალხოდ გავრცელდა, შაკას მოიხსენიებდნენ როგორც ათასების დამპყრობელს და ლეგიონის სიამაყეს. თუმცა, მტეთევას ჯარში მსახურობით მისი ქმედუნარობა შეზღუდული იყო, მას არ ჰქონდა თავისუფალი ნება განეხორციელებინა ყველა ის აწ უკვე შესრულებული და დახვეწილი იდეა, რაც ამ პერიოდში შექმნა. 1816 წელს კი მან ეს ბორკილები მოიხსნა - გახდა რა თავისი მშობლიური ტომის, აბაკვაზულუს, ბელადი. პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ გაიწვია მამაკაცები ჯარში. ისედაც პატარა ტომიდან, რომელშიც სულ რაღაც 1500 კაცი ცხოვრობდა, მხოლოდ 400 მამაკაცი დათანხმდა მას. მმართველობის პირველ წელს, შაკამ გაანალიზა, რომ მის გამოცდილებას და იდეებს გასაქანი არ ექნებოდა მანამ, სანამ დინგისვაიაო ცოცხალი იყო. შაკამ უღალატა თავის მენტორს, გაყიდა მის მოძულე მტერზე, რომელმაც დინგისვაიო სიცოცხლეს გამოასალმა, რამაც მას საშუალება მისცა მტეთვას ხალხი დაეპყრო და შეეერთებინა. შაკა ზულუს ხალხის არსებობის იტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაა, რომელმაც შეძლო და შექმნა ძლევამოსილი იმპერია. ეს ყველაფერი კი დაიწყო სწორედ მტეთვას დაცემის შემდეგ. განსხვავებით დინგისვაიოსგან, შაკა დაპყრობის დროს სხვა ტაქტიკას მიმართავდა - ის დამარცხებული ხალხის მორჩილებას არ სჯერდებოდა, იწყებდა მათ შემოერთებას და ასიმილაციას, ხშირად კი სრულ განადგურებაზეც მიდიოდა. შაკამ მოახერხა, რომ გაეზარდა თავისი სიძლიერე რაც შეიძლება მეტი ტომის გაკონტროლებით და ამ  პროცესში მან მიიერთა თითქმის 60 სხვა ტომი და გაავრცო ზულუს დომინიონი თითქმის ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ მებრძოლი ძალების რაოდენობა შეენარჩუნებინა, შაკამ დაპყრობების დამთავრებამდე წინდაცვეთა შეაჩერა. ამ პერიოდში ეს პრაქტიკა სრულიად აკრძალული იყო. შემდგომში ზულუები თავიანთ თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდნენ ამ წესის გამო და ზიზღით უყურებდნენ ყველა ტომს, რომლებიც თვლიდნენ, რომ გამორჩეულნი იყვნენ წინდაცვეთის გამო.[3][4]

რაც შეეხება საბრძოლო დისციპლინას, მეფისთვის ველზე დაცემა არამხოლოდ ‘მშვენივრად’ აღიქმებოდა, არამედ უალტერნატივო იყო. იმისათვის, რომ შაკას თავისი მებრძოლებისთვის ასეთი პათოსი შეენარჩუნებინა, ის ქორწინებას საერთოდ კრძალავდა, გარდა მისი განსაკუთრებული თანხმობისა. ქორწინება მამაკაცებში სხვა ოჯახის წევრებისთვის მოვლასა და ნერვიულობას გულისხმობდა, რაც მათ საბრძოლო მზადყოფნას ეჭვქვეშ აყენებდა. იმ დროისთვის მამაკაცების დაქორწინების საშუალო ასაკი იყო მინიმუმ 35-40 წელი. ფსიქოლოგიური ეფექტი იყო ის, რომ ომი აღიქმებოდა, როგორც იდეალური მდგომარეობა. მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღებულობდა იმას, რასაც ისურვებდა. მანამ სანამ ის იყო მდიდარი, და , ბუნებრივია, ჰქონდა სურვილი შეენარჩუნებინა მონაპოვარი უსაფრთხოდ, მშვიდობიანი პერიოდი ამ ყველაფრისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მშვიდობიანობის დროს მას არ ეძლეოდა არანაირი შანსი წარმოეჩინა და დაემკვიდრებინა საკუთარი თავი, როგორც ნამდვილი მამაკაცი. მართალია, ომიანობის დროს შეიძლება საერთოდ დაღუპულიყო, თუმცა ეს მეომრისთვის ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა. ის იდგა ზუსტად ასეთივე საფრთხის წინაშე მშვიდობის დროსაც - მას შეიძლებოდა შემთხვევით შეურაცხყოფა მიეყენებინა მეფისთვის; მას შეიძლებოდა დისციპლინა დაერღვია; ის შეიძლებოდა დაედანაშაულებინათ ჯადოქრობაში და ეწამებინათ სიკვდილამდე; შეიძლებოდა საერთოდ მეფეს თვალში არ მოსვლოდა და გადაეწყვიტა რომ მისი ლეშით სვავები და ორბები გამოეკვება. ვინაიდან და რადგანაც, ზულუელი მეომრისთვის მშვიდობიანობის დროსაც სიკვდილის და სიცოცხლის გამოსალმების ალბათობა მაღალი იყო და ამასთან ერთად, არ შეეძლო თავის წარმოჩენა, მისთვის ლოგიკურია, რომ ომი უფრო მნიშვნელოვანი, სახარბიელო და საჭირო იყო - სხვა თუ არაფერი, მას შეეძლო თავის გამოჩენა მაინც[5].

მეომრებისთვის რაიმე კონკრეტული საბრძოლო ხელოვნების დაუფლება სრულიად უცხო იყო შაკას მმართველობამდე. შაკას საბრძოლო რეფორმების შედეგად მათ დაივიწყეს აქამდე არსებული, ტრადიციული და პრიმიტიული საბრძოლო წესები და გავაიდნენ უფრო პრაქტიკულ და გამოყენებად ტექნიკებზე. ზულუელი მებრძოლებისთვის აქამდე არსებული ერთადერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო შუბი, რომლის სროლაშიც საკმაოდ კარგად იყვნენ გაწაფულები. მათი ცხოვრების ნირიდან გამომდინარე ხშირად უწევდათ იარაღების ტყორცნა (განსაკუთრებით ნადირობისას), რამაც დიდი გავლენა იქონია ამ ფაქტორზე და იარაღის ტყორცნა გახდა მათი მთავარი დამრტყმელი ძალა. როდესაც შაკამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ამის გაუმჯობესება და საბრძოლო ტაქტიკის დახვეწა, მან ასევე მოიფიქრა წვრთნების ჩატარება. ამ წვრთნების დროს ხვეწდნენ მარტივ სამხედრო მოძრაობებს - წრის შეკვრა, მარშის ხაზი და ა.შ. ხოლო ახალი საბრძოლო წესრიგი, ფლანგებიდან მოძრაობა უფრო რთულად ასათვისებელი იყო ზულუებისთვის და ამას დიდი დაკვირვებითა და მეცადინეობით განიხილავდნენ და სწავლობდნენ. შაკა ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებდა თითოეული ინდივიდის მზადყოფნასა და ფიზიკურ კონდინცებზე - მეომარი უნდა ყოფილიყო გამძლე, ამტანი, ძლიერი და მარჯვე. მას არ უნდა გასჭირვებოდა ნებისმიერი სახის გასაჭირთან გამკლავება. მისი საბრძოლო ‘სილაბუსი’ ასევე შეიცავდა ცეკვას - მეომრები კარგად უნდა გაწვრთნილიყვნენ ფეხშიშველა სიარულში, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი იგრძნობდნენ, რომ ფეხის გულები სრულიად გაუმაგრადთ, უნდა დაეწყოთ ცეკვა ეკლებით დაფარულ მიწაზე.

კიდევ ერთი ინოვაცია, რაც შაკამ შემოიტანა ზულის ჯარში იყო მთლიანი ლეგიონის დანაწევრება და მბრძანებლის მიმაგრება, რომელიც ლიდერული თვისებებით უნდა ყოფილიყო დაჯილდოვებული. თუ რომელიმე დანაყოფი ბრძოლაში სისუსტეს გამოიჩენდა, ეს სწორედ ამ დანაყოფის მმართველს ბრალდებოდა, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო - ზულუელ მეომრებს ჩაგონებული ჰქონდათ, რომ ბრძოლის ველზე ან უნდა გაემარჯვათ, ან უნდა მომკვდარიყვნენ.

