არაგვისპირის ნამოსახლარი და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაგვისპირის ნამოსახლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, არაგვისპირის ზვრებში, მდინარე არაგვის აღმოსავლეთით, პირველ ტერასაზე. თარიღდება I-IV საუკუნეებით. 1974-1977 და 1991 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ნამოსახლარზე ნაგებობათა ორი ჯგუფია. ერთი ნამოსახლარის აღმოსავლეთ ნაწილშია. აქ შემორჩენილია ნაგებობათა ორი ფენა. კედლები ნაშენი იყო თიხის ხსნარზე, რიყის ქვით და ალიზის აგურით. ქვედა სამშენებლო ფენა, რომელშიც ნაპოვნია არქეოლოგიური მასალა - ღია მოჩალისფრო თიხის საოჯახო ჭურჭელი, კარგად განლექილი კეცით, ქვევრები, ლუთერიები, წითელი წერნაქით შემკული კრამიტები, თხელკეციანი და დიდგანივკვეთიანი კეხის კრამიტი და სხვა. დათარიღდა I-II, ხოლო ზედა ფენა - III-IV საუკუნეებით. სამაროვანის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა შენობათა მეორე ჯგუფი - სასახლის ტიპის ნაგებობები, რომლებიც III-IV საუკუნეებს განეკუთვნება.

სამაროვანი მდებარეობს ნაგებობათა ამ ორ ჯგუფს შორის. სულ გათხრილია ნამოსახლარის დროინდელი 95 სამარხი, ძირითადად გრუნტში ჩაჭრილი ოვალური ან ოთხკუთა ორმოსამარხები, რომლებშიც მეტწილად თითო ხელფეხმოხრილი ჩონჩხი ესვენა თავით დასავლეთისკენ ან სამხრეთ-დასავლეთისკენ. უფრო გვიანდელი, IV-V საუკუნეების სამარხები გადახურულია ქვის ფილებით. ისინი ნაგებობათა დანგრევის შემდეგაა აგებული. არის ძელებით გადახურული სამარხებიც. სამაროვანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა მდიდრულ სამარხთა უბანი, სადაც სამ სამარხში აღმოჩნდა ვერცხლის თასები, ვერცხლის სურები ნადირობის სცენებით, ვერცხლისა და ოქროს მონეტები, მინისა და თიხის ჭურჭელი და სხვა.

ნამოსახლარისა და სამაროვანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა აგრეთვე მარანი, 20-მდე ქვევრი და 23 სამეურნეო დანიშნულების ორმო, რომელთა უმრავლსეობა ამოვსებული იყო სამზარეულო და სამეურნეო თიხის ჭურჭლის ნამტვრევებით, ხორბლის ნარჩენებითა და ნამწვის მასით.

1991 წელს მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების გამო ძეგლის სამხრეთ განაპირას გამოვლინდა მარნის ნაშთი, 7 ქვევრი, სამეურნეო, სამზარეულო და სასაუფრე ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც I-III საუკუნეებს მიეკუთვნება. არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]