ზებულონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ზებულონი“

ავტორი ჯემალ ქარჩხაძე
გარეკანის მხატვარი ზ. დეისაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი, ფილოსოფიური რომანი, მაგიური რეალიზმი
გამომცემელი ნაკადული
გამოცემის თარიღი 1988
მედია მაგარი ყდა
გვერდი 324

„ზებულონი“ — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის ისტორიული რომანი. იგი პირველად გამოქვეყნდა 1988 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ.[1] ზებულონს ახასიათებს კლასიკური თხრობის სტილი, რაც ნებისმიერ მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელია. რომანში ხშირია როგორც მაგიური, ასევე ფენტეზის ელემენტები. ნაწარმოებში მოქმედება გამოგონილ პერიოდში მიმდინარეობს და ამ მოვლენით რომანი ჟანრობრივად ალტერნატიულ ისტორიას უახლოვდება.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში განვითარებული მოქმედებების ზუსტი პერიოდი უცნობია, თუმცა საგულისხმოა, რომ პერსონაჟებს აქვთ წიგნები, რაც სტამბის არსებობას ამტკიცებს, საქართველო კი ირანის მორჩილების ქვეშ არის. რომანში, პერსონაჟების უმეტესობა გამოგონილია, მათ შორის ზებულონიც.

ავტორს, ზებულონის პროტოტიპად, შესაძლებელია ტარიელი ჰყავდა წარმოდგენილი, რადგან მრავალმხირვ ჰგავს მას. ორივე შესანიშნავი მებრძოლია და არცერთს შორდება ენით აღუწერელი დარდი, რაც არაერთი სიძნელის გადალახვისა და სიყვარულის დაკარგვისაგან მოსდევთ.

გარკვეულ ადგილებში, თითქმის იდენტურია მათი მდგომარეობა. ორივეს ჰყავს გულის სწორი და ორივეს ნესტანი ჰქვია. ორივენი წყლის პირს ისხდნენ, როცა მეფის ამალა გადაეყარათ. ორივენი შეებნენ მხეცს, ტარიელი — ვეფხვს, ზებულონი კი უზარმაზარ დათვს, რაც მათ მსგავსებაზე დამაფიქრებელია.

წიგნის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი იწყება ზებულონის სიკვდილთან შეყრისას. „ცისფერი სიკვდილი“ მას უვნებლად დატოვებს და მათ შორის უფსკრული წარმოიქმენბა, რადგან ზებულონის სააქაოს გაცლა ნაადრევია.

შურისძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორია კი იწყება ზებულონის ბავშვობიდან. მას გარშემო ახვევია მზრუნველი მშობლები, ბრძენი ბიძია და ორი ნაგაზი, რომლებიც მონადირეებად დაზარდა. ზებულონის სოფელში, წყაროსთვალში გავრცელებული იყო მითები იოველ ბატონიშვილზე, რომელმაც დათმო სამეფო ტახტი და მოგზაურობას, კულტურების შესწავლას მიჰყო ხელი. იოველ ბატონიშვილი, ზებულონისთვის ზღაპრული გმირი, მზეჭაბუკი იყო, არაერთი თავგადასავალი რომ გადახდენია თავს.

ერთხელაც, სოფელში ხმა დაიძრება, რომ იოველ ბატონიშვილი წყაროსთვალში მოდის ზებულონის მამასთან, ისახართან. ისახარის ოჯახი, ასე თუ ისე შეძლებული იყო თანასოფლელებთან შედარებით, თუმცა არც ისინი ყოფილან მდიდარნი. საქმე ისე დალაგდება, რომ იოველ ბატონიშვილი ზებულონს თავისთან მოუხმობს, სასწავლებელში და მთელი ოჯახი შეთანხმდება, რომ ზებულონი გაუშვან, მაგრამ წასვლის წინა დღეს, ისახარს დაროაშვილები მოკლავენ. ზებულონი შურის საძიებლად გაექანება და რამდენიმე დღის ძიების შემდეგ, გამოქვაბულში ამოხოცავს დაროაშვილებს. იოველ ბატონიშვილთან წასვლა კი შორეულ ოცნებადღა რჩება. სოფელში დაბრუნებულს თანასოფლელები უფრთხიან, მალე კი დედაც გარდაეცვლება და ეულად რჩება. ბოლოს, იოველ ბატონიშვილთან გადაწყვეტს წასვლას და დატოვებს მშობლიურ აკვანს.

