ახაშნის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახაშნის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის სამხრეთით 0,8 კილომეტრზე განაპირას, სწორ ადგილზე, განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომლებშიც თანაბარი ინტერვალებით, ორრიგად ნაწყობი აგურის ჰორიზონტალური შრეებია ჩართული. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმელთა ღიობები, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტები აგურითაა გამოყვანილი. კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან გასწორებულია, ბათქაშით და კირითაა შეთეთრებული. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან ნახევარწრიული, ხოლო შიგნიდან შეისრული თაღითაა გადახურული.

ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომელშიც ერთი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ფართო და მაღალია დარბაზის გრძივი კედლები სამი განიერი პილასტრით, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი, დაყოფილია ოთხ-ოთხ თანავარ ნაწილად. თითო, მაგრამ გაცილებით ვიწრო პილასტრია დარბაზის კუთხეებშიც. რომლებსაც განივი კედლების მიმდებარე ნაბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილს შორის ჩაშენებულია კანკელი (აგებულია 2004 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელებული სარემონტო სამუშაოების დროს), რომელშიც მოწყობილია სამი თაღოვანი შესასვლელი და რვა ნიშა. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთ კედელზე და პილასტრების დასავლეთ წყვილზე შემორჩენილია პატრონიკეს საყრდენი კოჭების ბუდეები. პილასტრებს შორის თითო ყრუ თაღია - ნახევარწრიული თავით. ყველა პილასტრი დასრულებულია მაღალი, პროფილირებული კაპიტელით. დარბაზი კარგადაა განათებული გრძივ კედლებში გაჭრილი 4 ფართო და მაღალი, თითქმის პარალელურწირთხლებიანი თაღოვანი სარკმლით და დასავლეთ კედელში გაჭრილი ერთი მრგვალი სარკმლით. შიგნით ეკლესია გადახურულია აგურით ნაწყობი შეისრული კამარით, შეისრულია კამარის საბჯენი თაღებიც.

ეკლესიის ფასადებზე მტკიცედაა დაცული წყობის ე. წ. კახური სისტემა. ერთმანეთისგან თანავარი მანძილებით დაშორებულ აგურის შრეებს შორის მოქცეული რიყის ქვის ორ-ორი რიგი, კედლების ზედაპირი დანაწევრებულია პილასტრისებრი შვერილებით (სიგრძე 22 სმ). რომლებიც თითო აგურის წყობითაა გამოყვანილი და დასრულებულია აგურისავე ორსაფეხურიანი კაპიტელებით. შვერილებიდამ, მხოლოდ აღმოსავლეთ დასადის შუაში მდებარე ორის შვერილია უკაპიტელო: მათზე იგივე პროფილის ნახევარწრიული თაღია გადაყვანილი, რომელიც თითქმის ფრონტონის წვერს აღწევს. ამ ვიწრო და მაღალ თაღოვან არეში საკურთხევლის სარკმეველი და მის ზემოთ მდებარე, წყოვიდან გვერდით შვერილი აგურის ერთი რიგით შემოფარგლული მკლავებწაწვეტებული და მუქი წითელი ფერის საღებავით შეღებილი ტოლმკლავა ჯვარია მოქვეული. სარკმელს ორგვლივ ევლება ლეკალური აგურით ნაწყობი ვიწრო ლილვი, რომელიც დაყრდნობილია ორსაფეხურიან ჰორიზონტალურ თაროზე. თითო ანალოგიური ჩარჩოა განთავსებული ცენტრში. თაღოვანი არის ორივე მხარეს - საკურთხევლის სარკმლის დონეზე, რომლებიც ე. წ. ცრუ სარკმლის შთაბეჭდილებას ქმნიან. დასავლეთ ფასადი აღმოსავლეთ დასადისაგან განსხვავებუთ ნაკლებადაა დანაწევრებული, მხოლოდ კიდეებთანაა გამოყოფილი ორ-ორი ვერტიკალური შვერილი, ფასადზე. ერთ დონეზე, სამი ცრუ სარკმელია გამოყვანილი. ამავე ფასადზე, ფრონტონის არეში, გაჭრილია ერთი მრგვალი სარკმელი, რომლის წრიულ ჩარჩოზე დადგმულია აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული ჯვრის მსგავსი ჯვარი. გრძივი ფასადები ერთნაირადაა დამუშავებული თითოეული ვიწრო და მაღალი ოთხკუთხედით დაყოფილია ოთხ-ოთხ არედ, რომლებშიც მონაცვლეობით სარკმლები და ცრუ სარკმლებია განლაგებული. ეკლესიის ღმოსავლეთ ნახევარი დგას რიყის ქვით ნაშენ ცოკოლზე, ფასადები დაგვირგვინებულია ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნით, რომლის პროფლის შეადგენს თარო წრეთარგი და ლილვი. სახურავი დაბურული იყო ღარისებრი კრამიტით (ამჟამად გადახურულია თუნუქით). სახურავის დასავლეთ კიდეში, კეხზე, შემორჩენილი იყო გეგმით კვადრატული სამრეკლოს ძირი, რომელიც შეკეთების დროს მოშალეს.

ეკლესიის ჩრდილოეთით, 50 მ-ზე, კვადრატული აგურით ნაგები და ცილინდრული კამარით გადახურული სამეურნეო დანიშნულების ერთსათავსოიანი ნაგებობაა, რომელიც მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნიდან - სწორკუთხა. შესასვლელთან ჩადის კიბის კამაროვანი გვირაბი. დასავლეთ კედელში განიერი და მაღალი, სწორკუთხა ნიშაა, რომლის ზედა ნაწილში მოწყობილი ყოფილა ორი ოთახი. ნიშის ქვემოთ ერთიმეორის თავზე, ორი პატარა ოვალური ნიშაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ერთმანეთისგან დაახლოებით თითო მეტრის დაშორებით, ოთხ-ოთხი პატარა კვადრატული ხვრელია ერთ ხაზზე განლაგებული. კედლები შელესილია კირის ხსნარით. კამარას შუა ნაწილში დიდი, მრგვალი ხვრელი აქვს დატანებული. იატაკი მიწატკეპნილია. ნაგებობას როგორც ჩანს პროდიქტების შესანახად იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]