არტემ არონიშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არტემ არონიშიძე (ფსევდონიმი — იან პილეცკი; დ. 20 ოქტომბერი, 1891, სოფ. კონჭკათი — გ. 22 აპრილი, 1950) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტემ არონიშიძე დაიბადა 1891 წლის 20 ოქტომბერს სოფელ კონჭკათში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის იუნკერთა სკოლაში სწავლობდა. 1913 წელს იყო უმცროსი ოფიცერი და თბილისის ფეხოსანთა პოლკში მსახურობდა, რომელიც მეფის არმიაში შემავალ პოლკს წარმოედგენდა, მაგრამ ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. პირველ მსოფლიო ომში არტემ არონიშიძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ ახულგოს 261-ე ქვეითი პოლკის შემადგენლობაში. ამ დროს მიანიჭეს კაპიტნის ჩინი და წმ. ანას IV ხარისხის ორდენი (1917). საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918–1921 წწ.) არტემ არონიშიძე ქართველ ახალგაზრდებს წვრთნიდა სამხედრო საქმეში და სამხედრო ჯგუფებს აყალიბებდა.

საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმისას აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნიდ დასაცავად გამართულ ბრძოლებში. იგი ერთ-ერთ იმ უკანასკნელ ბატალიონს ხელმძღვანელობდა, რომელმაც უზრუნველყო მენშევიკური მთავრობის ბათუმიდან საზღვარგარეთ უსაფრთხოდ გამგზავრება, შემდეგ კი თავადაც დატოვა სამშობლო. არტემ არონიშიძე სხვა ქრთველ ემიგრანტებთან ერთად თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მოხვდა, სადაც ქართველი ოფიცრები უმძიმეს პირობებში აღმოჩდნენ, არ ჰქონდათ ცხოვრების ელემენტარული სახსრები, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. პოლონეთის მთავრობის მიწვევით 1922 წელს ქართველ ემიგრანტ ოფიცერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, მათ შორის არტემ არონიშიძეც, პოლონეთში ჩავიდა. რემბერტუვში (პოლონეთი) არტემ არინიშიძემ გაიარა 3-თვიანი კურსები. აღმოაჩნდა ლინგვისტური ნიჭი და სწრაფად აითვისა პოლონური ენა. ამის შემდეგ იგი წლების მანძილზე მსახურობდა ტორუნში, 63-ე პოლკში, რომელიც მე-4 სახმელეთო დივიზიას ეკუთვნოდა.

1927 წელს არტემ არონიშიძემ ცოლად შეირთო პოლონელი ქალი, ლიდია , რომელიც ფეხოსანთა მე-4 დივიზიის შტაბის უფროსის, ლუციან სტალის ქვრივი იყო, პირველი ქორწინებიდან მას ორი გოგონა — რომანა და ქრისტინა ჰყავდა. მალე არტემს და ლიდიას საერთო შვილი, იურეკი (იეჟი) შეეძინათ. 1934 წელს არტემ არონიშიძემ კვლავ გაიარა რემბერტუვის საოფიცრო კურსები და მაიორის წოდება მიიღო. პოლონეთზე გერმანელების თავდასხმამდე იგი აღმოსავლეთ პრუსიასთან პოლონეთის საზღვარზე დაბანაკებულ პოლკს ხელმძღვანელობდა. 1939 წლის აგვისტოს ბოლოს ვარშავაში ჩავიდა უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ომის დაწყებამ შეუშალა ხელი. არტემ არონიშიძე ვარშავის დამცველთა რიგებში ჩადგა. მისი ბატალიონი იცვდა ვარშავას ქალაქის კაპიტულციამდე. გამოჩენილი მამაცობისათვის დივიზიის გენერლის, არმია „ვარშავის“ სარდლის — იულიუს რომელის ბრძანებით არტემ არონიშიძე უმაღლესი სამხედრო ორდენით „ვირტუტი მილიტარით“ დააჯილდოვეს. კაპიტულაციის შემდეგ იგი თავის ხელქვეითებთან ერთად გერმანელებს ჩაბარდა ტყვედ. ტყვეობა დრეზდენთან ახლოს გაატარა.

1942 წელს, როდესაც გერმანელებმა ქართველები გაათავისუფლეს, ვარშავაში დაბრუნდა. ჯერ მუშად მუშაობდა, შემდეგ არმია კრაიოვაში შევიდა და იან პილეცკის ფესვდონიმით იბრძოდა. აქტიურად და კონსპირაციულად მონაწილეობდა ვარშავის აჯანყებაში. 1945 წლის მარტში არტემ არონიშიძეს კვალს ნკვდ–მ მიაგნო, დააპატიმრეს და პიეტრკოვოს ციხეში ჩასვეს, სადაც მოხდა მისი იდენტიფიკაცია, რომ იგი არტემ არონიშიძე იყო და არა იან პილეცკი. ნკვდ–მ იგი ლოძის უშიშროების სამსახურს ჩააბარა და თავის მხრივ პოლონეთის უშიშროებამაც დაკითხა. მათი მიზანი იყო, რომ დაედგინათ არტემ არონიშიძე იბრძოდა როგორც წითელი არმიის, ასევე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგაც. 1945 წლის ივლისში ლუბელის მთავრობამ ამინისტია გამოაცხადა და არტემ არონიშიძის მეუღლის ლიდიას ენერგიული ჩარევის (რაც ქრთამის მიცემაში გამოიხატა) შედეგად 1945 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ პოლონეთის სახალხო მილიციაში სამსახური შესთავაზეს, რაც ავტომატურად მისთვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭებასაც ნიშნავდა, მაგრამ ეს შეთავაზება არტემ არონიშიძემ მთავრობისგან, რომელსაც სამართლიანად არ თვლიდა, არ მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ იგი შკლარსკიე პორემბოში (ქვემო სილეზია) პანსიონატის დირექტორად დანიშნეს. 1949 წელს არტემ არონიშიძეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გარდაიცვალა 1950 წლის 22 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიშიკაშვილი ა., ქართველები პოლონეთში, თბ., 2008, გვ. 159-167.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]