დე გრაი დე ფუა
შარლ დე გრაი დე ფუა (ფრანგ. Charles de Grailly de Foix; დ. და გ. თარიღი უცნობია) — XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგი ოფიცერი. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს რუსეთის არმიაში კაპიტნად მსახურობდა და გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი იყო. მასთან ერთად 1770 წლის სექტემბერში შემოვიდა საქართველოში. 1777–1783 წლებში დაწერა მემუარული ხასიათის რელაცია, რომელიც ინახებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში (პირველად გამოსცა 1954 წელს ინგლისელმა ქართველოლოგმა დ. ლენგმა).
რელაციაში აღწერილია იმდროინდელი საქართველო, გადმოცემულია ცნობები ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ავტორი აღწერს ტოტლებენის ჯარის შემოსვლას საქართველოს სამხედრო გზით სტეფანწმინდაში, მეფე ერეკლე II-ისა და ტოტლებენის შეხვედრას, ერეკლეს სასახლეს თბილისში, მეფე სოლომონ I-თან ტოტლებენის შეხვედრას და სხვ. დე გრაი დე ფუა მომსწრე იყო ქართველ-რუსთა ჯარის ოსმალებთან ბრძოლისა აწყურის ციხის აღების დროს. იგი დეტალურად აღწერს საომარი კამპანიის მსვლელობას და, როგორც სამხედრო საქმის მცოდნე, სწორ შეფასებას აძლევს ერეკლე II-ის ტაქტიკას და სტრატეგიას. რელაცია ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკური წრეები მტკიცედ ადგნენ პრო-რუსული პოლიტიკური ორიენტაციის გზას. დე გრაი დე ფუა აღნიშნავს ქართველებისა და ზოგიერთი კავკასიის სხვა ხალხის ყოფის დეტალებს. მაგ., მას შეუნიშნავს საქართველოში დამკვიდრებული ჩვევა, რომლის მიხედვითაც მამაკაცი მამაკაცს სახეზე არ კოცნის. რელაციაში იგრძნობა მისი სიმპათიები ერეკლე II-ის მიმართ. დე გრაი დე ფუა თავდაპირველად ტოტლებენის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, შემდეგ იგი ტოტლებენის წინააღმდეგ განზრახულ ოფიცრების შეთქმულებას მიემხრო და თბილისში დარჩა ერეკლე II-ის კარზე. ტოტლებენმა კაპიტან დე გრაის და პოდპოლკოვნიკების — თავად ნიკოლოზ იურის ძე რატიევის (რატიშვილი) და ნაუმ ნიკოლოზის ძე ჩოგლოკაევის (ჩოლოყაშვილი) შეპყრობისთვის ჯილდოც დააწესა. 1771 წლის 22 აპრილს შეთქმულების სხვა მონაწილეებთან ერთად ყაზანში გაასამართლეს, დიდ დამნაშავედ ვერ ცნეს და უნტერ-ოფიცრად ჩამოაქვეითეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lang, D. M., Count Todtleben's Expedition to Georgia 1769-1771 according to a French Eyewitness, Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London, Vol. 13, No. 4 (1951), pp. 878-907.
- დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ., 1985.
- ოდიშელი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.