ვარდევანი
ვარდევანი — სოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე, ბორჯომიდან 33 კმ-ში, წაღვერიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 19 კმ-ში. 2014 წლის აღწერით მუდმივი მოსახლეობა არ არის. სოფლის მიდამოებში არის მინერალური წყარო (ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი ჯგუფი).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის სახელწოდება ახალია. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიისა და რუკის მიხედვით, ამ სოფლის ძველი სახელწოდება შესაძლოა ლელისუბანი იყო.
სოფლის სამხრეთით, შემაღლებულ ადგილზე, შემორჩენილია X საუკუნის შუა პერიოდის ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. შიგნით და გარედან ნაგებია სწორად ნაწყობი მოვარდისფრო ტუფის გათლილი მოზრდილი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. იქვე გდია დიდი ზომის, კარგად დამუშავებული ვარდისფერი ქვის არქიტრავი, რომელზედაც გამოსახულია ორი ლილვით შექმნილ წრეში ჩასმული ტოლმკლავებიანი, ბოლოებგაშლილი ჯვარი. კედლებთან პროფილიანი კარნიზის ქვები ყრია, იქვეა კედლიდან ჩამოვარდნილი ქვა ასომთავრული წარწერის ფრაგმენტით: „მშლი“ (მშობელი?, მაშენებელი?). კარნიზი სოფელ გვერდისუბნის ეკლესიის კარნიზის მსგავსია — აქაც მის პროფილს მაღალი შეზნექილი არე და ვიწრო თარო შეადგენს. ეკლესიას ირგვლივ სასაფლაო აკრავს.
სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია ძვ.წ. VIII-VI საუკუნეების სამაროვანი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 0[2] |
2014 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 348.
- ბერძენიშვილი დ., ვარდევანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.