შინაარსზე გადასვლა

სიდჰართა გაუტამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუდას ქანდაკება, ტოკიოს ეროვნული მუზეუმიდან, თარიღდება I-II საუკუნით.

სიდჰართა გაუტამა (სანსკრიტი सिद्धार्थ गौतम, პალი Siddhattha Gotama; დაახ. ძვ. წ. 563 - ძვ. წ. 483) — ძველი ინდოელი სულიერი მოძღვარი და ბუდიზმის დამაარსებელი. იგი ასევე ცნობილია როგორც შაკიამუნი, ანუ ბრძენი შაკიების გვარიდან. ბუდას ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რადგან მისი ცხოვრების აღწერები მისი წასვლის შემდეგ დაახლოებით 300 წლის მერე დაიწერა. სიდჰარტა გაუტამა ბუდას ბიოგრაფია თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა და მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ მისი მიმდევრების მიერ იქნა ჩაწერილი. მისი ცხოვრების ყველაზე ცნობილი ეპიზოდები თავმოყრილია კრებულში ჯატაკა, რომელიც პალიზეა შედგენილი (ერთ-ერთი უძველესი ინდური ენა) ძვ. წ. II საუკუნეში.

ბუდა ცნობილია კიდევ რამდენიმე სახელითა და ტიტულით: შაკიამუნი (შაკიების ბრძენი), ბოდჰისატვა (გასხივოსნებისკენ მსწრაფი), მაჰაპურუშა (დიადი ადამიანი), ჩაკრავარტინი (სამყაროს მეუფე), ტათჰაგატა (შეშმარიტების მფლობელი), ბჰაგავატი (ბატონი) და სხვა.

სიდჰარტა (რაც ნიშნავს: „მიზანს მიღწეული“) გაუტამა ძვ. წ. 558 წელს (სხვა ვერსიით 567 წ.) დაიბადა ქალაქ კაპილავასტუში, რომელიც ჰიმალაის მთის ძირში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთში მდებარეობს. მისი მამა შუდჰოდანა, გაუტამას საგვარეულოს შაკიების ცნობილი კლანის წარმომადგენელი იყო და მეფე-მეომრების უმაღლეს კასტას მიეკუთვნებოდა. ცნობილია მისი დედის სახელიც - მაიადევა („მაია“ სანსკრიტზე ნიშნავს წუთისოფელს, მოჩვენებით სამყაროს). სიდჰარტას შობიდან შვიდი დღის თავზე დედა გარდაიცვალა. ჩვილის გაზრდა დეიდამ, მაჰარპრაიაპატიმ, იკისრა. იგი მეფემ ცოლად შეირთო და მან დის, მაიას, ადგილი დაიკავა. ახალდაბადებულ სიდჰართას სხეულზე ამოაჩნდა დიდი ადამიანის 32 მაჩვენებელი. წინასწარმეტყველმა ასიტამ უთხრა ამის შესახებ მეფეს, რომ პატარა ან დიდი მეფე ან დიდი წმინდანი გახდება. მამას სურდა რომ შვილი დიდი მეფე გამხდარიყო და შესაბამისად ზრდიდა. სიდჰართჰას არიდებდნენ ყველაფერს, რასაც შეეძლო მისი დამწუხრება.

16 ან 19 წლის ასაკში სიდჰარტა დაქორწინდა იაშოდჰარაზე, რომლისგანაც ეყოლა ვაჟიშვილი რაჰულა[1]. გადმოცემის მიხედვით, ერთმა წინასწარმეტყველმა მეფე შუდჰოდანას ამცნო, რომ მისი ვაჟი ოთხ საგანს იხილავდა, რაც უფლისწულის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა - ისიც მეფე გახდებოდა, ოღონდ არა ამ ქვეყნისა. ამის გამო მამამ ვაჟიშვილი გარესამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოაქცია, ცდილობდა მემკვიდრეს არ ეხილა ცხოვრების სიმძიმე და ტრაგიზმი, არ დაენახა მათხოვრები, სნეულები, ხეიბრები და ბებრები, არ განეცადა ადამიანის სიკვდილით მოგვრილი ტკივილი. უფლისწული სასახლიდან გაუსვლელად, სრულ ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მან მალევე იგრძნო ამგვარი ყოფის ამაოება.

