გერმანოზიშვილები
გერმანოზიშვილები — თავადთა საგვარეულო XVI-XIX საუკუნეების ქვემო ქართლში, ბარათაშვილთა ერთი შტო.
გვარის ფუძემდებლად ითვლება 1523 წელს ბარათაანთ გაყრის წიგნში მოხსენიებული გერმანოზ ქავთარაძის ძე ბარათაშვილი. გერმანოზიშვილების სათავადო მამულები — საგერმანოზიშვილო ძირითადად ალგეთის ხეობაში იყო, მამულები ჰქონდათ ქვემო ქართლის სხვა კუთხეებშიც. საგვარეულო საძვალე გუდარეხის მონასტერში ჰქონდათ. XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანოზიშვილებს 150-მდე კომლი გლეხი და რამდენიმე ვასალი აზნაური ჰყავდათ. პირველად გაიყარნენ XVII საუკუნის ბოლოს, მეორედ — 1756 წელს, რის შედეგადაც თანდათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. ქვემო ქართლის გაჩანაგებასთან ერთად XVIII საუკუნის ბოლოს გერმანოზიშვილების ნაწილი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
გერმანოზიშვილების სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე ხარისხის თავადებად ითვლებოდნენ. ეკავათ ბოქაულთუხუცესის, მეჯინიბეთუხუცესისა და სამეფო სოფლების მოურავთა (ახალქალაქი, ტამალია) თანამდებობები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირვლ მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938.
- ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.
- ჯამბურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 599.
- მჭედლიძე გ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 2021. — გვ. ?.