შინაარსზე გადასვლა

ესპანური ღვინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესპანური ტემპრანილოს ღვინო
ტრადიციული ვენახები ესპანეთში

ესპანური ღვინო ( ესპ. vinos españoles ) — ესპანეთში წარმოებული წითელი, თეთრი და ცქრიალა ღვინოები. ესპანეთი ყველაზე ფართოდ გაშენებული ვენახის მქონე ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა,[1] და მსოფლიოში ღვინის მესამე უდიდესი მწარმოებელია, საფრანგეთისა და იტალიის შემდეგ.[2][3] [4]ესპანეთი მერვე ადგილზეა მსოფლიოში ღვინის მოხმარების მხრივ, ესპანელი წელიწადში საშუალოდ 20 ლიტრს სვამს. გარდა ღვინისა, ესპანეთს ექსპორტზე გააქვს სუფრის ყურძენი და ქიშმიში.

ადგილობრივი ყურძნის ჯიშების სიმრავლე ხელს უწყობდა მევენახეობის ადრეულ დაწყებას, რაც მესამეული სისტემის პერიოდის სათავეში მოყვანილი ყურძნის ყლორტებით მტკიცდება. არქეოლოგების აზრით, ეს ყურძენი პირველად გააშენეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000–დან 3000 წლამდე, მანამდე, სანამ ფინიკიელების მეღვინეობის კულტურამ დააარსა კადისის სავაჭრო პუნქტი. [5] ფინიკიელების შემდეგ კართაგენელებმა რეგიონში ახალი მიღწევები შეიტანეს, მათ შორის ადრეული მევენახეობის სწავლებები. [6]

ესპანეთის მევენახეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთში ვენახები გშენებულია 1,2 მილიონ ჰექტარზე როგორც ვაკე ადგილებში, ასევე ხეობებსა და მთების ფერდობებზე ზღვის დონიდან 800 მეტრ, გამონაკლის შემთხვევებში კი 1200 მეტრ სიმაღლემდე. ესპანეთის მთელი ტერიტორია გამოსადეგია მევენახეობისთვის, გარდა ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე მთის კალთებისა. ესპანეთში ნოყიერი ქვიშიანი ან ქვიშანარევი ლამიანი ნიადაგებია. ცხელ რაიონებში ზაფხულის დღეებში ხშირია ნიადაგის დახეთქვა, რის გამოც მიმართავენ რწყვას. სარწყავ რაიონებში გადამეტებული რწყვის შედეგად მსუბუქი ღვინოები მიიღება. პირენეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ნალექების რაოდენობა შედარებით დაბალია და მათი მეტი რაოდენობა წლის ცივ თვეებზე მოდის, ხოლო ზაფხულები მშრალია. ამ თავისებურების გამო ესპანეთის ვენახებს ნაკლებად აზარალებს სოკოვანი დაავადებები, სარეველა მცენარეები და ფილოქსერა.

ესპანეთში ვაზის 400-ზე მეტი ჯიშია, თუმცა ფართო მნიშვნელობა 20 ჯიშს აქვს. ესპანეთის ვენახების 80% წითელყურძნიან ჯიშებს უჭირავს. წითელი ჯიშებიდან გამოსარჩევია ტემპრანილო, ბობალი, გარნაკა, მონასტრელო, მანჩა, მაკაბეო, ხოლო თეთრებდან პედრო ხიმენესი, მალვაზია, მანტუა, ოჰანეზი, ალბარინო, აირენი, ვერდეხო, პოლომინო და მაკაბეო.

ესპანეთის ღვინის რეგიონები

ესპანეთი ტრადიციულად იყოფა ღვინის 12 მთავარ რეგიონად. [7] ღვინის ეს რეგიონები გარკვეულწილად ემთხვევა 17 ავტონომიური გაერთიანების ადმინისტრაციულ საზღვრებს. ესპანეთის ღვინის მთავარ რეგიონებში შედის რიოხა და რიბერა დელ დუერო, რომლებიც ტემპრანილოს წარმოებით არიან ცნობილი და ხუმილა, რომელიც ცნობილია მონსტრელის წარმოებით. [1] . ლა რიოხა მესამეა სიდიდით, თითქმის 5 მილიონი ჰექტოლიტრი (მთლიანი 13%). [8] ღვინის მწარმოებელი უფრო დიდი რეგიონები იყოფა მცირე რეგიონებად, რომლებიც კლასიფიცირებულია ესპანეთის ღვინის კანონის შესაბამისად.

ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება ესპანეთის მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ავტონომიურ გაერთიანებაში 4 რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახლებაა, მათ შორის ალიკანტე, ვალენსია და კავა.

კატალონია სიდიდით მეორე მწარმოებელია 5,5 მილიონი ჰექტოლიტრით, რაც ესპანეთის მთლიანი წარმოების 14%-ია. კატალონიაში საუკეთესო რაიონებია პანადე, ტარაგონი, ალელა და პრიორატო. ამ რაიონებში დგება წითელი, კარგად შეფერილი ღვინოები

ლა-მანჩას მეღვინეობის რეგიონი მდებარეობს მადრიდის სამხრეთით. ვენახების ფართობი აღწევს 190 ათას ჰექტარს. უფრო მეტად აშენებენ თეთრ ჯიშებს და ამზადებენ 14-16°-იან ღვინოებს. ლა მანჩა არის ღვინის მწარმოებელი ყველაზე დიდი რეგიონი, რომელიც აწარმოებს 13 მილიონ ჰექტოლიტრს, რაც ესპანეთის ღვინის წარმოების მესამედია

მალაგა ესპანეთის მევენახოების შედარებით მომცრო მხარეა. მალაგასთან არსებულ ფერდობებზე მოყვანილი ყურძNით მზადდება ლიქიორის ტიპის ღვინო მალაგა. იქვე ალმერიის პროვინციაში უხვად აშენებენ სასუფრე ყურძნისა და საქიშმიშე ჯიშებს. გავრცელებულია ოჰანეზი, რომელიც კარგად იტანს ტრანსპორტირებას და ალექსანდრიული მუსკატო საქიშმიშედ.

ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს ხერესის მიკროზონა, სადაც მზადდება გამაგრებული თეთრი ღვინო ხერესი. ვენახების ფართობი 7 ათას ჰექტარს არ აღემატება. ამ რაიონის საუკეთესო ვენახები გაშენებულია ქვიშნარ ნიადაგზე. საუკეთესო ღვინოებს აყენებენ პერდო ხიმენესის ჯიშისაგან.

დასახელების სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რიოხას „რეზერვა“

ესპანეთის ღვინის კანონებმა 1932 წელს შექმნეს ადილწარმოშობის დასახელების (DO) სისტემა, რომელიც განახლდა 1970 წელს, ხოლო ბოლოს განახლდა 2016 წელს და ეწოდა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ (DOP). [9] ესპანეთის სისტემა ჰგავს საფრანგეთის, პორტუგალიის და იტალიის სისტემების იერარქიულ დასახელებებს. [1] 2019 წლის მონაცემებით, ესპანეთის მასშტაბით 138 დაცული ადგილწარმოშობის დასახელება და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა იყო.

ევროკავშირში ესპანეთის გაწევრიანების შემდეგ, ესპანური ღვინის კანონები შეესაბამებება ევროპის სხვა სისტემებს. თავდაპირველი კლასიფიკაციის სისტემა იყო იყო ხუთსაფეხურიანი, რომელსაც ახორციელებდა თითოეული ავტონომიური რეგიონის კლასიფიცირებას. არა-ავტონომიური ადგილები ან ღვინის რეგიონები, რომელთა საზღვრები ემთხვევა სხვა ავტონომიურ თემებს (როგორიცაა კავა, რიოხა და ხუმილა ), მართავს მადრიდში დაფუძნებულ ადგილწარმოშობის ეროვნული ინსტიტუტი (INDO). 2016 წელს განახლებული მონაცემებით, ხუთდონიანი სისტემა გახდა ექვსდონიანი და შემდეგია: [9]

დაცული ადგილწარმოშობის დასახელება (DOP) - ესპანეთის ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის საყრდენი. თითოეულ რეგიონს მართავს მარეგულირებელი საბჭო, რომელიც წყვეტს რეგიონის საზღვრებს, ნებადართულ ჯიშებს, მაქსიმალურ მოსავლიანობას, ალკოჰოლური სიმკვრივის ლიმიტებს და ხარისხის სხვა სტანდარტებს ან ზონასთან დაკავშირებულ წარმოების შეზღუდვებს. 2019 წლის მონაცემებით არსებობს 96 დაცული ადგილწარმოშობის დასახელება. ქვეკატეგორიებს შეიძლება ეწოდოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება.

