შინაარსზე გადასვლა

ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთა ლიგის საქართველოს ასოციაციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებისთვის შექმნილი საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ამ საკითხის პოპულარიზება. დაარსდა ქალაქ ტფილისში 1919 წლის 7 დეკემბერს. ასოციაციის პრეზიდენტი ლ. ლომთათიძე, ვიცე-პრეზიდენტი — ვახტანგ ღამბაშიძე. გამგეობის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, რაჟდენ არსენიძე, პეტრე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი. ასოციაციის წარმომადგენლები ერთა ლიგის ბრიუსელის კონგრესზე იყვნენ კარლო ჩხეიძე და ზურაბ ავალიშვილი. ასოციაცია საგანგებო მანდატით აღჭურვილ პირთა მეშვეობით პირდაპირ ურთიერთობას ამყარებდა ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920 წლის 12-16 ოქტომბერს მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია ერთხმად იქნა მიღებული ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის წევრად. ამ პოლიტიკური წარმატების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა მოღვაწეობა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ემიგრაციაში გააგრძელა საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა საქართველოს საკითხის პოპულარიზაციის მიზნით. 1934 ინგლისში გაიმართა ერთა ლიგის დამხმარე ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც დაესწრო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგაცია. საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ ევგენი გეგეჭკორი, გიორგი გვაზავა და ანდრო გუგუშვილი. ერთ-ერთ სხდომაზე კონგრესმა განიხილა საქართველოს საკითხი. მოხსენება კონგრესს გიორგი გვაზავამ წარუდგინა. ის შეეხო იმ მომენტებს, რომელიც საქართველოს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა 1921 დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა. ერთა ლიგის დამხმარე ასოციაციის კონგრესმა დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტი. ამასთან, კონგრესმა ერთა ლიგას მოუწოდა, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, დახმარებოდა საქართველოს ქვეყანაში ნორმალური ვითარების აღსადგენად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 139-140.