შინაარსზე გადასვლა

ანა დე მენდოსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა დე მენდოსა
წოდებები
ებოლის პრინცესა
პასტრანას ჰერცოგინია
მელიტოს პრინცესა
ფრანკავილას ჰერცოგინია
ალიანოს გრაფინია
დაიბადა 29 იანვარი, 1540
გვადალახარა, ესპანეთი
გარდაიცვალა 2 თებერვალი, 1592, (51 წლის)
გვადალახარა, ესპანეთი
საგვარეულო მენდოსები
მეუღლე(ები) რაი გომეს დე სილვა
მამა დიეგო დე მენდოსა ი დე ლა სერდა
დედა კატალინა დე სილვა სიფუენტესი
რელიგია კათოლიციზმი

ანა დე მენდოსა (ესპ. Ana de Mendoza), სრული სახელია დონა ანა დე მენდოსა დე ლა სერდა ი დე სილვა სიფუენტეს ი ალვარეს დე ტოლედო (ესპ. Ana de Mendoza de la Cerda y de Silva Cifuentes y Álvarez de Toledo), მეტსახელად პრინცესა დე ებოლი (ესპ. Princesa de Éboli; დ. 29 იანვარი, 1540 — გ. 2 თებერვალი, 1592) — ესპანელი არისტოკრატი და მენდოსას ძლევამოსილი ოჯახის წარმომადგენელი. დე-იურე მმართველი მელიტოს, ფრანკავილას, ალიანოსა და პასტრანას პროვინციებისა. ებოლის პრინცესა როგორც რაი გომეს დე სილვას მეუღლე. როგორც ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას ახლო მეგობარი, იგი დიდი გავლენით სარგებლობდა ესპანეთის სამეფო კარზე.

ანა დე მენდოსა დაიბადა 1540 წლის 29 იანვარს გვადალახარაში, ესპანეთში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, დიეგო დე მენდოსა ი დე ლა სერდასა და მისი ცოლის, დონა კატალინა დე სილვა სიფუენტესის ერთადერთი ქალიშვილი. მამამისმა იგი ბავშვობაშივე გამოაცხადა პასტრანას ჰერცოგინიად და ალიანოს გრაფინიად, რათა მისი გათხოვება გაადვილებოდა. 1553 წელს, 13 წლის ანა დააქორწინეს ებოლის პირველ პრინც რაი გომეს დე სილვაზე. ქორწინება თავად ესპანეთის მომავალი მეფის, ფილიპე II-ის ხელშეწყობით მოხდა, რომლის ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო რაი გომესი. მეფე ფილიპემ 1559 წელს რაის იტალიაში მდებარე ესპანური კოლონიის, ქალაქ ებოლის პრინცობა ჩააბარა.

მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა ებოლი ცალი თვალიდან ბრმა იყო, იგი მაინც მეტად მიმზიდველ ქალად ითვლებოდა. 1559 წლიდან იგი ფილიპე II-ის მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას საუკეთესო მეგობარი და მისი მთავარი დამხმარე გახდა. ელიზაბეტის დედოფლობის პერიოდში იგი ესპანეთის სამეფო კარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო, თუმცა 1568 წელს დედოფალი მშობიარობას გადაჰყვა და ანას გავლენებიც მასთან ერთად დაიმარხა. ახალ დედოფალს დიდად არ მოსწონდა ებოლის პრინცესა, რომელიც ჯერ კიდევ ელიზაბეტს მისტიროდა, რის გამოც მას მალევე მოუწია სამეფო კარის დატოვება.

დარჩენილი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1573 წელს ანას ქმარი გარდაიცვალა. დაქვრივებული პრინცესა ებოლი მეორედ აღარ გათხოვილა. მომდევნო სამი წელი ებოლი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა 1576 წელს მან მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა გავლენიან ესპანელ დიდგვაროვან ანტონიო პერესზე. ისინი ძალიან დაახლოვდნენ, მაგრამ 1579 წელს ფილიპე II-ის ჯაშუშებმა ანტონიო პერესი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. როგორც მალევე გაირკვა, მასთან ერთად შეთქმულებაში ანაც მონაწილეობდა, რის გამოც მალევე ისიც დააპატიმრეს. ცამეტწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1592 წლის 2 თებერვალს, 51 წლის ანა დე მენდოსა გარდაიცვალა.

  1. დიეგო (1558-1563), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ანა (1560-1610), ცოლად გაჰყვა მედინა-სიდონიის ჰერცოგ ალონსო პერეს დე გუსმანს;
  3. როდრიგო (1562-1596), პასტრანას ერცოგი;
  4. პედრო (1563), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. დიეგო (1564-1630), ალენკარის მარკიზი;
  6. რაი (1565-?), ლა-ელისედას მარკიზი;
  7. ფერნანდო (1570-1639);
  8. მარია (1570-?);
  9. ანა (1573-1614)

ანა მენდოსას დიდი ადგილი უკავია ელიზაბეტ ვალუას, მისი გერის, დონ კარლოსისა და მეფე ფილიპე II-ის სასიყვარულო სამკუთხედზე შექმნილ ნაწარმოებებში. იგი პრინცესა ებოლის სახელით, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია შილერის პიესა „დონ კარლოსსა“ და ამავე სახელწოდების მქონე ჯუზეპე ვერდის ოპერაში. იგი ასევე არის კეიტ ო'ბრაიენის ნოველა „ქალბატონის“ მთავარი გმირი. 1955 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების მქონე ამერიკული ფილმი. აგრეთვე არსებობს პიესა, სახელად „ცალმხრივი“, რომელიც მთლიანად მის ცხოვრებაზეა დაწერილი. პიესა „ცალმხრივი“ დიდი წარმატებით დაიდგა ბედლემისა და ედინბურგის თეატრებში. 2008 წელს გამოვიდა ესპანური ფილმი, სახელად „La Conjura de El Escorial“, სადაც ებოლის როლს ჯულია ორმონდი თამაშობს. 2010 წელს გამოვიდა ფილმი, სახელწოდებით „პრინცესა ებოლი“, სადაც მის როლს ბელენ რუედა ასრულებს. 2018 წელს გადაღებულ ამერიკულ ტელე-სერიალში „არტური“, ანა მენდოსა ჩანს ეპიზოდში „პრინცესების პრობლემები“, სადაც სცენარისტი მისი ცალი თვალის დაკარგვის მიზეზად ბავშვობაში ფარიკაობისას მიღებულ ტრამვას ასახელებს.

  • Henry Kamen (1999). Who's Who in Europe 1450–1750. Routledge (UK). ISBN 0-415-14727-1.
  • Henry Kamen: Philip of Spain. Yale University Press. 1998. ISBN 978-0-300-07800-8. pp. 85, 166.
  • Kamen, Philip of Spain: pp. 166, 342.
  • Kamen, Philip of Spain: pp. 166.
  • J. H. Elliott (2002). Imperial Spain, 1469–1716. Penguin Books. ISBN 0-14-100703-6.
  • Friedrich Schiller (2000). Don Carlos and Mary Stuart. Oxford University Press. ISBN 0-19-283985-3.
  • Kate O'Brien (1949). That Lady: A Romantic Drama. Harper.