29 წლის გაუტამამ მსახურთან ერთად სასახლის გალავანს გადააბიჯა. გარეთ მან ოთხი „სიახლე“ იხილა, რამაც შეძრა იგი და მისი ცხოვრება შეცვალა. „ოთხი წამიერი ხილვის“ ამბავში გადმოცემულია თუ, მამის მცდელობის მიუხედავად, დაეცვა შვილი გარესამყაროსაგან, როგორ შეიტყო სიდჰარტამ, რომ ადამიანთა ცხოვრება ტანჯვითაა აღსავსე. მან ნახა სიბერე (დაუძლურებული მოხუცი), ავადმყოფობა (დასნეულებული ადამიანი), სიკვდილი (მკვდარი სხეული) და ბოლოს სრული სიმშვიდე (მოხეტიალე თავგადაპარსული გლახაკი ბერისა). ნანახისა და განცდილის სიმძაფრემ გაუტამას საბოლოოდ გადააწყვეტინა განდგომისა და შინაგანი სრულყოფის გზაზე სიარული.

უფლისწულმა დატოვა სახლი და შეუდგა „დიად გზას“ ხსნის საძებნელად. პირველად იგი შეუერთდა ინდუისტ ასკეტ ბერებს, იმ იმედით, რომ სხეულის დათრგუნვა სიმშვიდეს მოუტანდა და ტანჯვას დააძლევინებდა. ექვსწლიანი უკიდურესად ასკეტური ცხოვრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწია. გაუტამამ „ოქროს შუალედის“, ანუ „შუა გზის“ პრინციპი ჩამოაყალიბა. მან უარი თქვა როგორც სრულ ასკეტიზმზე, ასევე „მიშვებულ“ ცხოვრებაზე და ღრმა მედიტაციას მიეცა.

ერთხელ სიდჰარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა იყო, მდინარე საიას ნაპირას ლეღვის ხის ძირას დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ადგილს არ მოიცვლიდა, სანამ განსხივოსნებას არ მიაღწევდა. ორმოცდამეცხრე დღეს ოთხი ჭეშმარიტება გამოეცხადა და ამის შემდეგ დაერქვა ბუდჰა, რაც: „გასხივოსნებულს“, „გამოღვიძებულს“ ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვეშაც ის იჯდა, ეწოდა ბოდჰი (სიბრძნის ხე). ბუდას პირველი ზრახვა იყო ხალხისათვის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის დემონი, მარა, შეუჩნდა მას და ოთხი თუ შვიდი კვირის განმავლობაში ცდილობდა აეძულებინა იგი (ბუდა), ამ მისიაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში, ცდუნება და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა[2].

ბუდამ პირველი ქადაგება ბენარესის მახლობლად, ცხოველთა ბაღში წარმოთქვა. გადმოცემის თანახმად, მისი პირველი მსმენელები ხუთი ადამიანი და ორი ირემი იყვნენ. ქადაგება ასე დაიწყო: „

ვიკიციტატა
„ბჭენი ხსნისა დაე, გაცხადდეს ყველასათვის! ადამიანებო, განიხვენით ყურნი თქვენი და მისმინეთ მე: გზა ხსნისა ნაპოვნია! მე გმოძღვრავთ თქვენ და, თუ ჩემი სწავლის თანახმად იცხოვრებთ, მიიღებთ იმას, რისი გულისთვისაც კეთილშობილნი ჭაბუკნი ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად. თქვენ იხილავთ ჭეშმარიტებას

ამის შემდეგ, მომდევნო 45 წლის განმავლობაში, ბუდამ თითქმის მთელი ინდოეთი მოიარა, მრავალი მიმდევარი შეიძინა, დააარსა ბუდისტთა საკრებულოები და მამათა მონასტრები. ბუდა ღრმად მოხუცებული, 80 თუ 85 წლისა, გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა სოკოს კერძ, რომელიც მას ერთმა ნალბანდმა მიართვა. ცნობილია ბუდას გიგანტური ქანდაკებები, რომლებზეც მისი უკანასკნელი დაძინებაა აღბეჭდილი. გადმოცემის მიხედვით მან სიკვდილის წინ ლოტოსის ფორმა მიიღო, ერთგული ბერების წინაშე უკანასკნელი ქადაგება წარმოთქვა, მარჯვენა მხარ-თეძოზე წამოწვა, ხელი ტავქვეშ ამოიდო, ღრმა მედიტაციაში ჩაიძირა და პარინირვანაში შევიდა.

ბუდას გვამი დაწვეს და მისი ფერფლი რვა მოწაფემ გაინაწილა. ბუდას მოძღვრება მისმა მოწაფეებმა მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში გაავრცელეს.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Immediate Family of the Buddha. Sections 3. Maha Pajapati Gotami, and 4.Yasodhara. by Radhika Abeysekera.
  2. Vogel, Jean Philippe; Barnouw, Adriaan Jacob (1936) Buddhist Art in India, Ceylon, and Java. Asian Educational Services, გვ. 70–71.