ანგოლის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თევზის კალულუ, ტიპური ანგოლური კერძი

ანგოლის სამზარეულო (პორტ. Culinária de Angola) — ტრადიციული ანგოლური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ანგოლელი აბორიგენებისა და პორტუგალიური გასტრონომიების შერწმით. ანგოლურ სამზარეულოში მრავალი კერძია, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობენ სხვა კულტურებშიც, მაგალითად, ყველაზე ცნობილებია: ფუნჟე (მზადდება კასავას ან სიმინდის ფქვილისგან), მუფეტე (მზადდება შემწვარი თევზის, კასავას, გარისა და ტკბილი კარტოფილისაგან), აგრეთვე კალულუ, მოამბა-დე-გალინა, მოამბა-დე-ჯინგუბა, კისაკა და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი სასმელია ბაობაბის შერბეთი.

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლობიოსა და ბრინჯის გარდა, ანგოლურ სამზარეულოში ყველაზე ხშირად ღორისა და ქათმის ხორცს, ასევე სხვადასხვა სოუსსა და ბოსტნეულს იყენებენ, როგორებიცაა: პომიდორი და ხახვი. გემოს გასამძაფრებლად ასევე ხშირად იყენებენ ნიორს. კასავათი მომზადებული ფაფის ტიპის ფუნჟე ერთ-ერთი მთავარი კერძია.

აღსანიშნავია პორტუგალიური სამზარეულოს ძლიერი გავლენაც. სწორედ მათ შეიტანეს და დაამკვიდრეს ანგოლაში ზეითუნის ზეთი. სამაგიეროდ პორტუგალიელებმაც გადაიღეს ანგოლელებისაგან ტრადიციული სოუსი პირიპირი, რომელიც განსაკუთრებული სიცხარით ხასიათდება.

კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოამბა-დე-გალინა

ანგოლური კერძებიდან ყველაზე ცნობილი მაინც ფუნჟეა, რომელიც ერთობ გავრცელებულია, მარტივი მოსამზადებელია და ღარიბ ოჯახებში თითქმის ყოველდღე ამზადებენ. ასევე ხშირად მიირთმევენ თევზის, ქათმის, ან ღორის ხორცისგან და ლობიოსგან მომზადებულ კერძებს. ჩრდილოეთ ანგოლაში უფრო პოპულარულია ფუნჟე-დე-ბომბუ, რომელსაც ტრადიციული ფუნჟესგან განსხვავებით პასტის კონსისტენცია აქვს და მსადდება კავასას ფქვილით. იგი ასევე შეიძლება ხასიათდებოდეს, როგორც ჟელატინოვანი, ნაცრისფერი მასა. პოლენტას მსგავსი კერძია პირაუ, რომელიც სიმინდის ფქვილისგან მზადდება, ყვითელი შეფერილობისაა და უფრო სამხრეთულ რეგიონებში მზადდება. იმ ფქვილს, რომელიც პირაუსა და ფუნჟეს მოსამზადებლად კეთდება, ეწოდება ფუბა. ორივე საკვები ნაზი საჭმელია, თუმცა მშრალია, რის გამოც მათ, როგორც წესი, სოუსებსა და წვნიანებთან ერთად მიირთმევენ.

მუამბა-დე-გალინა, რომელიც მზადდება ქათმის ხორცის, ბამით, ნივრითა და პალმის ზეთით (ეწოდება ჰაში), ან წითელი პალმის ზეთის სოუსით, რომელსაც ხშირად ბრინჯთან ან ფუნჟესთან ერთად მიირთმევენ. მუამბა-დე-გალინა ფუნჟესთან ერთად ანგოლის ეროვნულ კერძადაა მიჩნეული. მუამბა-დე-გალინას ვარიაციაა მუამბა-დე-ჯინგუბა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჯინგუბას მომზადებისას პალმის ზეთის მაგივრად არაქისის სოუსს იყენებენ.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგოლური ლუდი

ანგოლაში პოპულარულია როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო სასმელები. აქ განსაკუთრებით გავრცელებულია სასმელების სახლში მომზადების ტრადიცია, რის გამოც, ანგოლური სასმელების უმეტესობა სწორედ სახლშია მომზადებული. ასეთებია: კაპატიკა (ბანანისაგან მომზადებული სასმელი), კაპოროტუ (მზადდება სიმინდისგან), კიბომბუ (ასევე სიმინდის სასმელი), მალუვა (მზადდება პალმის ხის წვენით და უწოდებენ „პალმის ღვინოს“), უალენდე (შაქრისგან, კარტოფილისგან, სიმინდისა და ტკბილი ხილისაგან მომზადებული სასმელი), კაპუკა (სახლში გამოხდილი არაყი) და ვისკი კოტა (სახლში გამოხდილი ვისკი).

ყველაზე ცნობილი უალკოჰოლო ანგოლური სასმელია კისანგუა, რომელიც მზადდება სიმინდის ფქვილით და ძირითადად სამკურნალო რიტუალებისას იყენებენ. ასევე პოპულარულია ისეთი გამაგრილებელი, გაზიანი სასმელები, როგორებიცაა: კოკა-კოლა, პეპსი, მირინდა, სპრაიტი და ფანტა. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს გამაგრილებელი სასმელები ანგოლაში ნამიბიიდან, პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შედის. მართალია 2000 წელს ანგოლაშიც გაიხსნა კოკა-კოლის ქარხანა, თუმცა იგი ვერ აწარმოებს იმდენ პროდუქციას, რამდენსაც მოსახლეობა ითხოვს.

მონგოჟუ არის ტრადიციული, სახლში მომზადებული ლუდი, რომელიც პალმის კაკლისგან იხდება. მონგოჟუს ანგოლელები ჯერ კიდევ ევროპელთა გამოჩენამდე აწარმოებდნენ და დღეისათვის იგი უკვე ექსპორტზეც გააქვთ ბელგიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Glenn Rinsky and Laura Halpin Rinsky, The Pastry Chef's Companion: A Comprehensive Resource Guide for the Baking and Pastry Professional (2008). John Wiley and Sons, p. 70.
  • Heidemarie Vos, Passion of a Foodie: An International Kitchen Companion (2010). Strategic: p. 139.
  • Ashkenazi, Michael; Jacob, Jeanne (2006). The World Cookbook for Students. Greenwood. p. 22.
  • Adebayo Oyebade, Culture and Customs of Angola (2007). Greenwood, p. 109.
  • Uwe Peter Gielen, Jefferson M. Fish, and Juris G. Draguns. Handbook of Culture, Therapy, and Healing (2004). Psychology Press, p. 338.
  • Heidemarie Vos, Passion of a Foodie: An International Kitchen Companion (2010). Strategic: p. 357.