გრაკლის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრაკლის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში. ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა შუაში საკმაოდ დიდი ზომის სარკმლით, აფსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო პატარა ნიშია, აფსიდის იატაკი დარბაზის იატაკზე ერთი მეტრით მაღალია, შემოსასვლელი კარები სამხრეთიდანაა. ამავე ფასადზე ერთი სარკმელია, დასავლეთი კედლის შუაში ერთი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით ორი. ეკლესიის კონქი და კამარა ჩამონგრეულია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაღების ფრაგმენტები, ინტერიერი გაჯით არის გალესილი.

ტაძარი ნაგებია აგურით, რიყის და ნატეხი ქვით, რომლებიც ფასადზე გარკვეული შინაარსით, ჰორიზონტალურადაა განლაგებული; აღმოსავლეთი კედელი გვიან არის დაშენებული კონქის ქუსლიდან და ამოყვანილია რუსული აგურით. ქართული აგურითაა გამოყვანილი სარკმლები და სამსაფეხურა კარნიზი, ხოლო ნაგებობის კუთხეებში დიდი ზომის ქვებია გამოყენებული; თუმცა ფასადის მთავარ შემკულობას აღმოსავლეთ და დასავლეთ არქიტრავზე აგურით გამოყვანილი გოლგოთის ჯვრები წარმოადგენს. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ზომის თაღჩებია.

ტაძარზე არსებული ლაპიდარული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია 1858 წელს.

ეკლესია დიდი ზომისაა, გეგმით სწორკუთხა. ტაძარში შესასვლელი ოთხკუთხა კარი ჩრდილო-დასავლეთითაა გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე თითო-თითო, ხოლო გრძივ კედლებზე ორ-ორი სარკმელია, მათგან ერთი — ჩრდილო-დასავლეთისა ამჟამად ამოშენებულია. ინტერიერი გაჯით არის შელესილი, თუმცა ადგილ-ადგილ ჩამოშლილი ბათქაშის ქვეშ იკითხება იგივე ხასიათის კედლის წყობა, როგორიც გვხვდება ფასადზე. კამარა ებჯინებოდა ორ წყვილ შეკიდულ თაღს. დარბაზი, ასევე, გრძივ კედლებზე არსებული სადაზედაპირიანი ნახევარპილასტრებითაა გაყოფილი. ინტერიერის კელდებში სხვადასხვა ზომის თაღჩებია შეჭრილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთით, სარკმლის ქვეშ, ამბიონთან, საგანგებოდ გაჭრილი დიდი ნალისებური თაღჩაა — ბათქაშით დაფარული კედლის გამო ამჟამად გაურკვეველია, ეს თაღჩა თავდაპირველია თუ გვიანდელი. თუმცა ნათლად იკითხება, რომ მოგვიანოდაა ამაღლებული კანკელი და კიბეები ამბიონის ორივე მხარეს, ნატეხი ქვით ამოყვანილი. თავის მხრივ, ამბიონზეც ბეტონის დაბალი ზღუდეა ამოშენებული _ როგორც ჩანს, საკურთხეველს გვიან პერიოდში რეზერვუარად, სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. ამაღლებულ საკურთხეველში ბეტონის იატაკის კვალი შეინიშნება. საკურთხევლის კონქი დარბაზისგან საფეხურითაა გამოყოფილი. კონქში, სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის სამკუთხა ნიშებია. საკურთხეველში წითელი საღებავის კვალი აღინიშნება. დასავლეთ ნაწილში პატრონიკე იყო მოწყობილი — დასავლეთი კედლის ბათქაშზე მეორე სართულის იატაკის კვალია; ღარებია კედლის ორივე მხარეს იატაკის საბჯენი ძელებისთვის. 1990 წელს პატრონიკე შედარებით უკეთ იყო შემორჩენილი, იატაკი, გადახურვა და კიბეები ხით იყო გაკეთებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5975