შინაარსზე გადასვლა

აკაკი ჭყონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი მაქსიმეს ძე ჭყონია (დ. 1898 — გ. 28 მაისი, 1937, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ლიტერატორი.

დაიბადა რკინიგზელის ოჯახში. საბჭოთა რეჟიმის ძალადობრივ დამყარებამდე (1921) იყო სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1923) და მოსკოვის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი (1925).[1]

ჭყონია ჟურნალისტური საქმიანობით 1923 წლიდან იყო დაკავებული. 1926 წელს შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ (ბოლშევიკურ) პარტიას. 1925-1932 წლებში მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ სარედაქციო კოლეგიის წევრად, შემდეგ — გაზეთ „კოლექტივიზაციის“ რედაქტორად, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორად, 1934 წლიდან — თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. აქტიურად მონაწილეობდა მოსკოვში ქართული კულტურის დეკადის (1937 იანვარი) მომზადებაში. ჭყონია 1937 წლის 28 მაისს საკუთარ კაბინეტში გასროლით მოკლა ოპერის თეატრის პარტკომმა.[2] დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1937).[1]

აკაკი ჭყონიას ძმისშვილი იყო საოპერო მომღერალი ლამარა ჭყონია.[1] ლ. ჭყონიას მოგონებების მიხედვით, აკაკი ჭყონიას მკვლელი დანაშაულიდან რამდენიმე დღეში გაუსამართლებლად დახვრიტეს; ოჯახს ჰქონდა ეჭვი, რომ მკვლელობის უკან ლავრენტი ბერია იდგა.[3]

  • ნიკოლოზ ბარათაშვილი — პოეტი და მოქალაქე, ტფ., 1930.
  • მოწინავეთა ძახილი, ტფ., 1931.
  • ახალი გურია, გაზ. „კომუნისტი“, № 178, 5 აგვისტო, 1931. — გვ. 3.
  • ჯოღეჯიანის თამბაქო, გაზ. „კომუნისტი“, № 195, 26 აგვისტო, 1931. — გვ. 3.
  • ნავთი კახური, გაზ. „კომუნისტი“, № 92, 20 აპრილი, 1932. — გვ. 3.
  • ამბები მოსკოვზე, ტფ., 1932.
  • საუნჯე ხალხური შემოქმედებისა (რედ. და წინასიტყვ. აკაკი ჭყონია), ტ. 1-3, ტფ., 1936.
  1. 1.0 1.1 1.2 ღლონტი ალ., კვალი ნათელი, გაზ. „კომუნისტი“, № 87, 14 აპრილი, 1985. — გვ. 4.
  2. Товарищ А. М. Чкония, «Заря Востока», № 122 (4143), 30 мая 1937 г. — с. 3.
  3. ჭყონია, ლ., ცხოვრების ტალღებზე, თბ., 2007.