გნეუს დომიციუს აჰენობარბუსი (კონსული ძვ. წ. 32)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მონეტა, რომელზეც ასახულია აჰენობარბუსის მიერ გნეუს დომიციუს კალვინუსზე მოპოვებული გამარჯვება.

გნეუს დომიციუს აჰენობარბუსი (ლათ. Gnaeus Domitius Ahenobarbus; გ. ძვ. წ. 31) — ძველი რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ძვ. წ. I საუკუნეში.[1] რომის კონსული ძვ. წ. 32 წელს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰენობარბუსი მამასთან, ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსთან ერთად ძვ. წ. 49 წელს კორფინიუმთან შეიპყრეს. იგი ძვ. წ. 48 წელს გამართულ ფარსალოსის ბრძოლას ესწრებოდა, თუმცაღა ამის შემდეგ ომში რაიმე სახით მონაწილეობა აღარ მიუღია, თუმცა იტალიაში ძვ. წ. 46 წლამდე აღარ დაბრუნებულა, როდესაც იგი იულიუს კეისარმა შეიწყალა. სავარაუდოდ, მას კეისრის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტორის მტკიცებით იგი ერთ-ერთი შეთქმულთაგანი იყო. კეისრის სიკვდილის შემდეგ იგი ბრუტუსს მაკედონიაში გაჰყვა და ძვ. წ. 43 წელს ერთ-ერთ მკვლელად გამოცხადდა.

ძვ. წ. 42 წელს იგი ორმოცდაათხომალდიან ფლოტს მეთაურობდა იონიის ზღვაში და მეორე ტრიუმვირატის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც მთლიანად გაანადგურა გნეუს დომიციუს კალვინუსი ფილიპის პირველი ბრძოლის დღეს, როდესაც ამ უკანასკნელმა ბრუნდიზიუმისაკენ გაცურვა სცადა. ამ გამარჯვების წყალობით, იგი იმპერატორად გამოცხადდა. მისი ამ გამარჯვების გამოსახულება აღბეჭდილია მონეტაზე, რომელზეც გამოსახულია ხომალდზე აღმართული ნადავლი, მონეტის მეორე მხარეს კი გამოსახულია წვეროსანი თავი, რაც აჰენობარბუსების ოჯახის კარგი რეპუტაციის მქონე წარმომავლობაზე მიანიშნებს.

ფილიპის ბრძოლის შემდეგ, აჰენობარბუსი სექსტუს პომპეუსისაგან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა ომს და სამოცდაათი გემისაგან შემდგარი ფლოტითა და ორი ლეგიონით აწიოკებდა იონიის ზღვის სანაპიროებს.

ძვ. წ. 40 წელს გაიუს ასინიუს პოლიონის შუამავლობით, აჰენობარბუსი შეურიგდა მარკუს ანტონიუსს, რამაც ძლიერ გაანაწყენა ოქტავიანე. ძვ. წ. 39 წელს პომპეუსთან დამყარებული მშვიდობის შემდეგ, ანტონიუსმა აჰენობარბუსის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლო და ძვ. წ. 32 წლისათვის მისთვის კონსულის თანამდებობის დაკავების პირობის მოპოვებაც მოახერხა. ძვ. წ. 36 წელს აჰენობარბუსი თან ახლდა ანტონიუსს ამ უკანასკნელის მარცხიან ლაშქრობაში პართიაში. ერთ-ერთი განსაკუთრებით გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ანტონიუსი იმდენად იყო გულგატეხილი, რომ თავისი ჯარისკაცების გამხნევების მისია აჰენობარბუსს ანდო.[2] ანტონიუსმა იგი ბითინიის მმართველად დანიშნა, რომლის გამგებლადაც ის ძვ. წ. 35 წლამდე (ან შესაძლოა, ამის შემდეგაც) მსახურობდა.[3] ძვ. წ. 35 წელს იგი ეხმარებოდა გაიუს ფურნიუსს, აზიის მმართველს, სექსტუს პომპეუსის წინააღმდეგ.[3]

