მეჭვრეთის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მეჭვრეთის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი სოფელ ლიხეთში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ლუხუნის ხეობაში. შემორჩენილია ამ მონასტრის ნანგრევები. მეჭვრეთის მონასტრის წმინდა გიორგის ძველი ტაძრის აგება VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება და ერთ–ერთი უძველესია რაჭაში. ეკლესია ერთნავიანი შენობა იყო (10 X 5,8 მ.), რომელსაც სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული ჰქონდა გალერიები. 1920–იანი წლებისთვის შემორჩენილი იყო მხოლოდ ეკლესიის კედლები და ჩრდილოეთი გალერეა, დაზიანებული თაღით. ეკლესია მოხატული ყოფილა. 1929 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მასალა ლიხეთის სკოლის ასაშენებლად გაუზიდიათ. ეკლესიის დასავლეთით დიდ შენობათა ნანგრევებია, სადაც ბერების საცხოვრებელი ადგილი უნდა ყოფილიყო. ეკლესიას და სხვა შენობებს გარშემო გალავანი ჰქონია, რომლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. სამონასტრო ცხოვრების პერიოდი უნდა მოიცავდეს IX საუკუნიდან გვიანფეოდალურ ხანამდე პერიოდს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 25–26