შინაარსზე გადასვლა

ემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ემა“

ავტორი ჯეინ ოსტინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი კლასიკური რომანი
გამომცემელი john murray
გამოცემის თარიღი 23 დეკემბერი, 1815
მთარგმნელი ანა მაყაშვილი
ქართულად გამოიცა 1 იანვარი, 2016
წინამორბედი მენსფილდ-პარკი
მომდევნო Northanger abbey

ემა — ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანი. წიგნში მოქმედება ხდება ლონდონის ახლოს, სარის საგრაფოს გამოგონილ სოფლებში, და აღწერილია რამდენიმე ოჯახს შორის ურთიერთობა. რომანი პირველად 1815 წლის დეკემბერში გამოიცა, თუმცა წიგნის პირველი გვერდი 1816 წლითაა დათარიღებული. ისევე როგორც მის სხვა რომანებში, ჯეინ ოსტინი იკვლევს ინგლისელი კეთილშობილი ქალების საზრუნავსა და სირთულეებს.

სანამ ჯეინ ოსტინი რომანს დაიწყებდა, მან დაწერა: „მე ვაპირებ შევქმნა მთავარი გმირი, ქალი, რომელიც ჩემს გარდა არავის მოეწონება“. პირველ წინადადებაში, იგი წარმოაჩენს მთავარ პერსონაჟს, როგორც ლამაზს, ჭკვიანსა და მდიდარ გოგონას, კეთილმოწყობილი სახლითა და ბედნიერი განწყობით რომელმაც „იცხოვრა თითქმის ოცდაერთი წელი სამყაროში, სადაც არასოდეს შეუწუხებია ტკივილსა და ფორიაქს." ემა განებივრებული, ჯიუტი და თვითკმაყოფილია; იგი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ მაჭანკლობის შესაძლებლობებს და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის საშიშროებას ვერ ხედავს.

ემა დაიწერა ოსტინის ჩაუტონში გადასვლის შემდეგ და სიცოცხლეში გამოშვებული ბოლო რომანია, ჯეინ ოსტინის ბოლო ნოველა კი არის „დარწმუნება“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა.

რომანი ადაპტირებულია რამდენიმე ფილმისთვის, სატელევიზიო გადაცემისთვის და სასცენო პიესისთვის.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ემა ვუდჰაუზის მეგობარი და ყოფილი აღმზრდელი, მისის ტეილორი, ახლახან დაქორწინდა მისტერ უესტონზე. მათ ერთმანეთი ემას დამსახურებით გაიცნეს, ის ფიქრობს, რომ მათი ქორწინების მიზეზი თვითონაა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს, რომ ძალიან მოსწონს მაჭანკლობა და არ ითვალისსწინებს თავისი მეგობრის, მისტერ ნაიტლის საწინააღმდეგო რჩევას. მისტერ ნაიტლის ძმა დაქორწინებულია ემას უფროს დაზე, იზაბელაზე. ემა ცდილობს თავისი ახალი მეგობარი, ჰარიეტ სმითი, მისტერ ელტონს, ადგილობრივ ვიკარიუსს, გაურიგოს. იმის შემდეგ, რაც ახალგაზრდა პატივსაცემი ფერმერი, რობერტ მარტინი ხელს სთხოვს ჰარიეტს, ემა ცდილობს დაარწმუნოს ის, რომ ამ შეთავაზებას არ დასთანხმდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჰარიეტი რობერტის მიმართ გულგრილი არ არის. ამ დროს მისტერ ელტონი შეცდომით იფიქრებს, რომ ემა მასზე შეყვარებულია და ხელს სთხოვს. როდესაც ის მას ყველაფერს აუხსნის და ეტყვის თუ როგორ გეგმავდა ჰარიეტისა და მის ქორწინებას, მისტერ ელტონი აღშფოთებული დარჩება, რადგან ჰარიეტს სოციალურად არასრულფასოვნად მიიჩნევს.

