შინაარსზე გადასვლა

ეთელ სნოუდენ-ანკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთელ სნოუდენ-ანკანი

მარგარეტ მარტინის კარიკატურა, 1910
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1881
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1951
ეროვნება დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ცნობილია როგორც სამოქალაქო აქტივისტი
მეუღლე(ები) ფილიპ სნოუდენი

ეთელ სნოუდენ-ანკანი (ინგლ. Ethel Snowden-Annakin; დ. 8 სექტემბერი, 1881 – გ. 22 თებერვალი, 1951) — ბრიტანელი სოციალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი, ფემინისტი და პოლიტიკოსი.

დაიბადა საშუალო კლასის წარმომადგენელი ინგლისელის ოჯახში. ახალგაზრდობაში იყო ქრისტიან სოციალისტი. შემდგომში შეუერთდა დამოუკიდებელ ლეიბორისტულ პარტიას და გახდა ფაბიანური საზოგადოების წევრი. ახალგაზრდობიდანვე ეწეოდა აქტიურ ფემინისტურ საქმიანობას. 1905 წელს იქორწინა ცნობილ ბრიტანელ ლეიბორისტ პოლიტიკოსზე, ფილიპ სნოუდენზე. აქტიურად იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში, წლების განმავლობაში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. XX საუკუნის დასაწყისში იყო სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. პირველი მსოფლიო ომის დროს მოგზაურობდა ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში, ეწეოდა პაციფისტურ პროპაგანდას, ქალთა მოძრაობების მიტინგებზე გამოდიოდა ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ინგლისის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა იმოგზაურა საბჭოთა რუსეთში და რამდენიმე კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. 1920 წელს, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრებთან ერთად იმოგზაურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სიტყვით გამოვიდა თბილისში, გურჯაანში, თელავსა და ტყიბულში გამართულ მიტინგებზე. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ, გაზეთ „მანჩესტერ გარდიანში“ (ინგლ. Manchester Guardian) გამოაქვეყნა თავისი შთაბეჭდილებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, წერილში დადებითად აფასებს გატარებულ რეფორმებს, ასევე საუბრობს რუსეთთან შედარებით საქართველოში არსებულ უკეთეს სოციალურ ფონზე. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, როგორც მეორე ინტერნაციონალის წევრი, აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. XX საუკუნის 1920-30-იან წლებში აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. იყო BBC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო ოპერის დირექტორი, სიცოცხლის ბოლო წლებში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 402.