ძვ. წ. 32 წელს, შეთანხმების თანახმად, აჰენობარბუსი კონსული გახდა. ამ წელს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის ღია განხეთქილება მოხდა. გაიუს სოზიუსთან ერთად, იგი რომიდან ანტონიუსთან, ეფესოში გაიქცა, სადაც ეს უკანასკნელი კლეოპატრასთან ერთად იპოვა და ამაოდ შეეცადა დედოფალი არმიისათვის ჩამოეშორებინა. ანტონიუსის ხელმძღვანელობით უკმაყოფილო მრავალმა ჯარისკაცმა მეთაურობა მას შესთავაზა, თუმცაღა აჰენობარბუსმა საერთოდ დატოვა ანტონიუსის მხარე და ძვ. წ. 31 წელს, აქციუმის ბრძოლამდე მცირე ხნით ადრე, ოქტავიანეს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ ციებ-ცხელებით იტანჯებოდა, იგი ოქტავიანესთან პატარა გემით მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუსი ძლიერ იყო განაწყენებული, მან მაინც გაუგზავნა მას ყველა მეგობარი და თანმხლები.[4] იგი ბრძოლას არ დასწრებია, რადგან ოქტავიანესთან შეერთებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პლუტარქე ვარაუდობს, რომ მისი გარდაცვალება გამოწვეული იყო „მისი ღალატისა და გამცემლობის გამოაშკარავების სირცხვილით“.[4] სვეტონიუსი ამბობს, რომ იგი თავისი ოჯახის საუკეთესო წარმომადგენელი იყო.[5][6][7][8][9][10]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰენობარბუსის მამას, ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსს, ძვ. წ. 54 წელს კონსულის თანამდებობა ეკავა. დედამისი იყო პორცია კატონისი, კატონ უმცროსის და და ორი სერვილიას (სერვილია უფროსი — კეისრის საყვარელი და სერვილია უმცროსი — ლუკულუსის მეორე ცოლი) ნახევარდა.

აჰენობარბუსი დაქორწინებული იყო ემილია ლეპიდაზე. მათი ერთადერთი შვილი, ლუციუს დომიციუს აჰენობარბუსი დაქორწინებული იყო მარკუს ანტონიუსისა და ოქტავია უმცროსის ქალიშვილზე, ანტონია უფროსზე.[11] წყვილს შეეძინა ვაჟი — უმცროსი გნეუს დომიციუს აჰენობარბუსი — იმპერატორ ნერონის მამა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith, William (1867), „Ahenobarbus (8), Lucius Domitius“, Smith, William, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, 1, Boston: Little, Brown and Company, сс. 85–86, http://www.ancientlibrary.com/smith-bio/0094.html
  2. პლუტარქე: ანტონიუსი, c. 40
  3. 3.0 3.1 Richardson, Geoffrey Walter (1996), „Domitus Ahenobarbus, Gnaeus(4)“, Hornblower, Simon, Oxford Classical Dictionary, Oxford: Oxford University Press
  4. 4.0 4.1 პლუტარქე, ანტონიუსი, c. 63
  5. ციცერონი, Phil. ii. 11, x. 6, Brut. 25, ad Fam. vi. 22
  6. აპიანე, B. C. v. 55, 63, 65
  7. დიონ კასიუსი, lib. xlvii.—l
  8. ველეიუს პატერკულუსი, ii. 763 84
  9. სვეტონიუსი, ნერონი 3
  10. ტაციტუსი, ანალები iv. 44
  11. პლუტარქე: ანტონიუსი, c. 87
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ოქტავიანე და ლუციუს ვოლკაციუს ტულუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
გაიუს სოზიუსთან ერთად
ძვ. წ. 32
შემდეგი:
ოქტავიანე და მარკუს ვალერიუს მესალა კორვინუსი