რომანოზ გველესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველესიანი.
რ. გველესიანი. კახელი კაცი დოქით. 1883.

რომანოზ ნიკოლოზის ძე გველესიანი (დ. 1859, სოფ. შალაური, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 ნოემბერი, 1884, დაკრძალულია ავლაბრის წმ. პეტრე-პავლეს სასაფლაოზე) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.

დაიბადა კახეთში, აზნაურის ოჯახში. მისი უფროსი ძმა იყო მომავალი გენერალი ალექსანდრე გველესიანი. დაამთავრა თბილისის გრენადერთა მე-15 პოლკთან არსებული სამხედრო სკოლა 1875 წელს. მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამშენებლო-საგზაო კომიტეტის ტექნიკურ კანცელარიაში 1881 წლამდე. 1879-1881 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, 1881–1884 წლებში — პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განზრახული ჰქონდა იტალიაში გამგზავრება, მაგრამ ვერ შეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო (მძიმედ ავად იყო ტუბერკულოზით). გარდაიცვალა 25 წლის ასაკში.

მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდის მანძილზე გველესიანმა შექმნა სახასიათო პორტრეტები („კახელი დოქით, „გ. გაბაშვილის პორტრეტი“, „თანაკურსელის პორტრეტი“, „ქართველი მანდილოსანი“, „კ. მაღალაშვილის პორტრეტი“, „მხატვარ ალ. ბერიძის პორტრეტი“ და სხვ.), ასევე კახეთისა და თბილისის ხედები („ალავერდის ხიდი“, „დახურული ბაზარი“, „მოედანი“ და სხვ.). ყველა ნამუშევარი დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 607.;
  • თერგდალეულთა ეპოქის უცნობი პეიზაჟისტი (რომანოზ გველესიანის გრაფიკული ჩანახატები) / ნინო ჭინჭარაული // „საქართველოს სიძველენი“. - №15, - 2011;
  • რომანოზ გველესიანი მხატვარი / ნინო ჭინჭარაული // „ძველი ხელოვნება დღეს“ / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. - თბილისი, 2014. - ISSN 1987-6351. - №5. - გვ.88-101.