ალფონსო დე ბურბონი (1936-1989)
ალფონსო დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 აპრილი, 1936 რომი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
30 იანვარი, 1989, (52 წლის) კოლორადო, აშშ |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება |
ანჟუს ჰერცოგი კადისის ჰერცოგი ბურბონის ჰერცოგი საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
მარია დელ კარმენ მარტინესი (ქ. 1972 - განქ. 1982) |
შვილ(ებ)ი |
ფრანსისკო, ბურბონის ჰერცოგი ლუის ალფონსო, ანჟუს ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: ხაიმე, ანჟუს ჰერცოგი დედა: ემანუელა დე დამპიერი |
ალფონსო დე ბურბონი (ესპ. Alfonso de Borbón, ფრანგ. Alphonse de Bourbon; დ. 20 აპრილი, 1936 — გ. 30 იანვარი, 1989) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის შვილთაშვილი. ანჟუს, კადისისა და ბურბონის ჰერცოგი. საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი ალფონს II-ის სახელით 1975-89 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალფონსო დაიბადა 1936 წლის 20 აპრილს რომში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის უმცროსი ვაჟის, ანჟუს ჰერცოგ ხაიმე ესპანელისა და მისი პირველი ცოლის, ემანუელა დე დამპიერის ვაჟი. იგი მოინათლა დედამისის ბებიის, ვიტორია რუპოლის რეზიდენციაში.
იმის გამო, რომ ალფონსოს დედა არ იყო სამეფო წარმომავლობის ქალი, მეფე ალფონსო XIII-მ მას ჩამოართვა ესპანეთის ტახტზე არსებული მისი უფლებები, რომელიც მან მამისგან მიიღო. მიუხედავად ამისა, ალფონსოს მამა საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი იყო, რის გამოც ეს უფლება მან მემკვიდრეობით მაინც მიიღო. 1941 წელს, როდესაც ალფონსო XIII გარდაიცვალა, დონ ხაიმე უკვე ოფიციალურად გახდა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ამრიგად, მართალია არაოფიციალურად, თუმცა მაინც, ალფონსო საფრანგეთის დოფინი გახდა.
1941 წლიდან ალფონსო და მისი ოჯახი შვეიცარიაში, კერძოდ კი ლოზანაში გადასახლდა. 1946 წლის 8 დეკემბერს, სწორედ აქ შედგა ალფონსოს პირველი ზიარების ცერემონიალი.
1960 წელს, ესპანეთის დიქტატორმა მმართველმა ფრანსისკო ფრანკომ გამოაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში მონარქია უნდა აღმსდგარიყო, რამაც ცხადია ალფონსო XIII-ის შთამომავლებს შორის დიდი დავა გამოიწვია. ალფონსოსა და მამამისს ოფიციალურად ჰქონდათ ჩამორთმეული ესპანეთის ტახტზე ყველანაირი უფლება, ამიტომაც 1969 წლიდან ესპანეთის მომავალ მეფედ ალფონსოს ბიძაშვილი ხუან კარლოსი მოიაზრებოდა, რასაც ალფონსო და ხაიმე დიდად აპროტესტებდნენ, ვინაიდან ხუან კარლოსი ხაიმეს უმცროსი ძმის შვილი იყო.
1972 წლის 8 მარტს ალფონსომ მადრიდში ცოლად შეირთო მარია დელ კარმენ მარტინესი, ამ ქორწინებას თავად ფრანსისკო ფრანკოს დედაც დაესწრო. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, ალფონსო და მარია ერთმანეთს 1982 წელს გასცილდნენ, თუმცა მათი ქორწინების ანულირება კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ 1986 წელს მოახინა. ქორწინებიდან მათ ორი შვილი შეეძინათ:
- ფრანსისკო (1972-1984), ბურბონის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუის ალფონსო (1974-ცოცხალია), ანჟუს ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია მარგარიტა დე ვარხა, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი;
1975 წლის 20 მარტს ალფონსოს მამა გარდაიცვალა. იგი მაშინვე საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმურ პრეტენდენტად გამოაცხადეს ალფონს II-ის სახელით. ამავე წლის 3 აგვისტოს მან მიიღო ანჟუს ჰერცოგის წოდება.
1977-84 წლებში იყო ესპანეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი, 1984-87 წლებში კი ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
1984 წლის 7 თებერვალს, ალფონსოს შვილები თავისი ყოფილი ცოლის მონახულების შემდეგ სახლში მიჰყავდა, რა დროსაც იგი ავტოკატასტროფაში მოყვა, რომელსაც მისი უფროსი ვაჟის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა თავად და მეორე ვაჟი, მიუხედავად დაშავებისა ცოცხლები გადარჩნენ. მისი უმცროსი ვაჟი ლუის ალფონსო ერთი თვის მანძილზე იწვა საავადმყოფოში, თავად ალფონსომ კი ექვსი ოპერაცია გაიკეთა. შემდგომში მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს ავარია მხოლოდ ალფონსოს გაუფრთხილებლობის გამო მოხდა, რის გამოც მას ლუის ალფონსოს ნახვის უფლება აეკრძალა.
1987 წლიდან ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელმა პრინცმა ანრიმ საფრანგეთის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რითაც დაიწყო მთელი რიგი სასამართლო პროცესები. 1988 წლის 21 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტახტის მემკვიდრეობა კვლავ ალფონსოს დარჩა, თუმცა მისი ტიტულები, როგორიცაა ანჟუს ჰერცოგი, ბურბონის ჰერცოგი და ა.შ. ანრი ორლეანელს გადაეცა, დამატებული 50, 000 ფრანკის ჯარიმის ოდენობით, რომელიც ალფონსოს გადასახდელი იყო.
1989 წლის 30 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების შტატ კოლორადოს სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას, 52 წლის ალფოსნო გარდაიცვალა. იგი საბაგიროში იჯდა, რა დროსაც კაბელი გაწყდა და ვაგონი ჩავარდა. სწორედ ამ ვაგონში იმყოფებოდა ალფონსო. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს ესკორიალის სამეფო აკლდამაში, მადრიდში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dem, Marc. Le duc d'Anjou m'a dit: la vie de l'aîné des Bourbons. Paris: Perrin, 1989. ISBN 226200725X.
- Silve de Ventavon, Jean. La légitimité des lys et le duc d'Anjou. Paris: Editions F. Lanore, 1989. ISBN 2851570609.
- Zavala, José M. Dos infantes y un destino. Barcelona: Plaza & Janés, 1998. ISBN 8401550068.