ალმათის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი
მუსრეპოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური მოზარდ-მაყურებელთა თეატრი | |
---|---|
ყაზახ. Ғабит Мүсірепов атындағы Қазақ Мемлекеттік Академиялық балалар мен жасөспірімдер театры | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ქალაქი | ალმათი |
კოორდინატები | 43°15′57″ ჩ. გ. 76°56′28″ ა. გ. / 43.2660389° ჩ. გ. 76.9411500° ა. გ. |
დაიწყო | 1946 |
საიტი | |
musrepov.kz |
მუსრეპოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო აკადემიური მოზარდ-მაყურებელთა თეატრი (ყაზახ. Ғабит Мүсірепов атындағы Қазақ Мемлекеттік Академиялық балалар мен жасөспірімдер театры) — ნორჩ მაყურებელთა თეატრი ქალაქ ალმათში (ყაზახეთი), რომელშიც სპექტაკლები ყაზახურ ენაზე იდგმება.
თეატრის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეატრის მთავარი ინიციატორი და პირველი რეჟისორი იყო ცნობილი თეატრის მოღვაწე, საბავშვო თეატრის ფუძემდებელი საბჭოთა კავშირში - ნატალია ილიას ასული საცი, რომელიც გადასახლებული იყო ალმა-ატაში. 1944 წლის 6 სექტემბერს გამოიცა ყაზახეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილება „ქალაქ ალმა-ატაში ახალგაზრდა მაყურებელთა თეატრის მოწყობის შესახებ“. 1945 წლის 7 ნოემბრის სადღესასწაულო დილას თეატრმა პირველი სპექტაკლები წარუდგინა ალმათის ხალხს: დილით იყო ე. შვარცის „წითელქუდა“ (რეჟისორი ნ. საცი), ხოლო საღამოს — ისიდორ შტოკის „ლეიდენის ალყა“ (რეჟისორი ცნობილი დრამატურგი და რეჟისორი ვიქტორ როზოვი). შეიქმნა ასევე თეატრალური სტუდია, რომელშიც ნატალია საცი თეატრისთვის პერსონალს ამზადებდა.
თეატრის წარმოდგენები რუსულ ენაზე იმართებოდა. 1946 წელს ჩამოყალიბდა ყაზახური დასი. პირველი წარმოდგენა ყაზახურ ენაზე იყო „Алтын кілт“ (ა. ნ. ტოლსტოის „ოქროს გასაღები“). საერთო ჯამში, 1946 წლიდან 1985 წლამდე დაიდგა რამდენიმე ათეული სპექტაკლი ყაზახურ ენაზე: შ. კუსაინოვის „ალდარ კოსე“ (1954, რეჟისორი ა. ტოკპანოვი), მ. იმანჟანოვის „ახალგაზრდების ცხოვრება“ (1949, რეჟ. ნ. მოლჩანოვი), ნ. კუსაინოვის „გაზაფხულის ქარი“ (1954, რეჟ. ა. ტოკპანოვი), ა. ბაიჯანოვის „ალია მოლდაგულოვა“ (1954, რეჟ. ტ. დუისებაევა) და სხვა. ნორჩ მაყურებელთა თეატრის ძირითადი რეპერტუარი შედგებოდა რუსი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებებისგან.
1985 წელს, ყაზახეთის სსრ-ის კულტურის სამინისტროს 24 თებერვლის №50 ბრძანებულებით, ყაზახეთის ნორჩ მაყურებელთა თეატრი დაიყო ორ დამოუკიდებელ კოლექტივად: ყაზახურ (რომელმაც მიიღო ცნობილი ყაზახი მწერლისა და დრამატურგის — გაბიტ მუსრეპოვის სახელი) და რუსულ (რომელსაც ნატალია საცის სახელი ეწოდა) ჯგუფად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე დასი ერთ შენობაში იმყოფებოდა, რეპეტიციებსა და სპექტაკლებს მონაცვლეობით ატარებდნენ. შემდეგ რუსულმა დასმა ცალკე შენობა მიიღო. 1996 წელს მუსრეპოვის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს აკადემიურის საპატიო წოდება მიენიჭა.
2021 წლის მონაცემებით, თეატრში მუშაობდა 200-მდე თანამშრომელი და მათგან 60-ზე მეტი მსახიობია. თეატრში მუშაობს 7 სახელოსნო და 6 განყოფილება.
თეატრის შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნეში თანამედროვე თეატრის ადგილზე იყო ღვთისმშობლის კვართის საკათედრო ტაძარი, რომელიც დაანგრიეს 1934 წელს.
შენობა აშენდა 1957 წლიდან 1962 წლამდე საბჭოთა ალმა-ატაში, კომინტერნის სახელობის მთავარ მოედანზე, ა. იმანოვის მოედნის მოპირდაპირე მხარეს, ყაზახეთის დრამატული თეატრისთვის. სამშენებლო პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ა. ლეპიკი, ნ. რიპინსკი და ვ. კაცევი. შენობას ჰქონდა 475 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი.
1968 წელს ჩატარდა რეკონსტრუქცია ბ. ტიუტინის პროექტის მიხედვით.
1981 წელს, აბაის ქუჩაზე შენობის აშენების შემდეგ, ყაზახეთის დრამატული თეატრი იქ გადავიდა და ამ შენობაში ბინა დაიდო მოზარდ- მაყურებელთა თეატრმა. 1985 წელს თეატრი დაიყო რუსულ და ყაზახურ დასებად და შენობაში დარჩა ყაზახური დასი.
გაბიტ მუსრეპოვის ძეგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წელს, მისი დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, მოზარდ მაყურებელთა ყაზახური თეატრის შენობის წინ გაბიტ მუსრეპოვის ძეგლი გაიხსნა. ძეგლის არქიტექტორი იყო ვ. კაცევი, მოქანდაკე კ. სატიბალდინი. მემორიალი წარმოადგენს ბრინჯაოს ბიუსტს, რომელიც დამაგრებულია ვარდისფერი გრანიტისგან დამზადებულ ოთხსაფეხუროვან კვარცხლბეკზე, რომელიც ეყრდნობა დაბალ სამსაფეხურიან სტილობატს დახრილ წახნაგებით. კვარცხლბეკს ქვედა ნაწილში ამოჭრილი აქვს ფერდები, ხოლო ზედა ნაწილი გამოყოფილია ნაჭრიანი სარტყლით, რომლის ქვეშ ყაზახურ ენაზე წარწერაა ამოტვიფრული. ძეგლი შევიდა ალმათის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული ძეგლების სახელმწიფო ნუსხაში, როგორც მონუმენტური ხელოვნების ძეგლი.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|