ადგილწარმოშობის კვალიფიცური აღნიშვნა (DOCa / DOQ ) - ეს აღნიშვნა მსგავსია იტალიური ღვინოების უმაღლესი კატეგორიისა სახელმწიფო გარანტიით (DOCG). რიოხა იყო პირველი რეგიონი, რომელსაც 1991 წელს მიენიჭა ეს დანიშნულება, ხოლო 2003 წელს მას მოჰყვა პრიორატი. [5]

ადგილწარმოშობის დასახელება (DO) - კლასიფიკაციის ესპანური სისტემით, ამა თუ იმ ზონის  „დასახელების კონტროლირება წარმოშობის მიხედვით“, ფრანგული AOC კატეგორიის ანალოგი. ეს დონე არის საშუალო ხარისხის ღვინის რეგიონებისთვის, რომელსაც არეგულირებს მარეგულირებელი საბჭო, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ამ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების გაყიდვაზე.

მამულის ღვინო - (VP), სპეციალური ტერმინი მაღალხარისხიანი, ერთ მამულში დამზადებული ღვინოებისთვის, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში ასევე აქვს ადგილწარმოშობის დასახელება. ეს კატეგორია ჩამოყალიბდა 2003 წელს.

ხარისხიანი ღვინო გეოგრაფიული აღნიშვნით - (VC), 2003 წელს მამულის ღვინოსთან ერთად ჩამოყალიბებული კატეგორია რომელიც გამოიყენება ღვინოებისთვის, რომლებიც სრულად არ აკმაყოფილებენ ადგილწარმოშობის დასახელების მკაცრ სტანდარტებს, მაგრამ უფრო მაღალი დონისაა ვიდრწ დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის კატეგორია.

დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ( IGP) - ეს არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების დონის ქვემოთ კატეგორია და არის ღვინო, რომელიც წარმოშობილია კონკრეტული ადგილიდან, რეგიონიდან ან ქვეყნიდან, რომელსაც აქვს გარკვეული ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებელი - წარმოების ფაზების ჩათვლით. არსებითად შეიძლება მიეკუთვნებოდეს მის გეოგრაფიულ წარმოშობას, რომელთაგან ერთი მაინც ხდება განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ტრადიციული ტერმინი „მხარის ღვინო“ (VT).

სუფრის ღვინო ( VdM) - ქვეყნის სუფრის ღვინოების ეკვივალენტურია და მზადდება არაკლასიფიცირებული ვენახებისგან ან ყურძნისგან, რომლებიც დამზადებულია „უკანონო“ შერევით. XX საუკუნის ბოლოს იტალიის სუპერ ტოსკანების მსგავსად, ზოგიერთი ესპანელი მეღვინე განზრახ გამოყოფს თავის ღვინოებს, რათა მეტი მოქნილობა ჰქონდეთ შერევისა და მეღვინეობის მეთოდებში. [5]

  • ჩოლაყაშვილი ს., მევენახეობის სახელმძღვანელო, თბ.: სახელგამი, 1937.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 K. MacNeil The Wine Bible pg 410-422 Workman Publishing 2001 ISBN 1-56305-434-5
  2. ↑ FAOstat Crops and livestock products
  3. ↑ Top fifteen wine-producing countries, 2017
  4. ↑ World wine production reaches record level in 2018, consumption is stable - BKWine Magazine - (14 April 2019). ციტირების თარიღი: 18 November 2019
  5. 1 2 3 J. Robinson (ed) "The Oxford Companion to Wine" Third Edition pg 652-65 Oxford University Press 2006 ISBN 0-19-860990-6
  6. ↑ H. Johnson Vintage: The Story of Wine pg 85, Simon and Schuster 1989 ISBN 0-671-68702-6
  7. ↑ Driscoll, Killian. Guide to the Wine Regions of Spain, Part 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 19 December 2019.
  8. ↑ Driscoll, Killian. Spain’s wine regions in numbers and maps. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 3 February 2020.
  9. 1 2 Driscoll, Killian. Classification order of Spanish Wine appellations – What do DOP, DOCa, DOQ, VP, VC, IGP Mean?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 19 December 2019.