შინაარსზე გადასვლა

გიორგი ჯაბადარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარი (დ. 2 ივნისი, 1888, თბილისი, საქართველო ― გ. 16 ივლისი, 1938, ბერლინი, გერმანია) — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.

დაიბადა საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. 1902 სწავლობდა ბელგიაში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა თეატრალური სტუდია, მუშაობდა ანტუანის ცნობილ თეატრში. 1918 საქართველოში დაბრუნდა. ამავე წელს თბილისში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ქართული დრამატული სტუდია-თეატრი (ჯაბადარის სტუდია), რომელსაც 1920-მდე ხელმძღვანელობდა. 1920 საქართველოს ეკონომიკურ დელეგაციასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა და ევროპული ენების კარგი ცოდნის გამო საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის თანაშემწედ დაინიშნა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში დარჩა და ბერლინში დასახლდა. იყო გერმანელ მსახიობთა კავშირის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარიზის თეატრ „ოდეონში", ბერლინის „სამხატვრო თეატრში" და სხვ. მუშაობდა პარიზის თეატრ „ოდეონში“ და გერმანიაში. ჯაბადარს ეკუთვნის ნაშრომი „ქართული თეატრი“. ძმასთან ერთად ფრანგულ ენაზე თარგმნა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“, შემდეგ კი გერმანულ ენაზე მეუღლესთან, გერტრუდ ჯაბადართან ერთად თარგმნა იგივე პიესა და 1935 ბერლინის „სამხატვრო თეატრში“ წარმოადგინა. ეს ქართული პიესის ევროპაში დადგმის პირველი შემთხვევა იყო. გარდაიცვალა ბერლინში. დასაფლავებულია იქვე, შენებერგის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]