მას შემდეგ რაც ემა მას უარით გაისტუმრებს, მისტერ ელტონი მიდის და უკან პრეტენზიულ, ახლად გამდიდრებულ მეუღლესთან ერთად ბრუნდება. ჰარიეტს გული სწყდება, ხოლო ემას დაშვებული შედომის გამო უხერხულად გრძნობს თავს. ფრენკ ჩერჩილი, მისტერ უესტონის ვაჟი, ორი კვირით ჩამოდის. ფრენკი თავისმა მდიდარმა ბიცოლამ იშვილა და აქამდე იშვიათად ჩამოდიოდა. მისტერ ნაიტლი ეუბნება და აფთხილებს ემას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი ჭკვიანი და მიმზიდველია, ის ამავდროულად ზედაპირული და ზერელეა. ჯეინიც ჩამოდის დეიდა მისის ბეიტსის მოსანახულებლად. ის ემას ასაკისაა და შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული მამის მეგობრის, პოლკოვნიკ ქემპბელის მეშვეობით. ემა თავს შორს იჭერს ჯეინისგან, რადგან მას შურს მისი და ეს შური იმდენად შესამჩნევია, რომ გარშემო ყველას აღიზიანებს, მათ შორის მისის უესტონსა და მისტერ ნაიტლისაც, რომლებზეც ჯეინმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ემა გადაწყვეტს, რომ ჯეინსა და მისტერ დიქსონს, ერთმანეთი მოსწონთ და ეს არის მიზეზი, რის გამოც ის მოსალოდნელზე ადრე ჩამოვიდა. ემა ამას ფრენკს გაანდობს, ის აშკარად ეთანხმება ემას. ეჭვები კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც ჯეინი ანონიმურად გამოგზავნილ ფორტეპიანოს მიიღებს. ემა გრძნობს, რომ ფრენკი ნელ-ნელა უყვარდება, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გრძელდება. მისის და მისტერ ელტონები ჰარიეტს ცუდად ექცევიან. ისინი მას საჯაროდ შეარცხვენენ. მისტერ ნაიტლი, რომელიც ჩვეულებრივ თავს იკავებს ცეკვისგან, სთხოვს ჰარიეტს ცეკვას. ერთი დღის შემდეგ ფრენკს ჰარიეტი ჰარტფილდში მიჰყავს, რადგან ის ადგილობრივ ბოშებთან უხეში შეხვედრის შემდეგ გონებას დაკარგავს. ემა კიდევ ერთელ შევა შეცდომაში და ჰარიეტის მიერ გამოხატული მადლიერება ფრენკის მიმართ სიყვარულში აერევა. როდესაც მისტერ ნაიტლი ამბობს, რომ მან შეამჩნია კავშირი ჯეინსა და ფრენკს შორის, ემა არ ეთანხმება მას, რადგან, ფრენკი მას უწევს პარტნიორობას.

მისტერ ნაიტლისა და ემა ვუდჰაუზის 1898 წლის ილუსტრაცია, ტომი III თავი XIII

მეორე დღეს ბოქს-ჰილზე ფრენკი და ემა ხუმრობენ, როდესაც ემა დაუფიქრებლად მიაყენებს შეურაცხყოფას მის ბეიტსს. როცა მისტერ ნაიტლი ემას მის ბეიტსის შეურაცხყოფისთვის უსაყვედურებს, მას შერცხვება. მეორე დღეს იგი სტუმრობს მის ბეიტსს, რათა გამოისყიდოს თავისი დანაშაული, რაშიც მისტერ ნაიტლის გავლენა იგრძნობა. ვიზიტის დროს ემა გაიგებს, რომ ჯეინმა მისის ელტონის ერთ-ერთი მეგობრისგან მიიღო აღმზრდელის თანამდებობა. ჯეინი ავად ხდება და უარს ამბობს ემას ნახვაზე ან მისი საჩუქრების მიღებაზე. ამასობაში ფრენკი იყო სტუმრად ბიცოლასთან, რომელიც მისი ჩასვლისთანავე გარდაიცველება. ფრენკი და ჯეინი აცხადებენ, რომ ისინი შემოდგომიდან მოყოლებული ფარულად დანიშნულები არიან, მაგრამ ფრენკმა იცოდა, რომ მისი ბიცოლა არ მოიწონებდა მათი ქორწინების იდეას. ახლა მათ აღარავინ ეწინააღმდეგებოდა. ფრენკის მშვიდმა და მარტივად დაყოლიებადმა ბიძამ სიამოვნებით მისცა ნებართვა შეექმნათ ოჯახი. ნიშნობა გასაჯაროვდა, რის გამოც ემა გაღიზიანებული და იმედგაცრუებული დარჩა. ემას სჯერა, რომ ფრენკის ნიშნობა ჰარიეტს გაანადგურებს, თუმცა ემას მოლოდინები კვლავ არ მართლდება, ჰარიეტი ემას ეუბნება, რომ ის ძლიერ არის მისტერ ნაიტლიზე შეყვარებული, მაგრამ უიმედოდაა და ფიქრობს, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეფერებიან. ემა გაოგნებულია და ცოტა ხანში იაზრებს, რომ თითონაც შეყვარებულია მისტერ ნაიტლიზე. მისტერ ნაიტლი ბრუნდება ემას სანუგეშოდ ფრენკისა და ჯეინის ნიშნობის გამო, რადგან თვლის, რომ ის დაღონებულია ჰარიეტის და ფრენკის ნიშნობის გამო, ამჯერად მისტერ ნაიტლმა, რომელიც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ერთხელაც არ შემცდარა, ემას მწუხარების და დაბნეულობის მიზეზი ვერ გამოიცნო. ემა აღიარებს თუ რამდენად სულელია და გამოუტყდება სიყვარულში. აღმოჩნდება, რომ მისტერ ნაიტლის მთელი ამ ხნის განმავლობაში ემა ჰყვარებია და ხელს სთხოვს, რაზეც ემა თანხმდება. რაც შეეხება ჰარიეტს, ის იღებს რობერტ მარტინის წინადადებას, რომელიც მეორედ სთხოვს ხელს. მათი ქორწილი მალევე გაიმართება. ჯეინი და ემა შერიგდნენ, ხოლო ფრენკი და ჯეინი სტუმრობენ უესტონებს. როგორც კი გარდაცვლილის გლოვა დასრულდება, ისინი დაქორწინდებიან.