დინგისვაიოსა და შაკას შორის ერთი დიდი სხვაობა აღმოჩნდა - მისი მასწავლებლისგან განსხვავებით, შაკა არავის იბრალებდა. დინგისვაიოს იდეები მის ფილოსოფიაში საერთოდ არ ჯდებოდა. შაკასთვის ყველა, ვინც წინ გადაეღობებოდა, მოსაკლავი იყო და ხდებოდა მათი სრული ანიჰილაცია, მათ შორის უდანაშაულო ქალებისა და ბავშვებისაც. მეომრებს ჩანერგილი ჰქონდათ მოეკლათ ყველა, ვინც მეფის უკმაყოფილებას გამოიწვევდა ან უბრალოდ ჩათვლიდა, რომ ზულუს ხალხისთვის არანაირი სარგებელი აღარ მოჰქონდა. ამიტომაც, ხშირი იყო დაუძლურებული და მოხუცებული ხალხის მკვლელობა, რასაც ზულუელი მეომრები უკან დახევისა და ყოყმანის გარეშე, ცივსიხლიანად ასრულებდნენ - არ ჰქონდა მნიშვნელობა ის მათი მშობელი იქნებოდა თუ ვინმე სხვა.[6]

აფრიკული ტომების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკის პირველი ბინადრები მონადირეები და შემგროვებლები იყვნენ. მათი შთამომავლები ბუმშენები (სანები) და ჰოტენტოტები (კოიკოიები) არიან. დღეს შავკანიანი მოსახლეობის უმრავლესობა მეტწილად ბანტუს (ნგუნის) ჯგუფის ენებზე ლაპარაკობს. მათი წინაპრები ჯერ კიდევ 1600 წლის წინ, ცხოვრობდნენ სამხრეთ აფრიკაში. აქ ორი ყველაზე ტომია კოსა, რომელიც, უმთავრესად, ტრანსკეიში ცხოვრობს და ზულუ, რომელიც ნატალში ბინადრობს. დაახლოებით 1652 წელს ჰოლანდიელებმა სამხრეთ აფრიკაში, კეთილი იმედის კონცხის მახლობლად, ევროპელთა პირველი დასახლება ააგეს, სადაც ინდონეზიაში მიმავალი ან ინდონეზიიდან მომავალი ხომალდები სურსათის მარაგს ივსებდნენ და ავადმყოფ მეზღვაურებს ტოვებდნენ. ჰოლანდიელები მონებს ყიდულობდნენ და, ამასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც ძალდატანებით იყენებდნენ მუშახელად.

ნაპოლეონის ომების დროს, 1792–1815 წლებში, კეთილი იმედის კონცხი ბრიტანელებმა დაიპყრეს. ინგლისურენოვანი ახალმოსახლეები აქ 1820-იანი წლებიდან დასახლდნენ და კოსას ხალხის ნაყოფიერი მიწები ბრძოლის შედეგად მიისაკუთრეს. 1830-იან წლებში ბევრმა ბურმა (ჰოლანდიელმა ახალმოსახლემ) მოისურვა, თვითონვე ემართა თავისი ტერიტორია და მეტი მიწა მოეპოვებინა. ისინი ჩრდილოეთისაკენ გაემართნენ და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო და ტრანსვაალი დააარსეს. ნატალში ზულუსთა ბელადმა შაკამ (1787–1828), რომელსაც ყველა იქაური აფრიკული ტომი ემორჩილებოდა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ბურების შემისევას.

1877 წელს ბრიტანელები შეეცადნენ ტრანსვაალი აეღოთ, მაგრამ 1881 წელს დამარცხდნენ. სისხლისმღვრელი ომის შემდეგ ინგლისელებმა ნატალელი ზულუები დაამარცხეს. ალმასის (1871) და ოქროს (1886) აღმოჩენას ინგლისელებისა (მეთაურის სახელი: სესილ როდსი) და ბურების (მეთაურის სახელი: პაულ კრიუგერი) კონფლიქტი მოჰყვა, ხოლო ამ კონფლიქტს - 1899–1902 წლების ინგლის - ბურების ომი. ინგლისელებმა დაამარცხეს ბურები და დაიპყრეს მათი ტერირორია. სამხრეთ აფრიკა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი (თვითმართველობის მქონე კოლონია) გახდა.[7]

ზულუს ხალხის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ხალხი, როგორც სხვა სამხრეთ აფრიკის ბანტუსენოვანი ეთნოსის ხალხი წარმოიშვნენ აფრიკის ცენტრალური რაიონებიდან მიგრირებული ხალხის და ადგილობრივი მკვიდრი ბუმშენების და ჰოტენტოტების ხალხთა შერევით. გადმოსახლებულები მიწათმოქმედები იყვნენ და იოლად შეავიწროვეს, განდევნეს ბუმშენები და ჰოტენტოტები. გადმოსხლებულებს ცოლებად ადგილობრივი მკვიდრი ქალები მოჰყავდათ და ასე წარმოიშვა ზულუს ეთნოსის ხალხი. XIX საუკუნის დასაწყისში ზულუებმა მათი ბელადის შაკას ხელმაძღვანელობით ჩრდილოეთ ნატალიდან დაიწყეს გადაადგილება სამხრეთ-დასავლეთით. ბრძოლებში გამარჯვების შედეგად შაკამ ჩაატარა სმხედრო რეფორმები, რომელმაც ზულუები აქცია ძლიერ სამხედრო ძალად.

1832 წელს მოხდა ზულუების პირველი შეტაკებები კოლონისტ ბურებთან, ამ უკანასკნელთ მეთაურობდა პიტ რეტიფი.

1842 წელს ნატალი გახდა ბრიტანეთის კოლონია, ხოლო 1878 წელს ინგლისელები თავს დაესხნენ ზულუებს, მაგრამ პირველი ბრძოლები ბრიტანელებმა წააგეს, მაგრამ საბოლოო ბრძოლებში ულუნდთან გაიმარჯვეს და ზულულენდი საბოლოოდ გახადა ბრიტანეთის ტერიტორია.

დაპყრობით ომებთან ერთად მიმდინარეობდა მისიონერული საქმიანობა ამ პროვინციის ეკლესიის ხელმძღვანელობით (ეპისკოპოსი დ.უ. კოლენსო). რმაც მოიტანა შედეგად ზულუს ხალხისათვის დამწერლობის შექმნა და გამოჩნდა ზულუების ენაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი ,,ბიბლია“.

მცხოვრები ხალხი (აფრ. მოსახ. ძირითადი ნაწილი). საერთო რაოდენობა დაახლ. 4,4 მლნ. კაცი (1973, შეფასება) ლაპარაკობენ ზულუს ენაზე. უმრავლესობა ტრად. რწმენების მიმდევარია (ბუნების ძალებისა და წინაპართა კულტი). ნაწილი ბაპტისტია. ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ნაწილი დაქირავებულ შრომას ეწევა ფერმებსა და ევროპელთა პლანტაციებში, მაღაროებსა და სამრეწვ. საწარმოებში.[7]

ზულუს აჯანყება 1906 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ მოწყობილი სახალხო აჯანყება ნატალში (ახლანდ. სამხრ. აფრ. რესპ. პროვინცია). ზულუთა აჯანყების მიზეზი იყო 1906 წელს შემოღებული სულადი გადასახადი ყველა სრულწლოვან მამაკაცზე. აჯანყება გრძელდებოდა მარტიდან ივლისის ჩათვლით. აჯანებულათა წინააღმდეგ გამოიყენეს 5 ათასამდე ინგლისელი და ბური ჯარისკაცი, აგრეთვე მოხალისეები. აჯანყების ჩახშობის დროს მოკლეს 4 ათასამდე ზულუ, მათ შორის აჯანყების მეთაური ბამბატა (ზონდის ტომის ბელადი).

