ერეკლე ორბელიანი
ერეკლე ორბელიანი (დ. 1901, — გ. 31 მარტი, 1954) — ქართველი მუსიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაგრატიონთა ჩამოშორება ქართლ-კახეთის სამეფო ტახტიდან რუსეთმა ალექსანდრე I-ის მანიფესტამდე დაიწყო. 1801 წელს ბატონიშვილთა ერთი ჯგუფი ერეკლე II-ის შვილები – იოანე, ბაგრატი და მიხეილი – იმპერატორ ალექსანდრე I-ის კორონაციაზე მიიწვიეს პეტერბურგში. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ ისინი სამშობლოში აღარ გამოუშვეს. იქიდან მოყოლებული, ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები ძალდატანებით არაერთხელ გადაუსახლებიათ საქართველოდან. მხოლოდ რამდნიმემ მოახერხა სამშობლოში დარჩენა, საქართველოდან არ წასულან და მშობლიურ მიწაში განისვენებენ ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, დიდი პაპის ერეკლე II-ის მოსახელე ერეკლე ბატონიშვილი, მისი მეუღლე და ქალიშვილები. ალექსანდრე ბატონიშვილის შვილიშვილმა ერეკლე ორბელიანმა კი პაპის ბედი გაიზიარა და ემიგრაციაში გარდაიცვალა.
ერეკლე ორბელიანი დაიბადა 1901 წლის ნოემბერში, თბილისში. მამა, მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანი, ბორჩალოს მიწების მფლობელი, მდიდარი მემამულე, მეფის არმიის ოფიცერი, „ქართული დრუჟინის" ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დედა – ელისაბედ ბაგრატიონი (1870–1942), ერეკლე ბატონიშვილისა და თამარ ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „საზანდარის" ფსევდონიმით ცნობილი, „ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად მთარგმნელი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ორი გაზეთის – ფრანგული „ჟორჟი ინდეპედენტის" და ინგლისური „ჯორჯიან მესენჯერის" დამაარსებელი და რედაქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კი ფრანგული ენის კათედრის პროფესორი იყო. სოლომონ იორდანიშვილთან ერთად შექმნა ფრანგული ენის სახელმძღვანელო.
მშობლებმა უფროს ვაჟს სახელგანთქმული სარდლის თამაზ ორბელიანის სახელი დაარქვეს, უმცროსს კი პაპის – ერეკლესი. ორბელიანთა ოჯახისა და უფროსი ვაჟის შესახებ თავის მოგონებებში მოგვითხრობს თამაზის თანაკლასელი თავადაზნაურთა გიმნაზიიდან, მიხეილ დადიანი. მოგონებები ემიგრაციაში, ჟურნალ „კავკასიონში" დაიბეჭდა. ასევე, მათი თანაკლასელები ყოფილან შემდგომ ემიგრაციაში წასული ახალგაზრდები: ბერეჟიანი, თოხაძე, ჯორჯაძე, ჯინჭარაძე, მზარეულიშვილი, გედევანიშვილი, ძმები – ფაშალიშვილები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები. თამაზი ემიგრაციაში არ წასულა. როგორც ევროპული ენების კარგი მცოდნე, ინგლისელებთან მუშაობდა თარჯიმნად და მერე უკვალოდ გამქრალა. ძმის მსგავსად, ერეკლემაც კარგად იცოდა ენები, ამასთან, ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა მუსიკის დიდი ნიჭი. თბილისში ქართული გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, გერმანიაში განაგრძო სწავლა, ერთი წლის შემდეგ კი, როგორც პიანისტი, უკვე კონცერტებით გამოდიოდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთსა და იტალიაში. ევროპის მერე კონცერტებით მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ამერიკის ქალაქები. გამოდიოდა იტალიელ მომღერალ ბენიამინო ჯილისთან ერთად, ყველგან დიდი წარმატება ჰქონდა და პრესა დადებითად აფასებდა მის გამოსვლებს.