ემა ვუდჰაუზი — მოთხრობის მთავარი გმირი, ლამაზი, განათლებული და ოდნავ განებივრებული ახალგაზრდა ქალი. როცა ამბავი იწყება იგი 20 წლისაა. მას დედა გარდაეცვალა, როდესაც ის მცირეწლოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანია, მას არ გააჩნია დისციპლინა, რომ შეისწავლოს რაიმე სიღრმისეულად. საყურადღებოა მისი სიყვარული და მოთმინება მამის მიმართ. ემა ხშირად უშვებს სერიოზულ შეცდომებს, ძირითადად, გამოცდილების ნაკლებობისა და ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო.

მისტერ ნაიტლი — ემას მეზობელი და ახლო მეგობარი. იგი 37 წლისაა და ემას ერთადერთი კრიტიკოსია. მისტერ ნაიტლი მფლობელია სააბატოსი, რომელიც მოიცავს ფართო მიწებსა და ფერმებს. ის არის მისტერ ჯონ ნაიტლის უფროსი ძმა, ემას უფროსი დის იზაბელას ქმარი. ის ყურადღებიანია, ესმის წიგნის სხვა პერსონაჟების. ასევე, ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს.

ფრენკ ჩერჩილი — მისტერ უესტონის 23 წლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან. იგი მეგობრული ახალგაზრდაა და თითქმის ყველას მოსწონს, თუმცა მისტერ ნაიტლი მას ეგოისტ და ჩამოუყალიბებელ ადამიანად მიიჩნევს. დედის გარდაცვალების შემდეგ ის მდიდარმა ბიცოლამ და ბიძამ, ჩერჩილებმა, ენსკოუმბის საოჯახო მამულში, იორკშირში, გაზარდეს.

ჯეინ ფეარფაქსი — ლამაზი და ელეგანტური ქალია საუკეთესო მანერებით. იგი ობოლია, მის ოჯახს შეადგენენ დეიდა, მის ბეიტსი და ბებია, მისის ბეიტსი. ის ემას ასაკისაა. ჯეინ ფეარფაქსი ერთადერთი ადამიანია, ვისიც ემას შურს. პოლკოვნიკი ქემპბელი, ჯეინის მამის არმიის მეგობარი, გრძნობდა პასუხისმგებლობას ჯეინის მიმართ და მისცა საშუალება მიეღო კარგი განათლება.

ჰარიეტ სმითი — ემას ახალგაზრდა მეგობარი. ჰარიეტი 17 წლის, ლამაზი, მაგრამ დაუხვეწავი გოგონაა. ემა ადრევე აქცევს ჰარიეტს თავის გავლენის ქვეშ და ის ემას დაშვებული შეცდომის პირველი მსხვერპლია. შემდეგ ჰარიეტი და მისტერ მარტინი დაქორწინდებიან.

რობერტ მარტინი — შეძლებული 24 წლის ფერმერია. იგი დახასიათებულია როგორც მეგობრული, კეთილი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა. მარტინი ქორწინდება ჰარიეტ სმიტზე.

ფილიპ ელტონი — 27 წლის ვიკარიუსი. იგი კარგი გარეგნობის და ამბიციური ახალგაზრდაა. თავდაპირველად სურს ემას ცოლად შერთვა, ბოლოს კი ცოლად ოგასტა ჰოკინსი მოჰყავს.

ოგასტა ელტონი — მისტერ ელტონის ცოლი. იგი არ გამოირჩევა კარგი მანერებით, ტრაბახა და პრეტენზიული ქალია. ემა მის მიმართ თავაზიანია, მაგრამ არ მოსწონს.

მისის უესტონი — ემას აღმზრდელი. დაქორწინდა მისტერ უესტონზე. ის გონიერი ქალია და ძალიან უყვარს ემა. სიუჟეტის დასასრულს შეეძინება ქალიშვილი, ანა უესტონი.

