გვანაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვანაგი
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
კოორდინატები 37°28′42″ ჩ. გ. 126°57′05″ ა. გ. / 37.4784306° ჩ. გ. 126.9515972° ა. გ. / 37.4784306; 126.9515972
დაარსდა 1973
ფართობი 29.57 კმ²
მოსახლეობა 502 089 (2019)[1] ,
482 692 (2023)[2]
ოფიციალური საიტი http://www.gwanak.go.kr
გვანაგი — სამხრეთი კორეა
გვანაგი

გვანაგი, იგივე გვანაგგუ (კორ. 관악구?, 冠岳區?) — რაიონი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის სამხრეთ ნაწილში. აქვს თვითმმართველი სტატუსი.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად სახელი გვანაგი 1963 წლის 1 იანვარს იქნა გამოყენებული, როდესაც კიონგიდოს პროვინციის ნაწილი, სიჰინის ოლქის (ქალაქის სტატუსი მიიღო 1989 წელს) რაიონი (ტონმიონი), სეულის შემადგენლობაში შევიდა. მაშინ დაფუძნდა მერიის ადგილობრივი განყოფილება, სახელად გვანაგი (관악 출장소). სახელი გვანგგუ რაიონს ოფიციალურად მიენიჭა პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის 1973 წლის 12 მარტის ბრძანებულების შესაბამისად.

რაიონის ადმინისტრაციული დაყოფა

მდებარეობა ქალაქის რუკაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთით გვანაგგუს ესაზღვრება დონჯაკი, აღმოსავლეთით - სოჩჰოგუ, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით - ქალაქ გვაჩჰონის ტერიტორია, ხოლო დასავლეთით - გიმჩჰონგუს რაიონი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, დღევანდელი გვანაგის ტერიტორია ანექსირებული იყო პექჩეს სახელმწიფოს მიერ, ვან კინჩჰოგოს (კორ. 근초고왕, კორ. 近 肖 古 王) მმართველობისას, მაგრამ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგი კოგურიოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცა.

1960-იანი წლების შუა ხანებში გვანაგის ტერიტორიამ შეიცვალა სტატუსი და კიონგიდოს პროვინციიდან დედაქალაქის შემადგენლობაში, იონდინპჰოგუს რაიონის შემადგენლობაში შევიდა. იმ დროს ამ ტერიტორიაზე არ იყო დიდი საწარმოები, ძვირადღირებული სახლები, არც გამწვანებული პარკები. რაიონი უმეტესად ღაბი მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული. ტერიტორიის მკვეთრ განვითარებაზე იმოქმედა 1975 წლის თებერვალში პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის ბრძანებით სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ჩონოგუდან გვანაგში გადატანამ

1973 წლის 1 ივლისს გვანაგი, რომლის შემადგენლობაშიც იმ დროს იყო სოჩჰოგუსა და დონჯაკის რაიონები, გამოეყო იონდინპჰოგუს და მოიპოვა თვითმმართველობის სტატუსი.

ორ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, 1975 წლის 1 ოქტომბერს, გვანაგგუმ და იონდინპჰოგუმ „გაცვალეს“ რაიონები - ტოქსანდონის (კორ. 독산동) ნაწილი გადავიდა გვანაგში და სანაცვლოდ, იონდინპჰოგუმ მიიღო ტებანდონისა (კორ. 대방) და სინდებანდონის (კორ. 신대방동) ნაწილები.

1980 წლის 1 აპრილს, პრეზიდენტ ჩჰვე გიუ ჰას ბრძანებულებით, დონჯაკის ტერიტორია გამოეყო გვანაგგუს.

გვანაგის ამჟამინდელი საზღვრები დაწესდა 1988 წლის 1 იანვარს, როდესაც გუროგუს ტერიტორიის ნაწილი გადაეცა გვანაგის რაიონს.

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი

საერთო მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვანაგსანის ქალაქის ბუნებრივი პარკი (კორ. 관악산 도시 자연 공원) პოპულარული დასასვენებელი ადგილია. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ხელოვნური ტბა, შადრევნები, მთებზე ასვლის მსურველთათვის შესაბამისი ბილიკებია მოწყობილი და დასვენების დღეებში მას უამრავი ადამიანი სტუმრობს, ვისაც სურთ გვანაგსანის მთებში (კორ. 관악산) შემავალ მწვერვალებზე ასვლა.

2008 წელს, მზარდი ფინანსური კრიზისის ფონზე, სეულის მერიამ გადაწყვიტა გამოეყო თანხა ქალაქის პარკების, მათ შორის გვანაგსანის პარკის გასაუმჯობესებლად. მერიის გეგმის მიხედვით, გვანაგსანის პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 2 მილიარდ 800 მილიონი ვონი, რაც დოლარით 2 230 000 აშშ დოლარზე მეტია (2009 წლის 31 მაისის მონაცემებით).

რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი[3], ასევე 58 სკოლა (მათ შორის 2 სპეციალიზებული და 2 პროფესიული) და 38 საბავშვო ბაღი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]