ეშიკაღასბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეშიკაღასი)

ეშიკაღასბაში, ეშიკაღასი (თურქ. ეშიქ — ზღურბლი, აღა — ბატონი, ბაშ — თავი) — საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის უფროსი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. შემოიღეს სპარსეთის სამოხელეო წყობილების მიხედვით. ვახუშტის ცნობით, ეშიკაღასბაშობა როსტომ მეფის დროიდან დაწესდა მანდატურთუხუცესობის მაგიერ. ეშიკაღასბაშის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ ხელჯოხიანებიბოქაულთუხუცესი (ეშიკაღასბაშის მოადგილე), ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში.

ისინი ეშიკაღასბაშის ხელმძღვანელობით აღასრულებდნენ სხვადასხვა ბრძანებას, სასამართლოს განაჩენ-გადაწყვეტილებას და სხვა. ეშიკაღასბაში იყო სასახლის მთავარი გამრიგე, მეფის მეჯლისებთან დაკავშირებული ცერემონიალის ხელმძღვანელი, წესრიგის დამცველი; მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაჭრაში. ვახტანგ მეფის დასტურლამალში მოხსენიებულია 2 ეშიკაღასბაში. მოგვიანებით დაწესდა აგრეთვე არმის და ხალვათხანის ეშიკაღასბაშის სახელოები. ეს ეშიკაღასბაშები იყვნენ სასახლის ხელშინაური მოხელეები. XVIII საუკუნის II ნახევარში ქართლისა და კახეთისათვის ცალ-ცალკე არსებობდა სამეფო, არმისა და ხალვათხანის ეშიკაღასბაშის სახელოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13, გვ. 185-195;
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;