XIX საუკუნეში დასავლეთ აფრიკაში დიდი ომები და არეულობა დაიწყო, ვინაიდან მუსლიმები სახელმწიფოს მართვისა და თავისი რელიგიის გავრცელებისათვის იბრძოდნენ. სამხრეთ აფრიკაში ზულუს ტომის ხალხმა მეზობელ აფრიკულ ჯგუფებს შეუტიეს და დაიპყრეს; შეებრძოლენ ჰოლანდიელებს (ბურებს) და ბრიტანელებსაც, რომლებიც მათ მიწებზე სახლდებოდნენ.

XIX საუკუნის მიწურულს ევროპის სახელმწიფოებმა აფრიკის თითქმის მთელი ტერიტორია დაიპყრეს და დაინაწილეს, მმართველობის, ენის და განათლების ახალი სისტემები შემოიღეს და ქვეყნებს ხელოვნური საზღვრები დაუწესეს, რომლებმაც ერთსა და იმავე ენაზე მოლაპარაკე ხალხები გააცალკევა.[7]

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვაზულუ-ნატალის პროვინციაში ყველაზე ხშირად მოლაპარაკე ენებია ინგლისური და ზულუ. ეს უკანასკნელი იდიომატური ენაა და უამრავი ანდაზა არსებობს ამ ენაზე. ზულუს ენაზე უფროსი ადამიანისთვის სახელით მიმართვა უპატივცემულობაზე მიანიშნებს, ამიტომაც სიტყვები ‘დედა’ (mama) და ‘მამა’ (baba) ხშირად გამოიყენება უფროსებისთვის მისამართად[8].

ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ხალხში სულების ყოველთვის სჯეროდათ, ისინი მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების შემდეგ სულები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. უმველინქანგი (ის, ვინც პირველი მოვიდა) არის სამყაროს შემქმნელი, თუმცა ადამიანების ცხოვრებაში არ ერევა და შესაბამისად არც არავის უნახავს ის. ამიტომაა, რომ ზულუს ხალხს არ აქვს რელიგიური ცერემონიები.

ზულუებში დაბარება ასოცირებულია ღვთის მადლთან და წყალობასთან, რაც დაკავშირებულია ერთ ძველ მითთან: სამყაროს შემქმნელი ფიქრობდა, რომ ხალხი არ უნდა მომკვდარიყო, ამიტომაც გააგზავნა ქამელეონი მათთვის ამის სამცნობად. ქამელეონი ძალიან ნელი იყო, დიდი დისტანციის გავლის შემდეგ დაიღალა და მოუნდა კენკრის ჭამა. კენკრამ უთხრა, რომ მის ამ საქციელს შემქმნელი ვერ დაინახვდა, თუმცა, ქამელეონისდა საუბედუროდ, შემქმნელმა დაინახა და ძალიან გაბრაზდა; დაუძახა ხვლიკს და ხალხისთვის დააბარა, რომ ისინი მოკვდებოდნენ. ხვლიკმაც უმალ დაფარა მთლიანი დისტანცია და მივიდა ხალხთან. დიდი ხნის შემდეგ, ქამელეონმაც მიაღწია და ხალხს უთხრა, რომ ისინი არ მოკვდებოდნენ, თუმცა მხოლოდ რისხვა დაიმსახურა ამისთვის. წლების შემდეგ კი ჩამოყალიბდა რწმენა, რომ ხალხი, რომელიც ბერდებოდა არიან შემქმნელის რჩეულები და მათ აღიქვამენ, როგორც წმინდა არსებებს. ახალგაზრდები ყოველთვის პატივისცემას გამოხატავენ მათდამი, რაც ენობრივ სტრუქტურებშიც გამოიხატება.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრამეტე საუკუნის შუამდე ზულუ მთლიანად იყო დამოკიდებული მებაღეობასა და შინაური საქონლის გამრავლებაზე. მთავარი მოსავალი იყო სიმინდი, ხოლო რქოსანი საქონელი, თხები და შინაური ფრინველები ყველაზე მნიშვნელოვანი შინაური პირუტყვები. დღეს ისინი ჭამე შპინატს, გოგრებს, ლობიოს, კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს, რომლებიც მათ მოჰყავთ და ყიდულობენ. მართალია მათ უყვართ ხორცი, მაგრამ ბევრს არ აქვს მისი ყიდვის საშუალება. სიმინდი, პურის ფქვილი და ბრინჯი არის მათი ძირითადი პროდუქტი.

არსებული ბაღოსნობისა და საბაზრო ეკონომიკის შერევა დამახასიათებელია მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის ადრეული პერიოდისთვის. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც ზულუს ტომმა თავი მოიყარა არასაკმარისად მოსავლიან მიწაზე და ხალხი იძულებული გახდა ემუშავა ფულის სანაცვლოდ, რათა გაესტუმრებინათ გადასახადები. ზულუ ჩაერთო მცირე ვაჭრობაში, როგორც არაფორმალური სექტორის ნაწილი, რათა გაეზარდათ შემოსავალი, რომელიც ოჯახის წევრების ქალაქებში მუშაობით შემოსდიოდათ. ზულუს ტომის რამდენიმე წარმომადგენელი ჩაბმული იყო სერიოზულ კომერციულ აქტივობებში. პროფესიული სამუშაოები არის ეკონომიკის განვითარების მთავარი გზა. მართალია მებაღეობის პრაქტიკა სასოფლო ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ზულუს ძირითადი ნაწილი დამოკიდებული საკვების კომერციულ ბაზარზე. მცირემასშტაბიანი აგროკულტურა წარმოადგენს უბრალო დანამტს ოჯახის ძირითად შემოსავალზე.

ტრადიციულად ზულუს ხალხის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა იყო მებაღეობა, რქოსანი საქონელსა და თხებზე ზრუნვა. თოხი არის მთავარი ინდუსტრიული ხელსაწყო, ასევე საფქვავი ქვა არის სახლის ძირითად ხელსაწყოთა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მისი მნიშვნელობა და აუცილბლობა თანდათან კლებულობს. ისტორიულად, ზულუს ხალხი ჩართულია ნადირობაში. ნადირობისთვის ისინი სხვადასხვა ტრადიციულ იარაღებს იყენებენ.

მასშტაბური ვაჭრობა არასდროს ყოფილა ზულუს კულტურის ტრადიციული ნაწილი. თუმცა, კვაზულუ-ნათალის პროვინცია დღეს მიღწევადია ზღვით, ჰაერით და გზით, ამის მიზეზი კი სწორედ კომერციული ვაჭრობაა.

შრომის გადანაწილება ოჯახში ძირითადად კაცს და ქალს შორის ხდება. ტრადიციულად, მამაკაცი უზრუნველყოფს ოჯახის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, იცავს ოჯახს, ლიდერობს ოჯახის რიტუალურ ცერემონიებს, ეწევა ფიზიკურ შრომას, როგორიცაა საქონლის მწყემსვა, აშენებს კრაალს(ადგილობრივ მკვიდრთა შემოღობილი დასახლება სამხრეთ აფრიკაში), აშენებს ახალ სახლებს. მამაკაცი თავს თვლის ოჯახის მომმარაგებლად, ხოლო ოჯახი თავის სტატუსის დასამკვიდრებლად მუშაობა აუცილებელია. ქალები დღესაც არიან დაკავებული მებაღეობით ზულუს სოფლებში. ქალები მთლიანად ჩართულები არიან სახლის საქმეში: წმენდვა, რეცხვა, ცხობა, წყლის მოტანა და ბავშვი აღზრდა. ქალი ხშირად იწყებს სამსახურს, რათა უზრუნველყოს ოჯახის ეკონომიკური საჭიროებები. თუმცა მან ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ სახლის საქმე ან სამსახურისგან თავისუფალ დროს გააკეთოს ან დაიქირავოს ვინმე ამისთვის.

