ანტონიო და დავითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტონიო და დავითი
Antonio da davit.jpg
ავტორი ჯემალ ქარჩხაძე
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი ფილოსოფიური რომანი
გამომცემელი ქარჩხაძის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 1987
მედია მაგარი ყდა
გვერდი 134
ISBN ISBN 978-99414-52-04-8

ანტონიო და დავითი — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის მესამე, 1984[1] წლის ფილოსოფიური რომანი. პირველად გამოიცა 1987 წელს მწერლის იგივე სათაურის მქონე კრებულში, რომელშიც მასთან ერთად შევიდა მოთხრობები: ბედნიერების მაძიებელი უფლისწული; გუბე; სოლომონიანი; რაჰათ-ლუხუმი; ბიძაჩემი იონა.[2]

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის მოქმედების ადგილია შუა საუკუნეების საქართველო, ხოლო მთხრობელი – იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ანტონიო და დავითი დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა დაწერილი.[3]

რომანის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს მეჩვიდმეტე საუკუნის იტალიაში. მთხრობელი არის იტალიერი მოგზაური, ბართოლომეო დ'ანიტი, რომელიც თავის სტუმრებს კოლხეთში მოგზაურობისას გადამხდარ ამბავს უყვება. ის ჯერ კიდევ ახალგზარდა 18 კაციანი გუნდით გააგზავნეს დასავლეთ საქართველოში. გემით მგზავრობისას მან გაიცნო ერთ–ერთი მისიონერი, სახელად – ანტონიო. ანტონიოს იმ პერიოდში ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან პაპის წინააღმდეგ წავიდა და ერეტიკოსობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ სასჯელი მოუხსნეს და ამ მოგზაურობაში გამოაყოლეს სხვა საეკლესიო პირებს. ბართოლომეო თავიდანვე დადებითად განეწყობა ამ ადამიანის მიმართ, თუმცა ანტონიოს ცუდი დამოკიდებულება აქვს გემის დანარჩენ ეკიპაჟთან, მათ შორის მამა სებასტიანთან. რამდენიმე თვიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი სამეგრელოს მიადგებიან, სადაც მთავარი შეიფარებს.

ანტონიო და ბართოლომეო დაიწყებენ თავიანთი საქმის კეთებას და გადაწყვეტენ ხალხს უმკურნალონ. რამდენიმე ხნის შემდეგ უფროსის ბრძანებით ისინი იმერეთის ერთ–ერთ სოფელში გაემგზავრებიან და თავადს შეეკედლებიან. ისინი გამოიკვლევენ იქაურ ფლორას, ხალხს, მათ ტრადიცებსა და წესჩვეულებებს, ამავდროულად კი თავიანთ საქმეს მოჰკიდებენ ხელს. ერთ დღეს ისინი წააწყდებიან ციხესიმაგრეს, რომლის კარიბჭესთან ზანგი მონა იქნება. მოგზაურები მასთან საუბრის გაბმას შეეცდებიან, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ერთი გლეხი მათ მოუყვება ამ ციხის ისტორიას. დიდი ხნის წინ სოფელში ყოფილა თავადი, რომელმაც მოახლე დააორსულა და ამ ბავშვის მოშორება გადაწყვიტეს. ბავშვს, რომელსაც დავითი დაარქვეს გაყიდეს სტამბოლში, თუმცა მან თავისუფლება მალევე მოიპოვა და სამშობლოში დაბრუნდა. აქ მან ჩამოიყვანა თურქები და თვითონ დაიწყო ბავშვებით ვაჭრობა.

აქაურ თავადს, რომელსაც ცოლად მისი ნახევარდა ჰყავდა, დაემუქრა, რომ ხმა არ ამოეღო ამის შესახებ, თვითონ კი ციხეში დაბინავდა. ანტონიო ამ ამბის გაგონებისთანავე საგონებელში ჩავარდა და დაიწყო ყაჩაღის დაჭერაზე ფიქრი. თუმცა ბართოლომეო უშლიდა ამას, რადგან თვლიდა, რომ ეს უცხოელების საქმე არ იყო. როდესაც სოფელში დავითი გამოჩნდა, მას წინააღმდეგობა ანტონიომ გაუწია, რაზედაც პასუხიც მიიღო. ჯარიმა სოფელს დაეკისრა – 3 ტყვე, მათ შორის ორი ახალგზარდა ყმაწვილი და სოფლის მღვდელი. ანტონიო და ბართოლომეო მეორე დღეს დავითს ციხესიმაგრეში მიადგნენ და მათ მაგივრად ოქრო შესთავაზეს. ყაჩაღების მეთაური დათანხმდა მათ, მაგრამ იმ პირობით, რომ მეორედ აქ აღარ მოვიდოდნენ. ტყვეები დავითმა იმავე დღეს გაათავისუფლა და მღვდლისთვის მიცემული ოქროც უკან დააბრუნა, რადგან მისი თქმით, ის ერთ გროშადაც არ ღირდა.

