ბორა-ბორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორა-ბორა
მშობ. სახელი: ფრანგ. Bora-Bora
BoraboraISS006-E-39815.PNG
ბორა-ბორა, NASA-ს ფოტო
გეოგრაფია
Karta FP Societe isl.PNG
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 16°29′40″ ს. გ. 151°44′11″ დ. გ. / 16.49444° ს. გ. 151.73639° დ. გ. / -16.49444; -151.73639
მთავარი კუნძული ბორა-ბორა
ფართობი 29,3 კმ²
უმაღლესი წერტილი 727 მ
ოტემანუ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უდიდესი ქალაქი ვაიტაპე
საფრანგეთის პოლინეზიის პრეზიდენტი ედუარდ ფრიტჩი
დემოგრაფია
მოსახლეობა 8 880 (2008)
სიმჭიდროვე 220 ად. /კმ²
ბორა-ბორას ჩრდილო-აღმოსავლეთ ხედი პაჰიის მთიდან
ოჩოფეხებზე შემდგარი ლაგუნები

ბორა-ბორა — 30 კმ² ფართობის მქონე კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის საზოგადოების კუნძულების დასავლეთ ნაწილში, ლივარდის კუნძულებში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქ პაპეეტედან 230 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, შემოსაზღვრულია ლაგუნითა და ბარიერული რიფით. კუნძულის ცენტრში შეინიშნება ჩამქრალი ვულკანის ნაშთები, ორი მწვერვალი — პაჰია და ოტემანუ, რომელთა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 727 მეტრია.

ბორა-ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, განთქმულია თავის მდიდრული აკვა-კურორტით. ძირითადი დასახლება, ვაიტაპე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლაგუნაში შემავალი მთავარი არხის მოპირდაპირე მხარეს. 2008 წლის აღწერის მონაცემებით, ბორა-ბორას 8 880 მუდმივი მოსახლე ჰყავს.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ დროში კუნძულს „პორა-პორა-მაი-ტე-პორას“ ეძახდნენ, რაც ადგილობრივ ტაიტურ დიალექტზე „ღმერთების მიერ შექმნილს“ ნიშნავს. როდესაც კუნძული ჰოლანდიელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა აღმოაჩინა, მისმა ეკიპაჟმა მისი სახელი გაიგო როგორც „ბორა-ბორა“, რას მას შემდეგ შემორჩა კიდეც.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული პოლინეზიელებით ყოფილა დასახლებული ახ. წ. IV საუკუნიდან. პირველი ევროპელი, რომელიც ბორა-ბორაზე გამოჩნდა, იაკობ როგევენი იყო 1722 წელს. იმავე წლებში კუნძულს ესტუმრა ჯეიმზ კუკიც. 1820 წელს ბორა-ბორაზე გამოჩნდა ლონდონის მისიონერული საზოგადოება, რომელმაც 1890 წელს იქ პროტესტანტული ეკლესია დააარსა. ბორა-ბორა დამოუკიდებელი სამეფო იყო 1888 წლამდე, როდესაც უკანასკნელ დედოფალ ტერიმაევარუა III-ს ფრანგებმა გადადგომა აიძულეს და კუნძული საკუთარ კოლონიად გამოაცხადეს.

II მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

II მსოფლიო ომის დროს, აშშ-მა ბორა-ბორა სამხრეთ წყნაროკეანური სამხედრო ძალების მოსამარაგებელ ბაზად აირჩია, საიდანაც აწვდიდა ნავთს, აერსტრიპტებს, იყენებდა თვითმფრინავების დასაჯდომად, აშენდა დამცავი ფორტიფიკაციაც. „ოპერაცია ბობკატის“ სახელით ცნობილ კუნძულს 9 გემის ძალების მომარაგება შეეძლო, 20 000 ტონა შეიარაღება და დაახლოებით 7 000 კაცი. კუნძულის გარშემო, სტრატეგიულ ადგილებზე განლაგდა შვიდი საარტილერიო ბაზა, რომელთაც ის პოტენციური სამხედრო თავდასხმისგან უნდა დაეცვა.

მიუხედავად ამისა, ბორა-ბორა საომარ მოქმედებებში უშუალოდ არასოდეს ჩართულა. აშშ-ის სამხედრო ბაზა ოფიციალურად 1946 წლის 2 ივნისს დაიხურა. მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული ასაფრენი ზოლი, რომელსაც დიდი ხომალდების მიღებაც არ შეეძლო, 1960 წლამდე საფრანგეთის პოლინეზიის ერთადერთ საერთაშორისო აეროპორტად რჩებოდა, სანამ ტაიტის დედაქალაქ პაპეეტეზე ფააას საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნებოდა.[2]

ბორა-ბორას კომუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ტერიმაევარუა III და მისი მხლებლები, 1899 წ.

ბორა-ბორას კომუნა შედგება თავად ბორა-ბორასა და მის გარშემო მდებარე წვრილი კუნძულებისა და ატოლ ტუპაისაგან. ტუპაის მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, გარდა ქოქოსის კაკლების პლანტაციაში დასაქმებული 50 ადამიანისა.

კომუნა ადმინისტრაციული დანაყოფია ლივარდის კუნძულების შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ვაიტაპეს დასახლება. მმართველად ითვლება საფრანგეთის პოლინეზიის პრეზიდენტი ედუარდ ფრიტჩი.[3]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, კუნძულუს ეკონომიკა თითქმის მთლიანად დაფუძნებულია ტურიზმზე. ბოლო წლებში, ლაგუნის გარშემო გაშენდა რამდენიმე კურორტი. 1961 წელს გაიხსნა სასტუმრო ბორა-ბორა, ცხრა წლის შემდეგ კი ლაგუნის გარშემო, წყალში აშენდა ოჩოფეხებზე შემდგარი პირველი ბუნგალოები..[4] დღეისათვის, მსგავსი ბუნგალოები ბორა-ბორას კურორტთათვის სახასიათოა.

ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა უმეტესი ნაწილი აკვაცენტრულია. თუმცა, შესაძლებელია ბორა-ბორას კანიონების მონახულებაც. კუნძულზე არსებულ აეროპორტ მოტუ-მუტეში ტაიტიდან ყოველდღიურად ექვს რეისს ასრულებს ავიაკომპანია Air Tahiti.

კუნძულზე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაადგილების რეკომენდებული მეთოდია გასაქირავებელი მანქანები და ველოსიპედები. ლაგუნის დასათვალიერებლად შესაძლებელია მოტორიანი ნავის დაქირავებაც.

ლაგუნის გარშემო პოპულარული აქტივობებია წყალქვეშ ცურვა და დაივინგი. მიმდებარე წყლებში ბინადრობს ზვიგენისა და სკაროსის რამდენიმე სახეობა. ბორა-ბორას ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან შექმნეს ხელოვნური კუნძული მოტუ-მარფო.[5]

ბორა-ბორას პანორამული ხედი

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2009) Seven Natural Wonders of Australia and Oceania. Twenty-First Century Books, გვ. 58. ISBN 978-0822590743. 
  2. Our History. Our History. Office of Post and Telecommunications. წაკითხვის თარიღი: 18 April 2011.
  3. President of French Polynesia steps down“, The Australian, 8 February 2009. წაკითხვის თარიღი: 12 February 2009. 
  4. Complete Reconstruction Scheduled for Hotel Bora Bora. წაკითხვის თარიღი: 2015-02-15.
  5. The St. Regis Bora Bora Resort. boraboraallinclusiveguide.com. წაკითხვის თარიღი: 22 August 2014.