მთელი მიწა ტომის ტერიტორიაზე არის ბელადის კონტროლის ქვეშ, რომელიც გამოყოფს მიწას როგორც დასახლებისთვის, ისევე დამუშავებისთვის, ოჯახის თავის მოთხოვნისამებრ. ბელადს ჰქონდა სრული ძალაუფლება საგვარეულოში ხალხის გაერთიანებაზე. თუმცა, კოლონიურმა სისტემა მათი როლი შეამცირა და უბრალოდ გადასახადების ამგროვებლად აქცია; წაერთვათ მიწები, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე ფლობდნენ. „ბელადის“ (chief) ტიტული მიუღებელია ტომის ტრადიციულ ლიდერებში, რადგან ის უკვე წარმოადგენს კოლონიური წესების მორჩილების სიმბოლოს, ისევე როგორც „მოხელეს“ (bossboy) სტატუსი სასტიკი რეჟიმისას. მათ ურჩევნიათ იწოდებოდნენ ამაქჰოსებად (მხოლ.: ინქოსი). ხალხი, ვინც მუშაობს ფერმებში თეთრი ფერმერების ზედამხედველობის ქვეშ შეზღუდულნი არიან მოქმედებებში. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ ინდივიდუალური პრაქტიკა აგროკულტურულ საქმეში, რადგან მუშაობენ მუდმივი კონტროლისა და ძალდატანების ქვეშ, რაც ძირითად შემთხვევაში მათ ქირასა და ანაზღაურებას ეხება. ზულუს ურბანული ნაწილის მკვიდრნი ცხოვრობენ ქირის, კერძო საკუთრების და საპროცენტო გადასახადების მუდმივი ზეწოლის ქვეშ.[9]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუნათლებლობის დონე (წერა-კითხვის უცოდინრობა) მაღალი იყო სამხრეთ აფრიკელებში. თუმცა ახალ მმართველობასთან ერთად განათლებამ ნელ-ნელა განვითარება დაიწყო. იქამდე, მშობლები ბავშვებს სკოლაში იმ შემთხვევაში უშვებდნენ, თუ ამის სახსრები გააჩნდათ. სწავლება იწყებოდა 7 წლის ასაკიდან და გრძელდებოდა 24 წლამდე. რადგან განათლება არ იყო სავალდებულო, მოსწავლეებს შეეძლოთ არ ეჩქარათ სწავლის დასრულება. სკოლაში სწავლის დამთავრება მთელი საზოგადოების მიერ იყო და ახლაც არის მიჩნეული მნივნელოვან მიღწევად. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის მშობლები, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, გზავნიდნენ შვილებს კოლეჯში.

განათლება და ბავშვის აღზრდა ზულუს ტომში ერთგვარ ციკლს წარმოადგენს. მშობლები გასცემენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ, რომ აღზარდონ და განათლება მისცენ შვილებს. სამაგიეროდ, შვილები უვლიან მშობლებს და საკუთარ შვილებს, როდესაც მუშაობას იწყებენ. ის, ვინც არღვევს ამ ციკლს მიიჩნევა საზოგადოებისგან გარიყულად, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც დაივიწყა საკუთარი ფესვები.[10]

სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარსულში მხოლოდ კარგ ფიზუკურ კონდიციებში მყოფ მამაკაცებს შეეძლოთ მუშაობა. 1970-იან წლებამდე, განსაკუთრებით სოფლებში, თუ შეგეძლო წერილის გაგზავნდა და პასუხის მიღება, ეს ნიშნავდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი მზად არის წავიდეს და ეძებოს სამუშაო. ამ მომენტში ზულუს ხალხი ასრულებს სასკოლო განათლების მიღებას, ანუ ამთავრებს სკოლას. ზულუს ხალხის აზრით, სამუშაომ უნდა არგოს მომუშავეს მშობლებს, შვილებს, დებსა და ძმებს. მაშასადამე, პირველ ხელფასს(ან მის დიდ ნაწილს), ჩვეულებისამებრ, გადასცემენ მშობლებს დალოცვის სანაცვლოდ.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთი ძალიან პოპულარულია როგორც ბავშვებში, ისევე კაცებში. ბავშვები თავიანთი უფროსი ძმებისგან სწავლობენ თამაშს. როდესაც ბიჭები ერთად მოიყრიან თავს და არ არიან ჩართული საშინაო და სასკოლო საქმეებში, ისინი თამაშობენ ფეხბურთს. ახალგაზრდა ბიჭები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მდინარის მახლობლად ცხოვრობენ, ცურვაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. გოგონები, თუკი სკოლაში არ არიან, დედებს სახლის საქმეებში ეხმარებიან. თუმცა, მათაც შეუძლიათ სხვადასხვა თამაშებით გაირთონ თავი, როდესაც სახლის საქმეებს მოათავებენ. გოგოებში ყველაზე გავრცელებული თამაშია მასიშაიანა/მაპჰაკათი, განსაკუთრებული პოპულარობით სოფელ კვაზულუში სარგებლობს. ორი გოგო დგება ერთმანეთის პირისპირ, არაუმეტეს 50 მეტრის დაშორებით. სხვა გოგო დგება მათ შორის, სახით იმისკენ, ვისაც ტენისის ბურთი უჭირავს. თამაშის იდეაა, გაარტყა ბურთი შუაში მდგომ გოგოს, სანამ ის ცდილობს ამ შეტევების აცილებას. თუ ბურთი ეხება გოგოს ან მის ტანსაცმელს, იგი ტოვებს თამაშს. თუკი გოგო მოახერხებს ათი შეტევის აცილებას, ის იღებს ქულას. ყველაზე მეტი ქულის მფლობელი იგებს თამაშს და იღებს მის სამეგობრო წრეში საუკეთესო მოთამაშის ტიტულს. სპორტი, რომელშიც ორივე სქესის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას არის ესტაფეტა. მას ორგანიზებას იქაური სკოლები უწევენ.[11]

დასვენება და გართობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტუალური ცერემონიები მთელი საზოგადოებისთვის გართობისა და დასვენების საშუალებაა. ზულუს ტომში არ არიგებენ მოსაწვევებს ისეთ შეკრებებზე, სადაც საჭმელს უმასპინძლდებიან დამსწრეებს, როგორც დაბადების დღეებზე ან ქორწილებში. ზულუს ხალხს სწამს, რომ საჭმელი უნდა გაუყო ყველას. ამიტომ დაუპატიჟებელი სტუმრი პატივია მასპინძლისთვის. ეს წვეულებები მოიცავს სიმღერებსა და ცეკვებსაც.

ტელევიზორი საკმაოდ პოპულარულია ურბანული ზულუს ოჯახებში. ტელევიზორის ფლობა ფუფუნებაა ზულუს სოფლებში, რადგან საკმაოდ მცირე სასოფლო ტერიტორიას მიეწოდება ელექტროენერგია. მათ ვისაც აქვთ კინოთეატრში წასვლის სახსრები, ამით ირთობენ თავს. ზულუს ურბანული ნაწილის მოზარდებში პოპულარულია ამერიკული ახალგაზრდული კულტურა, განსაკუთრებით ჩაცმულობა და მუსიკა. ზრდასრულ მაცხოვრებლებში სხვადასხვა მოხალისეობრივი ასოციაციები უზრუნველყოფენ ფინანსურ დახმარებას, გართობასა და დასვენებას.[11]

ხელობა და ჰობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუ, განსაკუთრებით მისი სასოფლო ნაწილი, ცნობილი არის ქსოვით, წვნით, მეთუნეობით, მძივის ასხმის ხელოვნებით. ქალები და ბავშვები წნავენ ყოველდღიური გამოყენების ჭილობს, საცერს და კალათებს საოჯახო მიზნებისთვის. ასევე აკეთებენ დოქებს. კაცები და ბავშვები ხისგან და ძვლებისგან თლიან სხვადასხვა საოჯახო ნივთებს: თავის მისაყრდნობებს, ლანგრებს, ასტამებს, სახლის ჭურჭელს და სკამებს. მძივების ასხმა კონკრეტულად ქალების ხელობაა, რადგან ითვლება, რომ მძივი არის სათქმელის ირიბად გამოთქმის საშუალება.[2]

საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს სასოფლო ნაწილის ეკონომიკა მთლიანად მსხვილ რქოსან საქონელზე და აგროკულტურაზეა დამოკიდებული. შედეგად, ძირითადი კვებითი რაციონი შეიცავს ძროხისა და აგროკულტურულ პროდუქტებს. მათ შორის შემწვარი და მოხარშული ხორცი, ფაფები, ბოსტნეული და ხილი. ზულუს ტრადიციული ლუდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იქაურ საკვებ პროდუქტებში. ეს არის სოციალურად და რიტუალურად მნიშვნელოვანი სასმელი, რომელსაც სვამენ ყველა განსაკუთრებული ამბის აღსანიშნავად.