ამ დღის შემდეგ სოფელში უცხოელებს თითქმის ყველამ სხვანაირად შეხედა. მეორე დღეს ბართოლომეომ შეიტყო, რომ ანტონიო დავითთან წასულა. ისიც მაშინვე ციხისკენ გაემართა და გზაზე მეგობარი შემოხვდა. ანტონიო მოჰყვა თავის ამბავს. მისი თქმით, მას ხილვა ჰქონდა, რის გამოც დავითთან მივიდა, მორალი უკითხა და საბოლოოდ დაარწმუნა მისი გზის არასწორობაში. დავითმა მოინანია თავისი ცოდვები და თავი უცხოელებს მიანდო. მათ კი ახალი აღთქმის წაკითხვა დაავალეს. დავითმა მოგზაურების რჩევით აიღო მთელი თავისი ქონება, გაემგზავრა სტამბოლში და ტყვეები გამოისყიდა. თუმცა, ფული არ ეყო სხვა ტყვეებისთვის და ამან ძალიან დაასევდიანა. ის ცოდვების მოსანანიებლად სოფელში გავიდა და ეკლესიასთან დაიწყო ლოცვა. ამის შემყურე ხალხმა, მისი ჩაქოლვა გადაწყვიტა.

ანტონიომ და ბართოლომეომ ეს ყველაფერი დავითის მონის, ბებესაგან შეიტყვეს და ყოფილი ყაჩაღი სიკვდილისგან იხსნეს. სოფლის თავადმა ამის გამო მთავართან იჩივლა. რამდენიმე დღეში მოგზაურებს მთავრის ამალა მოადგა კარს. მათ ანტონიოც დამნაშავედ სცნეს, რადგან ყაჩაღი სოფლის მოსახლეობისაგან დაიცვა. ანტონიოს პირობა წაუყენეს: ან თავი უნდა მოეკლა საწამლავით, ან იტალიაში კოცონზე დაწვავდნენ. ანტონიომ მეორე ვარიანტი აირჩია. მოგზაურები ქალაქში გადაიყვანეს, ხოლო დავითი დილეგში ჩააგდეს. ერთ დღესაც ბართოლომეომ ბებესგან შეიტყო დავითის გაქცევის ამბავი, რომელიც ანტონიოს გამოხსნას აპირებდა. ანტონიომ იმის შიშით, რომ დავითი ახალ საფრთხეს არ გადაეკიდებინა თავი მოიკლა. დავითმა კი შური სოფლის თავადზე და ცრუ მღვდელზე იძია, რომლებიც მონებად გაყიდა სტამბოლში.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჭარი ბართოლომეო დ’ანიტი — მთხრობელი, იტალიელი მოგზაური და ვაჭარი, რომელიც საქართველოში ყოფნისას გადამხდარ ამბავს ჰყვება.
  • ანტონიო – ერეტიკოსად შერიცხული ბერი, რომელსაც ბართოლომეოსთან ერთად საქართველოში გამოგზავნიან.
  • დავითი – თავადის უკანონო შვილი, რომელსაც სტამბოლის ბაზარზე გაყიდიან, თუმცა იქიდან გუნდით დაბრუნდება და ყაჩაღობას დაიწყებს.
  • ეფრემი – სოფლის მღვდელი, რომელიც არაპატიოსნად ასრულებს თავის საქმეს. ის მოთავე იქნება დავითის ჩაქოლვის მცდელობის.
  • მამა სებასტიანე – მღვდელი, რომელიც იქნება ამ მოგზაურობის ზედამხედველი.
  • ბებე – დავითის მონა ზანგი, რომელსაც ის სტამბოლიდან ჩამოიყვანს.

რომანის გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯემალ ქარჩხაძის რომანი „ანტონიო და დავითი“ არაბულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. რომანი არაბულმა გამომცემლობა Al Kotob for Publishing & Distribution დასტამბა. პროექტი „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯემალ ქარჩხაძის რომანი "ანტონიო და დავითი" შვედურ ენაზეც გამოიცა.[4] ამის გარდა რომანი არის თურქულ(Antonio ve Davit) და ჩეხურ(Antonio och David) ენებზე ნათარგმნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://library.accept.ge/?id=24
  2. ანტონიო და დავითი : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1987. - 375 გვ. ; 20 სმ.. - 1 მ. 30 კ., 20 000 ც.
  3. http://ligamus.iliauni.edu.ge/index.php?route=product/product&product_id=2667
  4. http://kvira.ge/ჯემალ-ქარჩხაძის-რომანი/