ზემო არტანის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო არტანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანის ჩრდილოეთით, მდინარეების ივრისა და საყდრისხევის შესართავთან, ნასოფლარ ყვარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება XIX საუკუნეს. ეკლესია გეგმით ეგრეთ წოდებული „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა, ნაშენია ნატეხი ქვის ირეგურალური წყობით. კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი სუფთად დამუშავებული შირიმის ქვითაა ნაწყობი. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გუმბათისა და სამხრეთის მკლავის კამარის უმეტესი ნაწილი, ჩამოშლილია ლავგარდანი და აქა-იქ საპირე წყობა. ერთადერთი, საკმაოდ ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელი გაჭრილია დასავლეთის მკლავის ღერძზე. ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის თანაბარი სიღრმის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აღმოსავლეთის მკლავს აღმოსავლეთიდან შეერთვის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც მკლავის სივრციდან გამოიყოფა ორი განიერი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღით. აფსიდის ღერძზე ერთი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებშია.

ამ სარკმლების ქვემოთ გაჭრილია საკმაოდ განიერი, პარალელურწირთხლებიანი თითო სარკმელი. აღმოსავლეთ სარკმლის ორივე მხარეს, აფსიდის კიდეებში, თითო თაღოვანი ნიშია. ჯვრის ოთხივე მკლავი ცილინდრული კამარითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები. აფრებს ზემოთ, ყელის საფუძველს, ირგვლივ თაროსებრი სარტყელი გასდევს. დაბალი პროპორციების გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ ღერძული და ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგი ყრუა. ეკლესიის სივრცის შინაგანი სტრუქტურა გარეთა მასებშიცაა გამოვლენილი. აფსიდი გარედან შვიდწახნაგოვანია და დამოუკიდებელი სახურავი ჰქონია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე, კიდეებთან, დაახლოებით 2 მეტრ სიმაღლის თითო სადა პილასტრია, რომელთაც შირიმის თაროსებრი კაპიტელები აგვირგვინებს. თითო მსგავსი, მაგრამ გაცილებით მძლავრი პილასტრი აუყვება დასავლეთის შესასვლელის გვერდებსაც. ამჟამად მათი ზედა ნაწილები მონგრეულია. ეკლესიის ფასადები დასრულებულია შირიმის თაროსებრი ლავგარდნით, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე ქვაღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]