ამიდასტური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიდასტურის სამონასტრო კომპლექსი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვაჩნაძიანში. 2007-2009 წლებში შეისწავლეს წმ. გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკის (VI-VII საუკუნეების მიჯნა) სამხრეთი ეკლესია და სვეტიცხოვლის რვაწახნაგა სივრცეში ჩაწერილ გუმბათიანი ეკლესიის (ოქტოგონის) (VII საუკუნის პირველი ნახევარი) ნანგრევები. მონასტრის ტერიტორიაზე გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების 71 სამარხი, რომელთაგან გაითხარა 66.

სამეკლესიანი ბაზილიკა დაფუძნებულია ორსაფეხურიან ცოკოლზე. გვერდითი ეკლესიების ფასადები გახსნილია მრგვალ სვეტებზე გადაყვანილი თაღნარით. აღმოსავლეთ ბოლოებში ნალისებური ფორმის აფსიდებია განთავსებული. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურს ნალისებური თაღით დაბოლოებული გასასვლელებით უკავშირდებიან.

ცენტრალურ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს. აფსიდა ნალისებურია. გადახურვის კამარა ეყრდნობა კონსოლებზე დამყარებულ სამ თაღს. გვერდითი ეკლესიების აღმოსავლეთით განლაგებულია პასტოფორიუმები. გვერდით და ცენტრალურ ეკლესიებს დასავლეთიდან ერტყმის ეზოს მხრიდან დახურული გალერეა, რომელიც ცენტრალურ ეკლესიას დასავლეთის კარით უკავშირდება, ხოლო გვერდითი ეკლესიების მხარეს მთლიანად გახსნილია. ტაძარი ნაგებია საგულდაგულოდ შერჩეული, ჰორიზონტულ რიგებად დალაგებული რიყის ქვით დუღაბზე. შირიმი მცირე რაოდენობითაა გამოყენებული.

გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ბაზილიკა დაზიანებულა XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევების დროს. განადგურებულა მისი დასავლეთი გარსშემოსავლელი და სამხრეთი ეკლესია. თუმცა, ტაძარმა ფუნქციონირება განაგრძო. XVII საუკუნის დამდეგამდე. ნგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, შაჰ-აბას I-ის გამანადგურებელი ლაშქრობები უნდა გამხდარიყო. სამხრეთი ეკლესიის გაწმენდისას არსებული ერთი სვეტის გარდა, რომელიც თავის დროზე დაფიქსირებული ჰქონდა გ. ჩუბინაშვილს, აღმოჩნდა მეორე სვეტიც.

სამეკლესიანი ბაზილიკის სამხრეთით, 12,5 მ-ის დაშორებით გაითხარა ჯვრული გეგმარების რვაწახნაგა აბრისში ჩაწერილი სვეტიცხოვლის მინიატურული (6x6 მ) გუმბათიანი ეკლესია და მის ქვეშ არსებული კრიპტა. აფსიდა ნახევარწრიულია. დანარჩენი სამი მკლავი სწორი კედლით ბოლოვდება. ნაგებია ჰორიზონტულ რიგებად დაწყობილი, საგულდაგულოდ შერჩეული რიყის ქვით დუღაბზე. წიბოები გამოყვანილია შირიმის თლილი ბლოკებით. ფასადებს გარს შემოუყვება ერთსაფეხურიანი ცოკოლი. ჩრდილოეთიდან კარის ღიობია. კედლები შემორჩენილია იატაკიდან 1,5-1,7 მეტრის სიმაღლეზე. იატაკი რიყის ქვითაა მოგებული კირხსნარზე. საკურთხევლის არდაბაგი შემაღლებულია 0,25-0,30 მეტრით. საკურთხეველში გამოვლინდა რიყის ქვით ნაგები, კედელზე მიდგმული ტრაპეზი წმ. გიორგის ბაზილიკის მსგავსად სვეტიცხოველსაც ნგრევა განუცდია XIII საუკუნეში, თუმცა მოგვიანებით აღუდგენიათ და მას XIX საუკუნემდე უარსებია. სვეტიცხოვლის ქვეშ გამოვლენილი კრიპტა საშუალებას იძლევა დადგეს საკითხი ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ზოგიერთ სამონასტრო კომპლექსში ბაზილიკებისა და მცირე ტაძრების ფუნქციური სხვაობის შესახებ. ბაზილიკის გვერდით მდებარე სვეტიცხოვლის მინიატურული ეკლესია, რომელიც კრიპტაზეა აღმართული, არ წარმოადგენდა ყოველდღიური წირვა-ლოცვისათვის განკუთვნილ სამრევლო ტაძარს. მას მემორიალური დანიშნულება უნდა ჰქონოდა, სადაც იკრძალებოდნენ ღვთისმსახურები და სავარაუდოდ მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები იმართებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 179-180.