მისტერ უესტონი — ქვრივი და საქმიანი კაცი. ცხოვრობს ჰაიბერიში. იგი მეორედ დაქორწინდება მის ტეილორზე. პირველი ქორწინებიდან ის არის მამა ფრენკ უესტონ ჩერჩილისა, რომელიც იშვილა და გაზარდა მისი გარდაცვლილი მეუღლის ძმამ და მისმა მეუღლემ.

მისტერ ჰენრი ვუდჰაუზი — ემას მამა. მისტერ ჰენრი ყოველთვის ზრუნავს ჯანმრთელობაზე. ჰენრი არის კარგი მამა და ბაბუა, ის არ დაქორწინდა ცოლის გარდაცვალების შემდეგ. მან თავისი შვილების აღმზრდელად მოიყვანა მისის ტეილორი.

იზაბელა ნაიტლი - ემას და, მისტერ ჰენრის უფროსი ქალიშვილი, ის დაქორწინებულია ჯონ ნაიტლიზე, ცხოვრობს ლონდონში მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად.

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისტერ პერი — აფთიაქარი ჰაიბერიში. მისის პერის მეუღლე. მას აღწერენ, როგორც განათლებულ და ჯენტლმენ კაცს, რომლის ხშირი ვიზიტებიც მისტერ ვუდჰაუზის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

მისის ბეიტსი - ჰაიბერის ყოფილი ვიკარიუსის ქვრივი, მისის ბეიტსის დედა და ჯეინ ფეარფაქსის ბებია. ის სმენადაქვეითებული მოხუცია.

მისტერ და მისის ქოული — ჰაიბერის მაცხოვრებლები. მიუხედავად მათი დაბალი წარმოშობისა, ისინი მეორე ყველაზე შეძლებული ოჯახია ჰაიბერიში. ისინი მასპინძლობენ სადილს, რომელიც სიუჟეტის მნიშვნელოვანი ელემენტია.

მისის ჩერჩილი — მისტერ ჩერჩილის ცოლი. ის და მისი ქმარი ცხოვრობენ ენსკოუმბში და მათ აღზარდეს მისტერ უესტონის ვაჟი, მისტერ ფრენკ ჩერჩილი.

მისის გოდარდი — მმართველი გოგონების პანსიონატისა, სადაც ჰარიეტ სმითი სწავლობს. ის ასევე არის მისტერ ვუდჰაუზის ხშირი კომპანიონი.

მისტერ უილიამ ლარკინსი — მისტერ ნაიტლის დონველის სააბატს თანამშრომელი. ის ხშირად სტუმრობს ბეიტსებს.

პირველი გვერდი ემას 1909 წლის გამოცემიდან

„ემა“ დაიწერა „სიამაყე და მცდარი აზრის“ გამოქვეყნების შემდეგ და გადაეცა ლონდონის გამომცემელ ჯონ მიურეი II-ს 1815 წლის შემოდგომაზე. მან შესთავაზა ოსტინს 450 ფუნტი „ემასთვის“, გარდა ამისა, „მენსფილდ-პარკისა“ და „გრძნობა და გონების“ საავტორო უფლებებისთვის, რაზეც მან უარი თქვა. ამის ნაცვლად, ოსტინმა გამოსცა რომანის ორიათასი ეგზემპლარი საკუთარი ხარჯებით, შეინარჩუნა საავტორო უფლებები.

გამოქვეყნებამდე ოსტინის რომანები პრინც რეგენტის ყურადღების ქვეშ მოექცა. კარლტონ ჰაუსის ბიბლიოთეკარმა, მისტერ კლარკმა, პრინც რეგენტის თხოვნით ბიბლიოთეკა ჯეინ ოსტინს დაათვალიერებინა და შესთავაზა მომავალი პუბლიკაცია პრინც რეგენტისთვის მიეძღვნა, რაზეც ჯეინ ოსტინმა თანხმობა განაცხადა.

ამ პირველი პუბლიკაციის თითო ეგზემპლარი ამერიკაში 1818 წელს 4 დოლარად იყიდებოდა, ისევე როგორც მისი 1816 წლის ამერიკული გამოცემა. მოგვიანებით, ამერიკული ვერსიები გამოვიდა 1833 და 1838 წლებში. აღსანიშნავია, რომ „ემას“ ფრანგული ვერსია 1816 წლით თარიღდება.

ინგლისური და ფრანგული ენების გარდა, XIX საუკუნეში, „ემა“ ითარგმნა შვედურ და გერმანულ ენებზე, ხოლო XX საუკუნეში თხუთმეტ სხვა ენაზე, მათ შორის არაბულად, ჩინურად, დანიურად და ჰოლანდიურად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემა&oldid=4928207“-დან