სიყვარული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დატოვებს თუ არა სოფელს, იოველ ბატონიშვილისკენ გაემართება, მაგრამ ხვდება, მას იქ აღარ მიესვლება. განერიდება სასწავლებელს და წყლის პირას ჩამოჯდება, როცა მანუჩარ ბატონიშვილს, მეფეს შეხვდება, ამალიანად. ზებულონი, მანუჩარ ბატონიშვილის მხედართმთავარ ბექა ამილახვარს ორთაბრძოლაში გამოიწვევს და დამარცხდება. მიუხედავად მარცხისა, ამილახვარი შეაქებს მას და მეფის რჩეულთა ჯარშიც მიიღებენ, სადაც ხუთ წელს დაჰყოფს და არაერთხელ გამოიჩენს ვაჟკაცობას.

როცა მეფეს, მანუჩარ ბატონიშვილს შაჰი გაიწვევს ისაპაჰანს და იგი იძულებულია ეახლოს შაჰს. ზებულონს კი იესე ერისთავთან გზავნიან, მამულისა და ბინადრების მოსავლელად. თავიდან ბრძოლის ჟინით იწვის ზებულონი, ხმლის ტრიალი სწადია, თუმცა მალე მიეჩვევა ასეთ ყოფას და იესე ერისთავის შვილიშვილი, ნესტანი უყვარდება. მას შემდეგ ზებულონს არათუ ბრძოლის ჟინი აქვს, მანუჩარ ბატონიშვილის დაბრუნებაც რაც შეიძლება გვიან სურს, რათა ნესტანთან ყოფნა გაიხანგრძლივოს.

ქართლის მეფედ ნიშნავენ მანუჩარ ბატონიშვილის ძმას, ისკანდერ ხანს, რომელიც მანუჩარის მამამ, ქვეყნის ხსნისათვის გაწირა და შაჰს გაუგზავნა, როგორც გამოსასყიდი. ისკანდერ ხანს, ბექა ამილახვარიც მიემხრობა, თუნდ ეს მოჩვენებითია, მთელი ქვეყანა მას მოღალატედ ნათლავს, მათ შორის ზებულონიც და პირად სიყვარულსაც კი კარგავს ქვეყნისათვის.

ნესტანს, პატარა გოგონას, რომელიც მკითხველის თვალწინ იზრდება, არაერთი ჭაბუკი სთხოვს ხელს, თუმცა ყველას უარით ისტუმრებს. ერთხელაც, იესეს ესტუმრება ისკანდერ ხანი და მას ნესტანი შეუყვარდება. ნესტანი კი იძულებულია მას გაჰყვეს ცოლად, რათა ისკანდერმა ქართლი არ ააოხროს მის გულისათვის. ნესტანმა არ უწყის ზებულონის სიყვარულისა და ისინი ერთად არასდროს ყოფილან, თუმცა ბოლოს როცა ხელის სათხოვნელად მოაკითხავენ ნესტანს, ზებულონი მოიტაცებს მას და ტყეში მდგარ ეკლესიაში მიიყვანს. ნესტანი არ უძალიანდება, რადგან მასაც სურს თავი რაც შეიშძლება შორს დაიჭიროს ისკანდერ ხანისგან. ეკლესიაში, ბექა ამილახვარი დახვდებათ და აქ იგებს ზებულონი, რომ ის არა მოღალატე, არამედ ჯაშუშია. ბექა ზებულონს ცალკე დაარიგებს, რომ პირადი სიყვარულისათვის ქვეყნის გაწირვა, ვერ არის კარგი საქციელი. საბოლოოდ ნესტანი და ზებულონი ერთამენთს შორდებიან და მათი გზები მთელი ცხოვრება იყოფიან.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზებულონი ტყეში გახიზვნას მოიწადინებს, რათა გული გადააყოლოს დარდს. ამასობაში კათალიკოსი ესტუმრება მას და ერთად იწყებენ ცხოვრებას. ზებულონი მას ეჩვევა, თუმცა მალე უბედურება ტრიალდება. ბექას დის შვილის, შალვას ცნობებით, ქართველებს ჰყავთ მოღალატეები, რომლის სახელები უცნობია ბექასთვის. რამდენიმე დღეში კი ერთ-ერთმა მოღალატემ ეკლესია უნდა მოინახულოს.

ზებულონი, შალვა და კათალიკოსი გეგმას დააწყობენ და საბოლოოდ დღება ღამე, როცა მოღალატე გამოჩნდება. ზებულონი და მასთან ერთად ჩასაფრებული კათალიკოსი მას ვერ ამოიცნობენ, რადგანაც მოღალატე შენიღბულია. ზებულონი კათალიკოსს უკან დაბრუნებას ურჩევს, თუმცა მალევე შეამჩნევს რომ რომ მოღალატეებისაკენ კათალიკოსი მიაბიჯებს. კათალიკოსი ჭკუით გამოსტყუებს სახელს მოღალატეს და შეეწირება ამ ქმედებას. ბექა, საბოლოოდ, ყველა მოღალატის სახელს იგებს, გარკვეული ხერხებით, მათ ერთად შეიტყუებს და ისკანდერ ხანიანად შეიპყრობს ყველას.

