შინაარსზე გადასვლა

ავგუსტინელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგუსტინელი ბერი

ავგუსტინელები (ლათ. augustiniani) — კათოლიკე ბერები და კანონიკები, რომლებიც მისდევდნენ ნეტარი ავგუსტინესადმი მიწერილ წესდებას. სინამდვილეში წესდება ავგუსტინეს გარდაცვალებიდან მრავალი საუკუნის შემდეგ დაიწერა და გამოიყენებოდა ბერულ ცხოვრებასთან ახლოს მდგომი ნორმებით ცხოვრების მსურველი სამღვდელოების მიერ.[1] ავგუსტინელები იყვნენ რამდენიმე მათხოვრული (საკუთრებაზე უარის მთქმელი) ბერმონაზვნური ორდენის წევრები: ავგუსტინელ-ერემიტები, ასუმფციონისტები, წმინდა ავგუსტინეს რეგულარული კანონიკები და სხვ.[2]

ავგუსტინელ-ერემიტების (განდეგილთა, მეუდაბნოეთა) ორდენი დაარსდა 1256 წელს იტალიაში პაპ ალექსანდრე IV-ის მიერ, მოძღვრული და მისიონერული საქმიანობის განხორციელებისათვის. XVII საუკუნის ბოლოს ორდენი ითვლიდა 42 პროვინციას და 30 ათას წევრს. საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ მათი მონასტრების უმრავლესობა საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და მექსიკის მთავრობებმა დახურეს. XXI საუკუნის დასაწყისისთვის ავგუსტინელ-ერემიტების პროვინციები და სახლები არსებობს ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, აფრიკაში, ფილიპინებზე; XX საუკუნის ბოლოსკენ ორდენში 3000-მდე ბერი იყო, მათ შორის 2 ათასზე მეტი — მღვდელი.[2] ორდენის წევრი იყო რეფორმაციის მომავალი ფუძემდებელი მარტინ ლუთერი.[1]

რეკოლექტების გერბი

ავგუსტინელ-რეკოლექტები — ბერმონაზვნური ორდენი, რომელიც ესპანეთში ავგუსტინელ-ემერიტების წრეში ბერმონაზვნური ცხოვრების რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა (1621). მისი წევრები მისიონერულ საქმიანობას ეწევიან 14 ქვეყანაში; XX საუკუნის ბოლოს მისი წევრი იყო დაახლ. 1,5 ათასი ბერი, მათ შორის დაახლოებით ათასი — მღვდელი.[2]

ფეხშიშველა ავგუსტინელები — ავგუსტინელ-ერემიტების განშტოება. წარმოიქმნა XVI საუკუნის ბოლოს იტალიაში რეკოლექტების მაგალითზე მონასტრების რეფორმირების შედეგად. მისი წევრები მისდევენ „განმჭვრეტ“ ცხოვრების წესს. ორდენი მოქმედებს გერმანიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში. XX საუკუნის ბოლოს აერთიანებდა დაახლ. 250 ბერს, მათ შორის 100-ზე მეტ მღვდელს.[2]

ასუმფციონისტების ორდენი (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ავგუსტინელები) დაარსდა ნიმში (საფრანგეთი) 1845 წელს, მღვდელ ემანუელ დ’ალზონის მიერ (1810–1880), ავგუსტინესა და თომა მოციქულის სწავლებებზე უმაღლესი განათლების განახლებისა და ეკლესიის სხვადასხვა მტრებთან ბრძოლის მიზნით. ასუმფციონისტების მოღვაწეობის განსაკუთრებული მიმართულებაა ე.წ. აღმოსავლური აპოსტოლატი — მისიონერული და ეკომენისტური საქმიანობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.[2]

„წმინდა ავგუსტინეს მესამე ორდენი“ — იმ მორწმუნეთა საზოგადოება, რომლებმაც თავის ამოცანად დაისახეს სახარებისეული სრულყოფილების მიღწევა წმინდა ავგუსტინეს წესდების საფუძველზე. შეიქმნა XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე. შედგება ერისკაცთა მესამე ორდენისა და წმინდა ავგუსტინეს მესამე რეგულარული ორდენისგან, რომლებიც თანამედროვეობაში საკმაოდ მცირერიცხოვანია.[2]

  1. 1.0 1.1 Смирнова Е. Д., Сушкевич Л. П., Федосик В. А. Августинцы // Средние века : Культура, искусство, история. Иллюстрированная энциклопедия / под ред. В. А. Федосика. — М.: Эксмо, 2008. — стр. 8, 304 c. ISBN 978-5-699-24660-1.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Овсиенко Ф. Г. Августинцы // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 67.