დავით ბატონიშვილის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით ბატონიშვილის სასახლეგიორგი XII-ის ძის, დავით ბატონიშვილის სასახლე თბილისში, მდებარეობდა გარეთუბანში, მტკვრის მარჯვენა ნაპირთან ახლოს (გადაჰყურებდა მტკვარს), ახლანდელი მარი ბროსეს ქუჩის მარცხენა მხარეს.

სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდგარი (XVII-XVIII სს.) სამეფო სასახლე აღა-მაღმად-ხანის შემოსევას შეეწირა. მისი აღდგენა ვერ შეძლეს ვერც ერეკლე II-მ და ვერც გიორგი XII-მ. რუსეთის იმპერიის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს გაუქმების (1801) შემდეგ დანგრეული სასახლის სამშენებლო მასალა რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში მშენებარე სხვადასხვა საუწყებო შენობის აგებას მოახმარა. ამის გამო დავით ბატონიშვილმა რუსეთის ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ამან გადააწყვეტინა მას ახალი სასახლის აგება. მშენებლობა, სამშენებლო ხარჯის ნუსხის მიხედვით, 1801 წლის 8 მაისს დაუწყიათ:

ვიკიციტატა
„ქ. ღ∼თით. გარეთ, ბატონის შვილის ბრძანებით სასახლის მუშაობას ხელი მიეყო და იმისი ხარჯი ამას ქვეით სწერია...“

(სცსია, ფ. 1448, საქ. №5964).

კავკასიის მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა 1803 წელს ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები და მათი თანმხლები ქართველი თავადაზნაურობა რუსეთში ძალდატანებით გადაასახლა. მათ შორის იყო დავით ბატონიშვილიც, რის გამოც მის მიერ დაწყებული სასახლის მშენებლობა დაუსრულებელი დარჩა. დავით ბატონიშვილის სასახლე დატანილია თბილისის 1809 წლის ე. წ. ბანოვის გეგმაზე №9-ით „Дворецъ Царсвича Давида Георгиевича (Незаконченной стройкой)“. 1838 წლის 20 ივნისს თბილისის გარეთუბნის ნაწილის გეგმაზე, როდესაც ეწოდება „Часть планагорода Тифлиса называемого Гаретубанью, с показаниемъ на...“ №59-ით დატანილია მართკუთხა ფორმის ვიწრო შენობა (1809 წლის გეგმაზეც დავით ბატონიშვილის სასახლე მართკუთხა ფორმითაა დატანილი). თანდართულ განმარტებაში აქვს წარწერა: „Каменный двухъэтажный домъ, бывшего Царевича Давида“, №60-ით დატანილია სასახლის კუთვნილი ქვით ნაგები სამზარეულო, ხოლო №61-ით თანადროულ განმარტებაში მოხსენიებულია მეჩეთი, რაც ერთადერთი ცნობაა გარეთუბანში XIX ს-ში მუალიმანური სალოცავის არსებობის შესახებ. გეგმაზე უკვე ამ დროისთვის დავით ბატონიშვილის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების შენობებს ეკავათ (მესანგრეთა ყაზარმები და სხვ.). XIX საუკუნის II ნახევარში გარეთუბნის ინტენსიურმა გაშენიანებამ აღნიშნულ ადგილს მთლიანად შეუცვალა გარეგანი სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგია ლ., გარეთუბანში მდგარი დავით ბატონიშვილის სასახლის ისტორიისათვის „ხელოვნება“, 1998, №2;
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 409, ISBN 99928-20-32-2.