ველტყევის მონასტერი
ველტყევის მონასტერი — ნამონასტრალი რაჭაში, რაჭის საერისთავოს ერთ-ერთი მთავარი მონასტერი გვიანდელ შუა საუკუნეებში. წერილობით წყაროებში ველტყევის მონასტერი ზოგჯერ „რაჭის უდაბნოს“, „ნათლისმცემლის უდაბნოს“, „სხვავას მონასტრის“ და „სხვავას უდაბნოს“ სახელით არის მოხსენიებული.
მდებარეობდა რაჭის ქედზე, ველტყევის მთაზე, სოფ. სხვავიდან სამხრეთით, დაახლ. 10 კმ-ზე. მონასტრის არსებობა აქ X-XI საუკუნეებიდან ივარაუდება. დაახლ. 1754 წელს როსტომ რაჭის ერისთავს ველტყევის ახალი ეკლესია აუგია, რასაც მოწმობს დასავლეთის შესასვლელის ლაპიდარული წარწერა (ამჟამად დაცულია ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში). გიორგი ბოჭორიძე (1920-იანი წლები) ეკლესიას ასე აღწერდა ეკლესიას: „იგი ერთნავიანი შენობაა 7 X 4,6 მ., დასავლეთით აქვს საქალებო. ნაგებია კლდის ქვისა და კირისაგან. ეკლესიას თაღი აქვს, სახურავი კი არა ხურავს...“
მონასტრის ბერები ფიცრულ სენაკებში ცხოვრობდნენ. 1825 წელს მონასტრის ეზოში იდგა წინამძღვრის ხის სახლი ექვსი ხის სენაკით ბერებისათვის. ამ დროს აქ წინამძღვრიანად ექვსი ბერი იყო. მონასტერს 1825 წლისთვის ეკუთვნოდა 41 კომლი ყმა-გლეხი, ვენახები და სახნავ-სათესი მიწები რაჭის სხვადასხვა სოფელში. 1871 წელს ველტყევის მონასტერი გაუქმდა და საეკლესიო ნივთები ჭელიშის მონასტერში გადაიტანეს. XX საუკუნეში მონასტრის შენობა მთლიანად დაინგრა.
ცნობილია ველტყევის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი:
- იღუმენი ანტონი (აბაშიძე) — 1770–1806
- არქიმანდრიტი პანტელეიმონი — 1806–1841
- მღვდელმონაზონი იოტასი — 1841–1848
- არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნიჟარაძე) — 1855–1861
- მღვდელმონაზონი მაკარი (ჯაფარიძე) — 1861–1871
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გობეჯიშვილი ვ., რაჭის მონასტრები, თბ., 2006. — გვ. 34–37.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 246.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოზაძე თ., ველტყევის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი, საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“, 2013.