ელენე წერეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელენე (ელიკო) გიორგის ასული წერეთელი (დ. 1877 — გ. 1950) — ქართველი საბავშვო მწერალი, მთარგმნელი.

ელენე გიორგის ასული წერეთელი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენე წერეთელი გახლდათ ქართველი მწერლის გიორგი წერეთლის ქალიშვილი. დედა, ოლიმპიადა იაკობის ასული ნიკოლაძე, იყო გამოჩენილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის და. მათ სამი შვილი შეეძინათ: ელენე, ლევანი (1879-1918) და ირაკლი (კაკი) (1881-1959). ოლიმპიადა 1883 წელს გარდაიცვალა. დაობლებული ბავშვების მოვლა-პატრონობა მათმა დეიდებმა – ანასტასიამ და ეკატერინემ იკისრეს.

ანასტასია და ეკატერინე ნიკოლაძეებმა ქუთაისში დაარსეს პანსიონი, რომელსაც ნიკოლააძეების ქალთა პანსიონი ერქვა. ელენე ჯერ ამ პანსიონში სწავლობდა, შემდგომ – ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში. 1892 წელს ელენე და მისი ძმები თბილისში გადავიდნენ. ელენემ სწავლა განაგრძო თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში და 1894 წელს 7 კლასი დაამთავრა ოქროს მედალზე. შემდეგ გადავიდა ქალთა პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1896 წელს.

ელენე ბავშვობიდანვე ცნობილ ლიტერატორთა და საზოგადო მოღვაწეთა წრეში იზრდებოდა, ამიტომ მან ადრეული ასაკიდანვე შეიყვარა მწერლობა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს აქიტურად იღებდა მონაწილეობას სარედაქციო და ჟურნალისტურ საქმიანობაში. ყოველივე ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ მამამისმა 1891 წელს ცოლად შეირთო გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ "ჯეჯილის" დამაარსებელი და გაზეთი "კვალის" თანარედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი. ელენე და ანასტასია მალე დამეგობრდნენ. ანასტასიას გავლენით, ელენემ დაიწყო "ჯეჯილთან" თანამშრომლობა. ჟუნრალში იბეჭდებოდა ელენეს მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი და გადმოქართულებული მთელი რიგი მოთხრობები. 1896 წლიდან ელენე მუშაობას იწყებს გაზეთ "კვალშიც". ერთ დროს გაზეთის ყველა საბუნებისმეტყველო სტატია მისი გადმოკეთებული იყო.

ელენე ძირითადად თარგმნიდა ფრანგულ საბავშვო მოთხრობებს. მის თარგმანთა შორის აღსანიშნავია ლუსი მოდ მონტგომერის - „უგულო ბავშვი“, უიდის (მარია ლუიზა დე ლა რამე) - "ნელლო და პატრაში" და სხვ.

ელენეს თარგმანები თავის დროზე ცალკე წიგნადაც გამოქვეყნებულა, მაგალითად, ცშოკეს "ოქროს მოყვარულები", თბ., 1896; ფრენსი ბერეტის "პატარა ლორდის თავგადასავალი", თბ. 1897; "ნელლო და პატრაში". თბ., 1899; სესილია ჯემისონის "ლედი ჯენ", თბ., 1901.

იგი თვითონაც წერდა სტატიება და საბავშვო მოთხრობებს. მისი ფსევდონიმები იყო ელიკო, ე-კო. გათხოვების შემდეგ ატარებდა მეუღლის გვარსაც – ელ. დემოლონ-წერეთელი.

ელენე ავტორია შემდეგი მოთხრობების: "ნატვრის ახდენა" (ჯეჯილი, 1895. - N4), "პატარა მარი (სოფლის ცხოვრება)" (ჯეჯილი, 1895. - N5), "ბედნიერი დღე" (ჯეჯილი, 1897. - N1), "კატის ჭკუა-გონება" (ჯეჯილი, 1898. - N11), "ბედნიერება" (კვალი, 1899. - N40), "იდეალი და ცხოვრება" (კვალი, 1899. - N43, 44, 45), "სურათი" (კვალი, 1897. - N42), "მტრები" (კვალი, 1897. - N50, 51), "ქურდი" (ჯეჯილი, 1907. - N6), "უგულობა" (კვალი, 1900. - N48, 49, 50), "ხსოვნა" (კვალი, 1900. - N51), "ანგელოზი" (ჯეჯილი, 1899. - N12), "არჩილ-პავლე-ვლადიმერი" (ჯეჯილი, 1901. - N1), "მოულოდნელი კავშირი (სურათი გიმნაზიის ცხოვრებიდან)" (ჯეჯილი, 1900. - N10).