ერთი ჭურჭლიდან სმა და ჭამა იყო და არის მეგობრობის ნიშანი. ბავშვები ერთი დიდი ჯამიდან ჭამენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ჩვეულება მოდის აზრიდან „გაუზიარე სხვებს რაც გაგაჩნია“, რაც უბუნტუს ფილოსოფიის ნაწილია.[12]

ჩაცმულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ზულუს ხალხი მრავალნაირად იცვამს. აქ ვხვდებით როგორც ტრადიციულ ჩაცმულობას საზეიმო შემთხვევებისთვის, ასევე - თანამედროვე დასავლურ ტანსაცმელს, ყოველდღიური გამოყენებისთვის. ქალების ტანსაცმელი განსხვავდება მათი პირადი ცხოვრების მიხედვით - მარტოხელების, დანიშნულებისა და დაქორწინებულების. მამაკაცებს ეკეთათ ტყავის ქამარი, წინ და უკან დაკიდებული ცხოველის ტყავის ორი ზოლით.[13]

კაცების ტანსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის ზულუს ხალხი მრავალნაირად იცვამს. აქ ვხვდებით როგორც ტრადიციულ ჩაცმულობას საზეიმო შემთხვევებისთვის, ასევე - თანამედროვე დასავლურ ტანსაცმელს, ყოველდღიური გამოყენებისთვის. ქალების ტანსაცმელი განსხვავდება მათი პირადი ცხოვრების მიხედვით - მარტოხელების, დანიშნულებისა და დაქორწინებულების. მამაკაცებს ეკეთათ ტყავის ქამარი, წინ და უკან დაკიდებული ცხოველის ტყავის ორი ზოლით.[14]

ქალების ტანსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ტომის ქალების ჩაცმულობა განსხვავდება მათი ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. ქორწილებისა და დღესასწაულებისთვის ისინი დირაკს იცვამენ. 

დაუქორწინებელი ქალების სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაუქორწინებელი ქალები, რომლებიც „ხელმისაწვდომნი“ არიან, ამაყობენ საკუთარი სხეულის გამოჩენით. ისინი იცვამენ ბალახისგან დამზადებულ მოკლე კაბებს, ან ბამბის ძაფებისგან, რომლებსაც ფერადი მძივებით რთავენ. ზულუს გოგონების ტანსაცმელი ძირითადად მძივებით მორთული და ძალიან ღიაა. მათ ასევე აცვიათ ისიდუაბა, ნაკეცებიანი კაბა, რომელიც ძროხის ტყავისგან მზადდება და ხელით მუშავდება, რომ დარბილდეს. ისიდუაბა ხშირად ქალის მამის სამოსი იყო. 

დანიშნული ქალების სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცზე დანიშნული ქალება უფლებას აძლევენ საკუთარ თავს ტრადიციულად მოკლე თმა გაიზარდონ. მკერდს დეკორატიული ტანსაცმლით იფარავენ, რაც პატივისცემის გამოხატვის ნიშანია მათი მომავალი ქმრისა და მისი ოჯახის მიმართ. 

დაქორწინებული ქალების სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქორწინებული ქალები სრულად იფარავენ სხეულს, რათა დანარჩენ მამაკაცებს მიანიშნონ, რომ დაკავებულები არიან. როდესაც ახალგაზრდა გოგო ქორწინდება, იგი ვალდებულია გარკვეული ფერის მძივები გაიკეთოს თმასა და კაბაზე იმისთვის, რომ მთელმა სოფელმა იცოდეს - მას ქმარი ჰყავს. ტრადიციის მიხედვით მათ თავშალიც უნდა ეკეთოთ. [14]

რწმენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით ზულუს მოსახლეობის უდიდესი ნაწილით თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მათი ძველი სარწმუნოების ღმერთი, უნკულუნკულუ (ზულ. „დიდზე დიდი“), ზეცაში ბინადრობს და იქიდან აქვს ურთიერთობა ადამიანებთან, თუმცა, ითვლება რომ ეს დამოკიდებულება ადრეული ქრისტიანი მისიონრების დამსახურებაა.

თუ რამე მოულოდნელი ხდებოდა, მიდიოდნენ სანგომასთან, სულიერ მკურნალთან, რომ გაეგოთ, იყო თუ არა ეს მოვლენა ჯადოქრობის ბრალი, ან კეთილი სულების განაწყენების. იწყებოდა კუდიანებზე, ჯადოქარ ქალებზე ნადირობა. თუ ჩაითვლებოდა, რომ სული გნაწყენებულია, მას მსხვერპლს სწირავდნენ, თან მის არასწორ დამოკიდებულებას უჩიოდნენ.

მათი წარმოდგენით, სულები ცხოველებში, ტყეებსა და გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ.

ქალის სული ინკოსაზანა პასუხს აგებდა იყო სიმინდის ზრდაზე, ამიტომ გაზაფხულობით მას დიდი ზარზეიმით ელოდნენ.

ზულუს ტომის ხალხს ასევე სჯერა, რომ აუცილებლად უნდა ახსოვდეთ თავიანთ წინაპრები. წინააღმდეგ შემთხვევაში წინაპრები ეცდებიან ოჯახზე უბედურების მოტანით თავი შეახსენონ და დაამახსოვრონ მათ.[15]

ცრურწმენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ხალხი უფრთხის ამ ბუნებრივ მოვლენას. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ზაფხულის თვეებში მათ ტერიტორიებზე ხშირი მძიმე წვიმების ბრალია. სულებს ნებად ითვლება, თუ რომელიმე ადამიანს ან ცხოველს მეხი დაარტყამს. ადამიანს, რომელსაც მეხი დაარტყამს, არ გლოვობენ და არც საზეიმოდ კრძალავენ. პირუტყვის შემთხვევაში - მას არ ჭამენ, არამედ მარხავენ. მეხდარტყმულ ხეს კი არაფრისთვის არ იყენებენ.

ზულუს ტომის მამაკაცები მოსალოდნელი ქარიშხლის წინ პირუტყვთა ადგილსამყოფელში გადის, ურტყამთ თავის ფარს, წვავს ბალახს და უხმობს სულებს, რომ დაიცვან მისი საქონელი.

ისივივანე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუაზულუ-ნატალის პროვინციის ტერიტორიაზე ხშირად ვხვდებით დიდ ქვის ლოდევს, სხვადასხვა ადგილას. ისივივანის დანიშნულებაა მადლობა გადაუხადონ სულებს მგზავრობის მშვიდობიანად ჩავლისთვის. ქვას იღებენ მარცხენა ფეხით, გადააქვთ მარჯვენა ხელში, აფურთხებენ და ათავსებენ დანარჩენი ქვების გროვაში. 

ტოკოლეშე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოკოლეშე არის ზულუს ხალხის დამფრთხობი ინდივიდი. იგი მათ კულტურაში ზომბის ეკვივალენტურია. თქმულების თანახმად, ტოკოლეშეს ქმნიდნენ ჯადოქრები: ისინი იღებდნენ გვამს, სთხრიდნენ მას თვალებს, აჭრიდნენ ენას და დებდნენ გავარვარებულ წითელ კვერთხს მის თავის ქალაში, რისშედეგადაც იგი პატარა ბავშის ზომამდე მცირდებოდა. მის პირში ჯადოსნური ფხვნილის შეყრით, გვამი ცოცხლებოდა მისი მბრძანებლის მონად.[16]

ჯადოქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუებს არ სჯერთ ბედისწერის და ფიქრობენ, რომ ყველა მოვლენა რაღაც მიზანს ემსახურება. ცუდი მოლენები უდავოდ კუდიანების ბრალია და ისინი უნდა ამხილონ და წამებით დაისაჯონ, ტომის კეთილდღეობისთვის. ბრალდებულები კი იშვიათად არიან ამის წინააღმდეგი, რადგან ფიქრობენ, რომ მათი სული შეპყრობილი იყო მათი ცოდნის გარეშე.

არამარტო თავად ბრალდებულს, მთელ მის ოჯახსაც ხოცავდნენ და მათ ქონებას უფროსს გადასცემდნენ. გადაჭარბებულად დიდი ქონება საფრთხეს უქმნიდა ადამიანს, თავად გამხდარიყო მომავალში ბრალდებული, ამიტომ, სიღარიბე უფო ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია იყო.

ინიანგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინიანგა ზულების ჯადოქარ ექიმად ითვლებოდა, რომელიც რეალურად მცენარეულ წამლებს ამზდებდა და ამით კურნავდა ტომს. ინიანგა ასწავლის თავის შვილს ყველაფერს რაც იცის, ასე გადაეცემა ცოდნა თაობიდან თაობას.

სამკურნალოდ იყენებ როგორც მცენარეების, ასევე ცხოველების ნაწილებს. ზულუებს დიდი მანძილის გავლა უწევთ ინიანგასთან შესახვედრად. დღეს მათი მოსახლეობის 80% კლავ მათთან მიდის კონსულტაციისთვის.

წამლებთან ერთად იგი ქმნის დაუკმაყოფილებელი სასიყვარულო ცხოვრების „სამკურნალო“ საშუალებებსა და ელვისგან დამცავებს.

სანგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ინიანგა ფიზიკურ დაავადებებს მკურნალობს, სანგომა ფსიქიკურ სამყაროსთანაა კავშირში. სანგომას ევალება დაადგინოს ცუდი მოვლენების მიზეზი, დაიცვას ტომი ავი სულებისგან და ამხილოს ასოციალური ინდივიდები.

ძველ დროებში ვარჯიშს დაახლოებით 25 წელი სჭირდებოდა. დღეს სწავლის დრო 5-დან 7 წლამდე მერყეობს, ქალაქებში - მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება. ამის გარდა, სანგომა შეიძლება უბრალო ადამიანივით ცხოვრობდეს და ჰქონდეს მეორე, ჩვეულებრივი სამსახურიც.[17]

დაკრძალვის წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუების მთავარი იმარხებოდა მჯდომარე პოზიციაში თავის კრაალში, იმავე დღეს მოკლული შავი ხარის კანში ჩასმული. თუ მეთაური სხვაგან მოკვდებოდა, იღებდნენ კამეჩის მოგლეჯილი ხის მცირე ზომის ტოტს და მიჰქონათ იმ ადგილას. აქ მეთაურის სული სახლდებოდა ტოტში, ტოტი ძალიან მშვიდად გადაჰქონდათ, რომ სული არ დაკარგულიყო. ჩამოტანის შემდეგ, ტოტს კრაალში ჭამდნენ. მსგავსი პროცედურა სრულდებოდა კრაალის ადგილსამყოფელის გადატანის დროს.

ტომის დანარჩენ წევრებს ხშირად ველურ გარემოში ტოვებენ, ცხოველების საჭმელად. ზულუებისთვის მნიშვნელოვანია სული და არა - სხეული.[18]

შერკინება კეტებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცთა შორის უთანხმოებებს საჯაროდ არჩევენ, ხშირად, ზეიმებზე. მსაჯი აკონტროლებს შეტაკებას, რომელსაც ძალიან მკაცრი წესები აქვს.

მათ აღჭურვილობას შეადგენს: პატარა გამოთლილი კომბალი მარჯვენა ხელში და პატარა ფარი და ჯოხი მარცხენა ხელში, დარტყმების თავიდან ასაცილებლად. ცდილობენ არ გაფიცხდნენ, მათი დამოკიდებულება გაკონტროლებული უნდა იყოს, ერთმანეთს უყურებენ თვალებში და აკრძალული აქვთ ერთმანეთისთვის ჭრილობების მიყენება. დარტმყები მიმართულია თავსა და მუხლებში.

სისხლის გამოჩენისთანავე ორთაბრძოლა სრულდება. გამარჯვებული იხრება დამარცხებულისკენ და „ცუდ სისხლს“ ივიწყებენ.

პატარა ბიჭებს ბავშვობიდან ასწავლიან კეტებით შერკინებას. მზადების პროცესი პატარა ჯოხებით მიმდინარეობს. დიდების ჯოხებს. კომბლებს, მათ 15 წლის ასაკში აძლევენ.[19]

ცეკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარის ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ცეკვა წარმოიშვა მაღაროების საერთო საცხოვრებლების ვიწრო ტერიტორიებზე. ცეკვის სახელი მომდინარეობს მისი შესრულების სპეციფიკისგან: ადამიანები ცდილობენ ხარის იმიტირებას, ხელების ჰაერში ტრიალითა და ფეხების ხმამაღალი ბაკუნით. სოფლებში პატარა გოგოებს ცეკვის საკუთარი ვერსიებიც აქვთ შემუშავებული.

ნადირობის ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ცეკვა ნადირობის იმიტაციაა, რომელიც სიმამაცეს მოითხოვს. ცეკვა სრულდება ჯოხებით, შუბების ნაცვლად, რათა თავი აარიდონ დაზიანებებს. იგი სრულდებოდა ნადირობის წინ. გოგოები ცეკვავენ ნადირობის ცეკვის თავისებურ ვერსიას, რომელიც მიზნად ისახავდა ნადირობიდან დაბრუნებული მამაკაცების შეგებებას.

პატარა ფარის ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღდება შაკას პერიოდიდან. ეს არის რიტმული ცეკვა, სამხედრო გაერთიანების გასამხნევებლად. დღეს სამეფო ზეიმების დროს სრულდება.

ასეთივე ცეკვაა უმგჰუბო, რომელიც შუბებისა და ფარების თანხლებით სრულდება.

უმქჰოგოიოს შესრულებისას ძლიერად აცახცახებენ სხეულის ზედა ნაწილს.

უბჰეკუზო არის ნაკადების ცვლა, კაცები იცვლიან პოზიციას წინ და უკან, მაყურებლისაკენ და მათ საპირისპიროდ, ტალღისებურად. ცეკვა სრულდება იმით, რომ მამაკაცები თავიანთი წინსაფრების უკანა მხარეს მაღლა წევენ, რითაც აჩენენ თეძოებს.

მოცეკვავეები გველებივით იკლაკნებიან უნისონში და მღერიან უმჩუაიოს დროს.

უმგჰებულოს ცეკვის დროს გვიჩნდება წარმოდგენა, რომ მოცეკვავეები ცის ჩამოწევას და უჩინარი კიბით ზემოთ ასვლას ცდილობენ.

ილიკომბა არის გრაციოზული ცეკვა სხეულის ზედა ნაწილის რიტმული მოძრაობებით, გრძელ ჯოხზე ქანაობის თანხლებით.[20]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ხალხს ძალიან მკაცრად სწამს მათი წინაპრების სიძლიერის. მათი კოსმოლოგია გამოიხატება ღმერთის სხვადასხვა ფორმებით. უმველინგქანგი (კაცი ღმერთი, რომელმაც შექმნა სიცოცხლე) უნომკჰუბულვანო (ქალი ღმერთი, რომელიც ამარაგებს საკვებით, განსაკუთრებით კარგი მოსავლების საშუალებით) და ღმერთი რომელიც აკონტროლებს ამინდს განსაკუთრებით ჭექა-ქუხილს. მათ კოსმოლოგიაში ასევე შედიან წინაპრები, რომლებსაც შეიძლება პოზიტიური გავლენა ჰქონდეთ მათი ოჯახების ცხოვრებაზე. ზულუს კოსმოლოგია ასევე მოიცავს ბუნების სიძლიერეს, კონკრეტულად კი - სამკურნალო მცენარეები და ცხოველები, შეუძლიათ გამოიყენონ რათა გააკეთო უმუტი (წამალი), რომელსაც შემდეგ გამოიყენებენ ადამიანებზე პოზიტიურად ან ნეგატიურად. ასეთი მედიცინური მკურნალობები ძირითადად გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში.  

წინაპრების სულები არის მნიშვნელოვანი ცნება ზულუს ხალხის რელიგიურ ცხოვრებაში. წინაპრებისთვის არის განკუთვნილი ძღვენი და შესაწირი, რაც ხალხს მოუტანს უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. წინაპრების სულები სამყაროს უბრუნდებიან სიზმრების, ავადმყოფობისა და ხანდახან გველების სახით. ზულუს ასევე მაგიის გამოყენების სჯერათ. ყველაფერი, რაც მათ არ გაეგებათ, როგორიც არის მაგალითად უიღბლობა და ავადმყოფობა, მათთვის გამოგზავნილი არის ბოროტი სულის მიერ. როდესაც ასეთი მდგომარეობა დგება, მაშინ მოუხმობენ წინასწარმეტყველს ან ჰერბალისტს. შემდეგ იგი კავშირს დაამყარებს წინაპრებთან ან ბუნებრივი მცენარეებისა და ლოცვების საშუალებით მოიცილებს ამ პრობლემას.