მოვლენები ისე ვითარდება, რომ მანუჩარ ბატონიშვილი კვლავ მეფდება. მის შვილს კი შაჰი მოითხოვს, როცა 4 წლის შეიქნება და მანუჩარი შვილს ვეღარასოდეს ნახავს. მისი და ისკანდერ ხანის შვილები ერთად დაიზრდებიან და მანუჩარის სიკვდილის შემდეგ, მისი შვილი გამეფდება ქართლში. მანუჩარის ვაჟი, ოჯახთან ერთად წამოვა ისპაჰანიდან, ნესტანისა და მისი შვილის თანხლებით. ნესტანი მგზავრობისას დაიღუპება, შვილები კი ჩააღწევენ ქართლს და თუნც მანუჩარის ვაჟია მეფე, ისინი ერთად მართავენ ქვეყანას, რადგან ისკანდერის შვილის რჩევებს ყოველთვის ყურად იღებს.

ერთ-ერთი ასეთი რჩევა იყო ზებულონის მოკვლისათვის ჯილდო, რადგან მან დაარწმუნა მეფე ზებულონის მზაკვრობაში. ზებულონს ვერ შეიპყრობენ, იგი ისე აღესრულება, როგორც პროლოგშია მოცემული. იგი თავისივე გაწვრთნილი მეომრების ხელით კვდება.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზებულონი — წიგნის მთავარი გმირი, წყაროსთვალელი ჭაბუკი, რომელიც თანდათანობით იზრდება, კაცდება და სახელგანმთქმული მეომარი ხდება. მის გულადობასა და თავგადასავლებსზე სიმღერებსაც კი თხზავენ.
  • იესე ერისთავი — თავადიშვილი ბერიკაცი, დიდძალი ქონების მფლობელი, ვის მფარველობასაც მიუჩენენ ზებულონს. იესეს შვილიშვილია ნესტანი, ზებულონის სიყვარული.
  • ნესტანი — იესე ერისთავის შვილიშვილი, ობოლი გოგონა. ნესტანს მოსწყვიტავენ ზებულონს და იძულებით მიათხოვებენ ქართლის მეფე ისკანდერს, ამით ის მთელი ცხოვრება უბედურდება
  • მანუჩარ ბატონიშვილი — ქართლის მეფე, ისკანდერის ძმა, ვისაც არმიაშიც ჩაირიცხება ზებულონი და 5 წელს დაჰყოფს. მანუჩარ ბატონიშვილს ირანის შაჰი გაიწვევს ისპაჰანს, ამიტომ ის წიგნში, „სიყვარულის“ დასაწყისსა და „სიკვდილის“ მეორე ნახევარში გვხვდება.
  • ისკანდერ ხანი — მანუჩარ ბატონიშვილის ძმა. ისკანდერი გამოსასყიდად გაგზავნეს ირანში ბავშვობისას, ამიტომ იგი მუსლიმანურად აღიზარდა. მას წარმომავლობით ეკუთვნოდა ქართლის სამეფო ტახტი, ზნეობით კი — არა.
  • ბექა ამილახვარი — მანუჩარ ბატონიშვილის მხედართმთავარი, ქართლის ერთგული, ვინც ჯაშუშად შევა ისკანდერის მხლებლებში და მთელი ქართლი მოღალატეობას დასწამებს.
  • ისახარი — ზებულონის მამა, გლეხკაცი, ვისთვისაც მთავარი იყო არსებობა და არა ცხოვრება.
  • იოველ ბატონიშვილი — მანუჩარ და ისკანდერ ბატონიშვილების ბიძა, საეკლესიო სასწავლებელის დამაარსებელი. იოველ ბატონშვილს განზარხული ჰქონდა ქვეყანა გაენათლებინა. მიზნად ისახავდა გზას ერვოპისაკენ, რათა ხალხს ხმლისაგან აეღო ხელი და წიგნისაკენ მიეყო.
  • კათალიკოსი — მოწამე კათალიკოსი, რომელმაც მოღალატეთა სახელების სამხელად თავი გასწირა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზებულონი. ჯემალ ქარჩხაძე. პირველი გამოცემა 1988 წელი. რედაქტორი: ც. ჩხაიძე. გამომცემლობა – ნაკადული