ლუის ალფონსო დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუის ალფონსო დე ბურბონი
Louis XX.jpg
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1974 (1974-04-25) (45 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ანჟუს ჰერცოგი
საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია მარგარიტა ვარხას სანტაელა
(ქ. 2004)
შვილ(ებ)ი ევგენია
ლუისი, ბურგუნდიის ჰერცოგი
ალფონსო, ბერის ჰერცოგი
ენრიკე, ტულუზის გრაფი
მშობლები მამა: ალფონსო, ანჟუს ჰერცოგი
დედა: მარია დელ კარმენ მარტინესი

ლუის ალფონსო დე ბურბონი (ესპ. Luis Alfonso de Borbón, ფრანგ. Louis Alphonse de Bourbon; დ. 25 აპრილი, 1974) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის შვილთაშვილი. საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი ლუი XX-ის სახელით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუის ალფონსო დაიბადა 1974 წლის 25 აპრილს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის შვილიშვილის, ანჟუს ჰერცოგ ალფონსო დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარია დელ კარმენ მარტინესის მეორე და ნაბოლარა ვაჟი.

1975 წელს მისი ბაბუა, ჰერცოგი ხაიმე გარდაიცვალა, რითაც მამამისი საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი გახდა. 1981 წლის 19 სექტემბერს მან მიიღო ტურენის ჰერცოგის წოდება.

1982 წელს ლუის ალფონსოს მშობლები განქორწინდნენ, თუმცა ეკლესიამ მათი ქორწინების ანულირება მხოლოდ 1986 წელს მოახდინა. ამის შემდეგ დედამისი კიდევ ორჯერ გათხოვდა, საიდანაც მას ერთი ნახევარ-და შეეძინა სინტია როსის სახით.

1984 წლის 7 თებერვალს, ავტოკატასტროფის შედეგად ლუის ალფონსომ უფროსი ძმა დაკარგა. ყოველივე ამის შემდეგ, იგი მამის ერთადერთ და ლეგიტიმურ მემკვიდრედ იქცა. ამრიგად მას ბურბონის ჰერცოგის დამატებითი წოდება გადაეცა, რომელსაც მანამდე მისი ძმა ატარებდა.

1989 წლის 30 იანვარს, აშშ-ს შტატ კოლორადოში, სათხილამურო ტრაგედიის შედეგაც 52 წლის ლუის ალფონსოს მამა გარდაიცვალა, რითაც იგი საფრანგეთის ტახტის ლეგიტიმური პრეტენდენტი და ანჟუს ჰერცოგი გახდა. ამ დროს ლუისი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკის განხრით. მან რამდენიმე წელი იმუშავა BNP-ში, საფრანგეთის ეროვნულ ბანკსა და მადრიდის სახელმწიფო ბანკში. მიუხედავად იმისა, რომ იგი რეგულარულად სტუმრობდა საფრანგეთს, ის დედასთან ერთად ძირითადად მაინც ესპანეთში ცხოვრობდა.

2003 წელს იგი ოფიციალურად დაინიშნა წარმოშობით ვენესუელელ ქალ მარია მარგარიტა ვარხას სანტაელაზე. ლუის ალფონსოსა და მარია მარგარიტას ქორწინება 2004 წლის 6 ნოემბერს შედგა ლა რომანაში, დომენიკას რესპუბლიკაში. ამ ქორწილს ესპანეთის სამეფო ოჯახის არცერთი წევრი არ დასწრებია. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-მა ამის ოფიციალურ მიზეზად ის განაცხადა, რომ არ მოსწონდა მისი ბიძაშვილის ქორწინება დაბალი წარმომავლობის ქალზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილებიც ანალოგიურად დაქორწინდნენ. ქორწილის შემდეგ წყვილი მარია მარგარიტას მშობლიურ ვენესუელაში, საკუთარ ვილაში დასახლდა.

2007 წლის 5 მარტს, ფლორიდაში, მონ სინას სამედიცინო ცენტრში მათი პირველი ქალიშვილი: ევგენია დაიბადა. ევგენია ამავე წელს, პარიზში მოინათლა პაპის ნუნციოს მიერ.

2006 წლის ივნისში ლუის ალფონსომ უარი განაცხადა დედის მესამე ქორწინებაზე დასწრებაზე, რადგანაც იგი არ ეთანხმებოდა მის ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც მას ძალიან უყვარდა მისი მეორე ქმარი, რომელსაც საკუთარ მამად აღიქვამდა.

2009 წელს მარია მარგარიტა კვლავ დაფეხმძიმდა, თუმცა ამჯერად ტყუპებზე. 2010 წლის 28 მაისს მან ორი ვაჟი გააჩინა, რომლებსაც ლუისი და ალფონსო დაარქვეს. პატარა ლუისი, როგორც საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის უფროსი ვაჟი, არაოფიციალურად სცნეს როგორც საფრანგეთის დოფინი. ამასთან ერთად, მან მიიღო ბურგუნდიის ჰერცოგის წოდება. ამის შემდეგ პატარა ალფონსომ ბერის ჰერცოგის წოდება მიიღო, რომელიც საფრანგეთის ტახტის რიგით მესამე მემკვიდრეა. ტყუპები 2010 წლის 5 სექტემბერს მონათლეს წმინდა პეტრეს ტაძარში. ისინი თვით რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მონათლა.

2019 წლის 1 თებერვალს, ნიუ-იორკში დაიბადა ლუის ალფონსოსა და მარია მარგარიტას მეოთხე შვილი. ბავშვს ენრიკე დაარქვეს და ტულუზის გრაფის წოდება უბოძეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Thierry Ardisson. Louis XX. Contre-enquête sur la monarchie., Olivier Orban, 1986, ISBN 2-85565-334-7
  • Jean Foyer, Titre et armes du prince Louis de Bourbon, Diffusion-Université-Culture, 1990.
  • Apezarena, José. Luis Alfonso de Borbón: Un príncipe a la espera. Forthcoming.