ახალქალაქი (თრიალეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).

ახალქალაქი, თრიალეთის ახალქალაქი (ახლანდელი სოფელი დაშბაში, წალკის მუნიციპალიტეტი) — ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი პუნქტი, ძველი ქალაქი, თრიალეთის ერისთავთა სამყოფელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანს ადრევე აუთვისებია ეს ადგილი, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილი ენეოლითური იარაღი, მშრალი წყობის გალავანი ადვილად მისასვლელი მხრიდან ძვ. წ. V-VI საუკუნეების სამაროვანი და გამოქვაბულები კანიონში. აქ გამავალი გზის გაცხოველებასთან უნდა იყოს დაკავშირებული ამ პუნქტის გაქალაქება IX-X საუკუნეებში, რაც საქართველოში „ახალქალაქობის“ პერიოდად ითვლება. 1392 წელს ახალქალაქი საკათალიკოსო მამულებში იხსენიება. 1676-1724 წლებში საბუთების თანახმად, ახალქალაქი სამეფო ქალაქი გახდა, სხვადასხვა დროს კი მისი მოურავები გერმანოზიშვილები (ბარათაშვილების ფეოდალური საგვარეულოს ერთი შტო) იყვნენ. გვიანდელი შუა საუკუნეებში ახალქალაქში ისხდნენ საბარათიანოს სარდლები. 1721 წელს აქ ჰქონდა სადგომი საბარათიანოს მაშინდელ სარდალს ვახუშტი ბატონიშვილს, რომლის მონაწილეობითაც ჩატარდა ქართლის აღწერა.[1]

ძველი ახალქალაქიდან შემონახულია X-XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების 2 ძეგლი, რომლებიც აგებულია ქალაქის დიდი აღმავლობის პერიოდში, როდესაც თრიალეთის მფლობელი კლდეკარის ერისთავები საქართველოში თავიანთი სიძლიერის უმაღლეს საფეხურზე იდგნენ. ძეგლები შეიცავენ მდიდარ ეპიგრაფიკულ მასალას და ქვაზე ნაქანდაკების სრულიად უნიკალურ ხელოვნების ნიმუშს.

ერთი ეკლესია, რომელიც სოფელში დგას, კამარით გადახურული უგუმბათო ნაგებობაა. იგი XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ სომხურ მოსახლეობას თავისი საჭიროებისათვის გამოუყენებია. შეკეთების დროს თლილი ქვით შემოსილ კედლებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ძველი ლაპიდარული წარწერების უდიდესი ნაწილი დაზიანებულია. მეორე წმ. გიორგის ეკლესია, სოფლის თავში ხრამის ქარაფოვან ნაპირზე დგას. იგი „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. მოხდენილი პროპორციები, მშენებლობის მაღალი პროფესიონალიზმი და მდიდარი დეკორატიული სამკაული მას თრიალეთის საერისთავოს არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად წარმოაჩენს. წარწარების მიხედვით ორივე ეკლესია რატი ერისთათ-ერისთავის მმართველობის დროსაა აგებული. წარწერაში მოხსენიებულია აგრეთვე ქართლის კათოლიკოსო მელქისედეკი (XI ს.) და ახალქალაქელები, რაც უტყუარს ხდის ამ პუნქტის ახალქლაქობას. სოფლის მოპირდაპირე მდ. ქციის მარცხენა მხარეს შვეულ, ჩახრამულ, ქარაფოვან კლდეში 300 მ სიმაღლეზე, შუა საუკუნეების მღვიმე-ქვაბთა ორიარუსიანი კომპლექსია გამოკვეთილი. ქვაბების პირველ იარუსზე დიდი ქვებით და დუღაბით ნაშენი კარიბჭის ნაშთია. მეორე იარუსზე ადიოდნენ მისადგამი კიბეებით. ქვაბები გეგმით მომრგვალო ფორმისაა და აქვთ თითოკარი. კომპლექსწი წყლით მარაგდებოდა მდინარე ქვიიდან შვეულად დახრილი, კლდეში საგანგებოდ გათხრილი არხის მეშვეობით. როგორც არხი, ისევე სათავე მიუვალი იყო და რთულ საინჟინრო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013, გვ., 76-77
  • ბერძენიშვილი დ., რჩეულიშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 287.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]