კოლონიალიზმის გავლენით ბევრი ზულუ გაქრისტიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არიან ქრისტიანობაზე გადასულნი მემკვიდრული რწმენები ჯერ კიდევ არ გამქრალა. ადგილი აქვს ტრადიციული რწმენებისა და ქრისტიანობის ნაზავს. ასეთი რელიგია განსაკუთრებით გავრცელებული არის ქალაქის მოსახლეობაში. ასევე არიან რადიკალური შეხედულების ქრისტიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წინაპრების მოძველებული რელიგია არის ცოდვა.

სიკვდილი ზულუს ხალხში აღიქმება, როგორც საშინელი დანაკლისი. ავადმყოფობით სიკვდილი და „სისხლის დაღვრა“ სხვანაირად განიხილება. „სისხლის დაღვრა“ გულისხმობს სიკვდილს შემთხვევითობით ან მკვლელობით. ასეთ დროს მედიცინური განკურნვა აუცილებელი საჭიროებაა დაკრძალვის დროს, რათა დამთავრდეს ასეთი უბედურება (უკუვალა უმკოკჰა). საერთოდ სიკვდილი მიღებული არის, როგორც დაბინძურება და მსგავსი რიტუალებითა და ცერემონიებით ცდილობენ გაწმინდონ ეს მოვლენა. ეს რიტუალები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რათა გარდაცვლილები გადაიყვანონ შემდეგ სამყაროში.[21]

მნიშვნელოვანი დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუ იზიარებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაციონალურ დღესასწაულებს, ასევე ზულუს ხალხი ყოველ წელს, სექტემბერში აღნიშნავს შაკას დღეს. დღესასწაულზე მსხვერპლად სწირავენ მსხვილ რქოსან საქონელს, რათა აღნიშნონ ზულუს სამეფოს დამაარსებლისადმი მიძღვნილი დღესასწაული და ამით მისდამი პატივისცემა გამოხატონ. ამ მნიშვნელოვან დღეს ზულუს ხალხს აცვია თავიანთი ტრადიციული ტანსაცმელი და იკრიბებიან შაკას საფლავთან, კვადუკუზაში. ეს არის ძალიან მრავალფეროვანი დღე, რომელსაც ესწრებიან ორივე ნაციონალური და ინტერნაციონალური წარჩინებულები, ვინც წარმოადგენენ თავიანთ მთავრობებს. იზიმბონგები სიმღერით ადიდებენ ზულუს მეფეებს შაკადან დაწყებული დამთავრებული ახლანდელ მეფემდე - ზველითინი.[22]

პასაჟის რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ხალხში: დაბადება, სქესობრივი მომწიფება, ქორწინება და სიკვდილი ყველა აღინიშნება ცხოველების მსხვერპლშეწირვით, რომელიც განკუთვნილი არის წინაპრებისათვის. დაბადებასა და სქესობრივ მომწიფებას განსაკუთრებით აღნიშნავენ. ზულუს ტრადიციების მიხედვით უშვილობა ან მხოლოდ გოგოების გაჩენა არის ყველაზე დიდი უბედურება. არცერთი ქორწინება არ არის პერმანენტული სანამ ბავშვი, განსაკუთრებით კი ბიჭი, არ დაიბადება.

სქესობრივი მომწიფების ცერემონია (უმემულო) არის გადასვლა ზრდასრულობაში. დღესდღეობით იგი მხოლოდ გოგოებისთვის ტარდება. ეს ცერემონია მოიცავს გარკვეული დროით გამოცალკევებას სხვა ადამიანებისგან, რათა აღინიშნოს გადასვლა ახალგაზრდობიდან ზრდასრულობაში. შემდეგ ამ პროცესის აღდგენა გრძელდება ისევ მსხვერპლთშეწირვებით, ცეკვებითა და ნადიმით.   ცერემონიის შემდეგ გოგო უკვე მზად არის ქორწინებისთვის. შემდეგ რომანტიკული განზრახვების დღეები იწყება. გოგოს შეუძლია ინიციატივა გამოიჩინოს და ერთგვარი სასიყვარულო წერილი გაუგზავნოს იმ ახალგაზრდას, რომელიც მის მოწონებას დაიმსახურებს. ზულუს სასიყვარულო წერილები გაკეთებული აის მძივებისგან. სხვადასხვა ფერებს თავისი მნიშვნელობა აქვთ, ასევე სხვადასხვა კომბინაციები გარკვეულ აზრს გადმოსცემენ.

პარტნიორის არჩევა იწყება მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კაცი ეწვევა ან წერილს მისწერს ქალს, რათა გააგებინოს თუ როგორ უყვარს. როდესაც ქალი გადაწყვეტს, რომ მას უყვარს ეს კაცი მაშინ შეუძლია მანაც უთხრას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეთანხმდებიან, რომ მათ ერთმანეთი უყვართ, წყვილს შეუძლია საჯაროდ იყვნენ ერთად. მშობლები მხოლოდ მაშინ იგებენ ურთიერთობის შესახებ, როდესაც მამაკაცი მათ ეტყვის, რომ მათი შვილის ცოლად შერთვა სურს.[23]

ურთერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს მებრძოლური ბუნების კონტრასტულად ზულუ ძალიან მეგობრული ხალხია. უბუნტუ ( რაც ნიშნავს ადამიანურობას, კარგ მორალსა და კარგ განწყობას) განსაზღვრავს ზულუს ყოველდღიურობას. ეს ცნება მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი სხვა სახეობებზე მაღლა დგას. უბუნტუზე მრავალი გამონათქვამი არის დაწერილი. ეს ანდაზები ეხება იმას თუ, როგორ უნდა მოვექცეთ სხვა ადამიანებს, კარგ და ცუდ ქცევას, სიამაყეს, უმადურობას, ცუდ მანერებს, მორალურ დეგენერაციას, ქედმაღლობას, სისასტიკეს, სიჯიუტეს, ფარისევლობას, სხვების დახმარებას და ა. შ.

სავუბონა“ საკმარისი მისალმებაა უცხოებისათვის, მაგრამ ნაცნობი ხალხისთვის ფორმალური მისალმება უფრო შესაფერისია. ფორმალური მისალმება გულისხმობს ხელის სამჯერ ჩამორთმევას და თან ადამიანის და მისი ახლობლების კარგად ყოფნის გამოკითხვას. დამშვიდობება მოიცავს სტანდარტულ „სალა/ნისალე კაჰლე“ (დარჩი კარგად) მეორე პირი კი პასუხობს, „უჰამბე/ნიჰამბე კაჰლე“ (წადი კარგად). ჩვეულებისამებრ ახალგაზრდები და უმცროსები გამოხატავენ მისალმების ინიციატივას, როდესაც ხვდებიან უფროსებსა და მოხუცებს.[24]

ცხოვრებისეული მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკაში ცხოვრებისეულ მდგომარეობას ვერ გამოვყოფთ იქ არსებული პოლიტიკისაგან. მათი მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც სხვა შავკანიანების მდგომარეობა. ზულუს ისეთ არა ურბანულ დასახლებებში არ აქვთ ზოგადად საჭირო სერვისები, როგორიც არის ელექტროენერგია, სუფთა წყალი, ტრანსპორტი, ფორმალური საცხოვრებლები თუ საავადმყოფოები. ზულუს ურბანული მოსახლეობა ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ შავ გარეუბნებში ინდუსტრიული ქალაქების შემოგარენში. მათი მდგომარეობა შედარებით უკეთესია ვიდრე ზულუს სასოფლო დასახლება. ისინი ქმნიან ზულუს საშუალო კლასს და მათი ცხოვრება დიდად არ განსხვავდება სხვა დასავლელი მოქალაქეებისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ სასოფლო ადგილობრივ შავ სკოლებში განათლების დონე დაბალია, აქ მცხოვრები ხალხი არ არის მომზადებული იმისთვის, რომ წავიდეს ურბანულ არეებში და იქ უკეთესი ცხოვრება ნახოს. თუ ისინი მიგრაციას მოახდენენ, მაშინ აღმოჩნდებიან ქალაქების ღარიბ არეებში.     

ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზულუს ოჯახის აღმნიშვნელი სიტყვა (უმნდენი) მოიცავ ყველა ადამიანს, რომლებიც იზიარებენ საცხოვრებელ ადგილს და ერთმანეთთან კავშირი აქვთ. ეს კავშირი იქნება ნათესაობრივი, ქორწინებით კავშირი თუ შვილად აყვანის კავშირი. არაურბანული სახლები ძირითადად შედგებიან გაფართოებული ოჯახებისგან. ძმები თავიანთ ცოლებთან, დებთან, შვილებთან, მშობლებთან და მშობლების მშობლებთან ყველანი ერთად ერთ სახლში შეიძლება ცხოვრობდნენ. პატივისცემის გამოსახატავად მშობლებსა და მოხუცებს გვარით მიმართავენ და არა სახელებით. ოჯახს განაგებ ენ უფროსები. დაუქორწინებელ ქალთათვის შვილების ყოლა რაოდენობრივად იმატებენ კვაზულუ-ნატალში. მარტოსული დედები ძირითადად რჩებიან თავიანთ მატრილინიარულ ნათესავებთან და მათი შვილებიც მატრილინიარულ იდენტობას იძენენ.    

ზულუს ოჯახი პატრიარქალურია კაცი არის ოჯახის თავი და მთავარი ავტორიტეტი. ჩვეულებრივი არ არის რომ კაც იმდენი პარტნიორი ყავდეს რამდენიც უნდა, თუ მათ აქვთ ამის საშუალება, მაშინ მათ შეუძლიათ ყავდეთ ერთზე მეტი ცოლი, როცა გადაწყვეტენ ქორწილს. ტრადიციულად ქალები არ გადიოდნენ გარეთ სამუშაოდ, რადგან ეს კაცის პასუხისმგებლობა იყო. დღესდღეობით ქალების სტატუსი მაღლდება, რადგან უფრო მეტი ქალი იღებს განათლებას.

ზულუს ხალხში მონოგამიური ქორწინება გავრცელებული არის მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად პოლიგამია იყო. ამჟამად პოლიგამია ისევ გავრცელებულია კვაზულუ-ნატალში. ქორწინების შემდგომი დროის საცხოვრებელი ადგილი პატრილოკალურია. ქალს ყოველდღიურ კომუნიკაციაში მიმართავენ მისი სახელით ან მამამისის გვარით, რომელსაც დამატებული აქვს პრეფიქსი-მა. ბავშვები მიეკუთვნებიან მამის ხაზს. ზულუს ხალხის აფასებს ქორწინებას და მისი პროცესი მოიცავს ძვირადღირებულ გაცვლას პატარძალსა და სიმდიდრეს შორის, რის გამოც დაშორებები ძალიან რთული პროცესი ხდება.

მემკვიდრეობითი ქონებაც ასევე პატრილინიალურია. ისეთი მნიშვნელოვანი პოზიციები, როგორიც არის „ბელადობა“ მემკვიდრეობით გადადის პირველ დაბადებულზე.

ბავშვები სოციალიზდებიან შრომის გაყოფის ფაქტთან ერთად, რაც ქალებს ასოცირებს იმ საქმესთან, რაც სახლში ხდება, ხოლო კაცები ხელმძღვანელობენ ეკონომიკას, სახლის გარე და საჯარო საკითხებს. სკოლა მთლიანად მოიცავს გოგოებისა და ბიჭების ცხოვრებას.[25][26]

ზულუს ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური მოღვაწეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნკოსაზანა დლამინი-ზუმა - პოლიტიკოსი და აპართეიდის წევრი, აფრიკული კავშირის წევრი. კრედო მუტვა ვუსამაზულუ - ზულუსების სასულიერო ლიდერი. პიქსლი კა ისაკა სემე - აფრიკის ეროვნული კონგრესის დამაარსებელი და პირველი შავკანიანი იურისტი სამხრეთ აფრიკაში. ჯეიკობ ზუმა - სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1999-2005 წწ., ქვეყნის მმართველი პარტიის აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი 2007 წლის 18 დეკემბრიდან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი 2009 წლიდან. ალბერტ ლუთული - აფრიკელთა ნაციონალური კონგრესის პრეზიდენტი და პირველი სამხრეთ აფრიკელი ნობელის ლაურეატი მშვიდობის დარგში.  მეფე შაკა კა შენზანგახონა - სულუს სახელმწიფოს დამაარსებელი და მხედართმთავარი.

პრინცესა კონსტანცა მაგოგო სიბილილე მანტიტჰი ნგანგენზინიე კადინუზულუ, არტისტი და ზულუს პრინცესა

ჯონ ლანგალიბალელე დუბე, აფრიკული ეროვნული კონგრესის პირველი პრეზიდენტი, ოჰლანგის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და განმანათლებელი

მანგოსუთჰუ ბუთელეზი, ინკათას თავისუფალი პარტიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

ბენ ნგუბანე, კვაზულუ-ნატალის ყოფილი პრემიერი

ჯეფ რადებე, დაგეგმვის, პერფორმანსის, მონიტორინგის, შეფასების და ადმინისტრაციის მინისტრი

ბლეიდ ნზიმანდე, უმაღლესი განათლების მინისტრი

მალუსი გიგაბა, შინაგან საქმეთა მინისტრი

ნათჰი მტეთჰვა, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრი

სიბუსისო ნდებელე, გამოსწორებითი სერვისების ყოფილი მინისტრი და კვაზული-ნატალის პრემიერი

ზანელე კამაგზავა-მსიბი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრი, ნაციონალური თავისუფალი მარტიის დამაარსებელი

აკადემიური პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორი ნჯაბულო ნდებელე, კეიპ ტაუნის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-კანცლერი და მწერალი

სპორტული ფიგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტორ ხუმალო, ფეხბურთელი

ლუკას რადებე, ფეხბურთელი

სამკელო რადებე, პარაოლიმპიურო მორბელი და ოქროს მედლის მფლობელი

სიფივე ჩაბალალა, ფეხბურთელი (მას ეკუთვნის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი პირველი გოლი)[27][28]

ფილმი ზულუზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა საი ენფილმდმა გადაიღო ფილმი "ზულუ". ფილმში აღწერილია 1879 წლის ანგლო-ბურების დაპირისპირება. ფილმმა 1965 წელს მიიღო ბრიტანული კინო-აკადემიის უმაღლესი ჯილდო. ფილმში მთავარ როლში არის ამერიკული კინოს აკადემიის გამარჯვებული, ბრიტანელი მსახიობი მაიკლ კეინი.[29]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. 2.0 2.1 [2]
  3. [3][4][5]
  4. [6][7][8]
  5. [9]
  6. [10][11]
  7. 7.0 7.1 7.2 Oxford Children's Encyclopedia. (n.d.).Page 52. Africa. African history.
  8. [12]
  9. Gz-EI&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjn3c-lhODNAhVElSwKHZqaBAIQ6AEIbTAS#v=onepage&q=zulu economy&f=false Economy
  10. [13]
  11. 11.0 11.1 [14]
  12. [15]
  13. [16]
  14. 14.0 14.1 Gleimius, N., Sibanyoni, E., & Mthimunye, E. (2003). The Zulu of Africa. Minneapolis: Lerner Publications. https://books.google.ge/books?id=UPFIcbMr1Y4C&pg=PT23&lpg=PT23&dq=zulu economy&source=bl&ots=zbKQLsaUU6&sig=i9ysA0GnJQJ0gLGTyfOCOTGz-EI&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjn3c-lhODNAhVElSwKHZqaBAIQ6AEIbTAS#v=onepage&q=zulu economy&f=false
  15. [17]
  16. [18]
  17. [19]
  18. [20]
  19. [21]
  20. [22]
  21. [23]
  22. [24]
  23. [25]
  24. [26]
  25. [27]
  26. [28]
  27. [29]
  28. [30]
  29. [31]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზულუ&oldid=3476357“-დან