ალექსანდრე გველესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველესიანი.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გველესიანი (დ. 5 სექტემბერი, 1857 — გ. 1920 წლის შემდეგ) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1917).

სამხედრო სამსახურში იყო 1875 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი, საიდანაც 1878 წელს ჩაირიცხა ერევნის ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში. 1894 წლიდან გველესიანი იყო ზაქათალის ოკრუგის კახის რაიონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1898 წლიდან — ზაქათალის ოკრუგის უფროსის უმცროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, 1902 წლიდან — ზაქათალის ოკრუგის უფროსის უფროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი. 1905 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1909 წელს — პოლკოვნიკის წოდება. 1906-1915 წლებში მსახურობდა ანდის ოკრუგის უფროსად. I მსოფლიო ომის დროს, 1915-1917 წლებში, იყო კავკასიის არმიის სამხედრო კომუნიკაციების სამმართველოს საეტაპო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი. 1917 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში (საეტაპო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი). დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1906), წმ. ანას II (1912), წმ. ვლადიმერის IV (1913) და III (1914) ხარისხის ორდენებით. მიღებული ჰქონდა იმპერატორის მადლობა საომარი მოქმედებების დროს წარჩინებული სამსახურისთვის (1916). ცოლად ჰყავდა თამარ (ვარვარა) დავითის ასული ჭავჭავაძე. მათი შვილები იყვნენ მხატვარი დავით გველესიანი და პოლკოვნიკი რომან გველესიანი. ალექსანდრე გველესიანის უმცროსი ძმა იყო მხატვარი რომანოზ გველესიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]