აგროტექნიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგროტექნიკამიწათმოქმედების ტექნოლოგია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის ხერხების სისტემა. აგროტექნიკის ამოცანაა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების უხვი მოსავალი, პროდუქციის ერთეულზე შრომისა და ფულადი სახსრების უმცირესი დანახარჯით. აგროტექნიკა მოიცავს ნიადაგის დამუშავების ხერხებს, სასუქის შეტანას, თესლის შემზადებას, თესვასა და რგვას, ნათესის მოვლას, სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას, მოსავლის აღებას, ნიადაგის ზედაპირის მოსწორებას (მოშანდაკებას), რწყვასა და სხვა. აგროტექნიკის დონეს განსაზღვრავს საზოგადოების მწარმოებლურ ძალთა განვითარება და წარმოებით ურთიერთობათა ხასიათი. პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური და ფეოდალური წესწყობილების დროს აგროტექნიკა ემყარებოდა უმარტივეს იარაღებს და ხელით შრომას. კაპიტალიზმის პირობებში სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის განვითარებასთან ერთად აგროტექნიკა სწრაფი აღმოვლობის გზას დაადგა. გაუმჯობესდა ნიადაგის დასამუშავებელი და სხვა იარაღები, ხის გუთანი რკინის გუთანმა შეცვალა, შეიქმნა მანქანა-იარაღები; სათესები, კულტივატორები, სათიბ-სამკალ-სალეწი მანქნაები და ა. შ. ამავე დროს ცოცხალი გამწევი ძალა თანდათან შეიცვალა მექანიკური ძალით — ჯერ ლოკომობილით, შემდეგ ტრაქტორით. გაჩნდა საკუთარი ძრავათი მომუშავე მანქანები: ფრეზი, მოტოკულტივატორი, თვითმავალი კომბაინი და სხვა. შესაბამისად გარდაიქმნა სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნიკა: მობნევით თესვა თანდათანობით შეცვალა მწკრივად თესვამ, გავრცელდა სათოხნი კულტურების მწკრივთშორისების კულტივაცია, პურეულის ჯერ სტაციონარული, ხოლო შემდეგ მომკისთანავე გალეწვა (კომბაინით). რუსეთში რაციონალური აგროტექნიკის პრინციპების შემუშავება დაიწყო XIX საუკუნეში. ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვით ვ. დოკუჩაევს, პ. კოსტიჩევს, კ. ტიმირიაზევს, დ. პრიანიშნიკოვს და სხვა.

ნიადაგის ნაყოფიერების გასადიდებლად თანამედროვე აგროტექნიკაში ფართოდ იყენებენ ქიმიურ საშუალებებს — სასუქებს, აგრეთვე სხვადასხვა შხამებს მავნებლებისა და დაავადებებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად. სარეველებს სპობენ ჰერბიციდებით. აგროტექნიკის სრულყოფა დამოკიდებულია მის კომპლექსურობასა და დიფერენცირებულ გამოყენებაზე. აგროტექნიკის კომპლექსურობა დამოკიდებულია მის კომპლექსურობასა და დიფერნცირებულ გამოყენებაზე. აგროტექნიკის კომპლექსურობა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მცენარის განვითარების სხვადასხვა ფაზაში სიცოცხლისათვის საჭირო ყველა ფაქტორის — სინათლის, სითბოს, წყლის, ჰაერისა და საკვებ ნივთიერებათა კომპლექსურ მოწესრიგებას. ამისათვის აუცილებელია აგროტექნიკურ ღონისძიებებს ჰქონდეს სისტემის, მთლიანი კომპლექსის ხასიათი, რადგან უხვი მოსავლიას მისაღებად მცენარის ზრდის ერთი რომელიმე ფაქტორის მოქმედების გაძლიერება საკმარისი არ არის, მაგალითად, არ შეიძლება ნიადაგში წყლის უკმარისობის კომპენსაცია სასუქის უხვად შეტანით მოვახდინოთ, აზოტი შევცვალოთ ფოსფორით. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორის გაძლიერებით შეიძლება მივაღწიოთ სხვა ფაქტორების ეფექტურობის ამაღლებას. ასე მაგალითად თუ ნიადაგი საკმარისად ტენიანია, მცენარე უკეთ ითვისებს სასუქს, იზრდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა და სხვა. აგროტექნიკა ამავე დროს უნდა იყოს დიფერენცირებული როგორც ბუნებრივი პირობების, ისე მცენარის ბიოლოგიური თავისებურებისა და თესლბრუნვაში დაკავებული ადგილის შესაბამისად. ჭარბტენიანი, ზომიერტენიანი, მშრალი და სარწყავი ადგილების აგროტექნიკა განსხვავებულია. ამა თუ იმ კულტურისათვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები დამოკიდებულია წინამორბედი და მომდევნო კულტურების ბიოლოგიურ თავისებურებებზეც. აგროტექნიკის სწორად ჩატარება და მისი ეფექტურობა მხოლოდ სწორი თესლბრუნვის პირობებშია შესაძლებელი. ეს გულისხმობს მინდვრებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების გეგმაზომიერ მორიგეობასა და აგროტექნიკის შეხამებას მათ თავისებურებებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]