საქართველოს ოკუპაციის დროს ერეკლე ტურნეში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. 1924 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და კონცერტებს მართავდა. 1930 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა და უკვე 1931 წლის ბოლოს სამი კონცერტი გამართა: პირველი 12 ნოემბერს „ასტორ გალერეაში". მეორე კონცერტის შემდეგ „ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბუნი" წერდა, რომ მსმენელები გულითადად ესალმებოდნენ „ყოფილ ქართველ თავადს, რომელმაც ტიტულს მუსიკოსობა ამჯობინა". მესამე კონცერტი 4 დეკემბერს ხალხით სავსე „სტენვეის" დარბაზში ჩატარდა. ამ კონცერტებით დაიწყო ერეკლე ორბელიანის წარმატებული საშემსრულებლო კარიერა. სერგეი რახმანინოვი, რომელიც ოჯახის მეგობარი და თამარ გრუზინსკაიას სალონის ხშირი სტუმარი იყო, ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ირაკლი ორბელიანი ასრულებსო". საკონცერტო საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა, ერეკლე ორბელიანი წერდა მუსიკას, მათ შორის, რომანსებს ემიგრანტი პოეტების შალვა ამირეჯიბისა და სიმონ ბერეჟიანის ლექსებზე და ხშირად თვითონვე ასრულებდა. სუსტი ჯანმრთელობის გამო მუსიკალური კარიერა ადრე შეწყვიტა.
1920-1930-იან წლებში ქართველთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. ერეკლე ორბელიანი თავიდანვე ჩაება ქართული კოლონიის საქმიანობაში, ის იყო ქართული სატვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1936–1939 და 1944–1945 წლებში ორჯერ აირჩიეს მის ხელმძღვანელად. აქტიურად მონაწილეობდა სათვისტომოს ცხოვრებაში, ემიგრანტული პრობლემების მოგვარებაში, რითაც ამერიკელ ქართველთა დიდი პატივისცემა და ამერიკის ადმინისტრაციის ნდობა დაიმსახურა. როგორც პიანისტი და კომპოზიტორი, აქტიურად მონაწილეობდა ქართულ ღონისძიებებში.
1941 წელს ერეკლე ორბელიანი სან-ფრანცისკოში მერი ლი მაკნაიტზე დაქორწინდა, მაგრამ 1945 წელს ისე გაშორდა, რომ მემკვიდრე არ დარჩენია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში ქართველთა რიცხვმა ორასს გადააჭარბა. რუსეთის გამარჯვებისა და საქართველოს განთავისუფლების იმედის გაცრუების შემდეგ საჭირო იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საკითხს დააყენებდა როგორც ამერიკის საზოგადოების, ისე ადმინისტრაციის წინაშე. ამ მიზნით, 1950 წლის 20 ნოემბერს, ერეკლე ორბელიანის ბინაზე შეკრებილმა თეიმურაზ ბაგრატიონმა, ლეო დუმბაძემ, პავლე კვარაცხელიამ დააარსეს „ქართველ ამერიკელთა ლიგა", რომელმაც მემორანდუმი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ყველა ქართველს მიმართა მოწოდებით: „ჩვენი ერის ინტერესების აუცილებლობა მოითხოვს ამ გადამწყვეტ მომენტში აქ ისმოდეს საქართველოს ხმა".
რადიოსადგურ „ამერიკის ხმის" რედაქციაში ქართულ ენაზე მაუწყებლობის დაწყება საშუალებას მისცემდა „რკინის ფარდის" მიღმა დარჩენილ ქართველებს მშობლიურ ენაზე მიეწვდინათ ხმა თავისუფალი სამყაროსთვის. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველთა შორის შესაფერისი ინტელექტუალური ძალების შეკრება, რომლებიც საქმეს სათანადოდ გაუძღვებოდნენ, ამერიკის ხელისუფლებამ ყურადღება შეაჩერა ერეკლე ორბელიანზე, რომელსაც უკვე კარგად იცნობდა ამერიკის საზოგადოება, როგორც ცნობილ მუსიკოსს, ევროპული ენების კარგ მცოდნეს, ქართული სათვისტომოს აქტიურ წევრსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის თავდადებულ მებრძოლს. ამიტომ სწორედ მას მიენდო „ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მოწყობა და კადრებით დაკომპლექტება. ოთხი თვის შემდეგ – 1951 წლის 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დინ აჩენსონმა, ამერიკის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 1952 წლის ოქტომბერში ქართულს სხვა განყოფილებებიც – სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და თურქესტანული შეუერთდა. გაერთიანებულ რედაქციას „საბჭოთა კავშირის სექცია" უწოდეს და მის ხელმძღვანელად ერეკლე ორბელიანი დანიშნეს. სამწუხაროდ მცირე ხნით, რადგან 1954 წლის 31 მარტს, 53 წლისა გარდაიცვალა ლეიკემიით. დაკრძალულია ნიუ-იორკში.