1901 წელს ელენე თავისი ბიძის ნიკო ნიკოლაძის დახმარებით პარიზს გაემგზავრა ე.წ. „ალიანსის კურსებზე“ უმაღლესი განათლების მისაღებად ლიტერატურისა და ხელოვნების განხრით. სწავლის პერიოდში ელენემ გაიცნო აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტი, შემდგომში ცნობილი ფრანგი მეცნიერი და აკადემიკოსი ალბერ დემოლონი.

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1903 წელს, ელენე სამშობლოში ჩამოვიდა იმ პირობით, რომ მალე ისევ პარიზში გაემგზავრებოდა. აღმზრდელი დეიდები აღაშფოთა ელენეს ამ გადაწყვეტილებამ. ერთ ხანს დაითანხმეს კიდეც ელენე, მაგრამ საბოლოოდ პარიზში დაბრუნდა ალბერთან. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დასახლდა ქალაქ ლაონში, სადაც ალბერ დემოლონი აგრონომიული საცდელი სადგურის დირექტორად მუშაობდა. ელენე წერეთელი გატაცებული იყო ქმრის სამეცნიერო მუშაობით, ყველანაირად უწყობდა ხელს და ოჯახურ საქმეებსაც თავად განაგებდა, მაგრამ ყოველივე ეს ხელს არ უშლიდა საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ვითარების კურსში ყოფილიყო. აგზავნიდა თარგმნილ მოთხრობებს, წერდა თავის შენიშვნებსა და მოსაზრებებს ქართულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებზე და სხვ.

გათხოვების შემდეგ ელენემ რამდენჯერმე მოინახულა სამშობლო 1908, 1910, 1914 და 1930 წელს. 1914 წელს მსოფლიო ომმა მას ხელი შეუშალა საფრანგეთში დაბრუნებულიყო და 1919 წლამდე საქართველოში დარჩა. ცხოვრობდა დეიდებთან ქუთაისში. ამ ხნის განმავლობაში ელენე უქმად არ მჯდარა, მუშაობდა ლაზარეთში, ავადმყოფებს უვლიდა და ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებს ატარებდა.

1919 წლის ზაფხულში ელენე საფრანგეთში დაბრუნდა. იგი უკანასკნელად 1930 წელს ჩამოვიდა საქართველოში ქმართან ერთად. მისი ქმარი ამ დროს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო და იგი, როგორც დიდი მეცნიერი, სპეციალურად მიიწვიეს ლენინგრადში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო კონგრესზე. კონგრესის დამთავრების შემდეგ ცოლ-ქმარი თბილისში ჩამოვიდა და ნიკო ნიკოლაძის ოჯახს ეწვია სტუმრად.

ელენე წერეთელი ტრაგიკულად (საბარგო მანქანა დაეჯახა) გარდაიცვალა საფრანგეთში 1950 წელს. 1954 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალი ამბავი : გუშინ-წინ , 30 აპრილს... // ივერია. – 1895. – N92. – 2 მაისი. – გვ.1
  • ელენე წერეთელი // მოთხრობები (შემდგენელი ვლადიმერ წოწელია). – თბ., 1965. გვ. 424-430.
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ. წიგნი მეორე. – თბილისი, 1993. გვ. 4-5.
  • ღვინიაშვილი ა., ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი. – თბილისი, 1959. – გვ. 297.
  • წოწელია ვ., ახლო წარსულიდან : ელენე წერეთელი // საქართველოს ქალი. – 1965 წ. – N 10, ოქტომბერი. – გვ. 19

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]