აგრარული რეფორმები
აგრარული რეფორმები — მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის სისტემის გარდაქმნა.
აგრარული რეფორმის აუცილებლობასა და ხასიათს განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მოთხოვნები, მიწისათვის გლეხთა მთავარი მოძრაობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პირობების ერთობლიობა, კლასობრივ ძალთა თანაფარდობა, სახელმწიფო ძალაუფლების ფორმა და ა. შ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში აგრარული რეფორმა განხორციელდა XVII-XIX საუკუნეებში ბურჟუაზიული რევოლუციების პერიოდში. ამ რევოლუციებმა ზოგან მთლიანად მოსპო ფეოდალურ ურთიერთობათა გადმონაშთები და გზა გაუხსნა სოფლის მეურნეობის კაპიტალისტურ განვითარებას, ზოგან კი აუცილებელი გახდა გადმონაშთების ლიკვიდაციისათვის აგრარული რეფორმის გატარება თვით კაპიტალიზმის განვითარების პროცესში. აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში აგრარული რეფორმა განხორციელდა „ზემოდან“, გაბატონებული კლასების ინტერესების შესაბამისად, მაგალითად, 1807-1811 წლების რეფორმა პრუსიაში, 1864 წლის რეფორმა რუმინეთში, 1861 წლის საგლეხო რეფორმა რუსეთში; პეტრე სტოლიპინის აგრარული რეფორმა (1906-1916) რუსეთში. ანალოგიური პრინციპით გატარდა 1864 წელს საგლეხო რეფორმა საქართველოში. აგრარული რეფორმა, რომელიც გატარდა მეფის რუსეთში გლეხთა რევოლუციური გამოსვლების შედეგად, აგრეთვე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გატარაებულ ანალოგიურ რეფორმებს არ გამოუწვევია აგრარული წყობილების არსებითი შეცვლა. მათ მხოლოდ რამდენადმე შეზღუდეს მემამულური მიწათმფლობელობა და ხელი შეუწყვეს მდიდარი გლეხური მეურნეობის განვითარებას. ამასთან მიწა ძვირად ფასობდა და გლეხობის დიდი ნაწილს არ შეეძლო მათი შეძენა. პეტრე სტოლიპინის აგრარული რეფორმა ასევე ხელს უწყობდა კაპიტალიზმის განვითარებას მიწათმოქმედებაში. იგი მიზნად ისახავდა გლეხობის თემური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას, კულაკური მეურნეობის, როგორც თვითმპყრობლობის სოციალური დასაყრდენის განმტკიცებას, ფეოდალური ლატიფუნდიების შენარჩუნებას.
საქართველოში 1864 წლის რეფორმამ გლეხს მიანიჭა პირადი თავისუფლება და უფლება მისცა გამოესყიდა თავისივე დამუშავებული მიწის ნაკვეთი. რეფორმა ბურჟუაზიური ხასიათისა იყო და გზას უხსნიდა კაპიტალიზმის განვითარებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.
სხვადასხვა დროს რუსეთში აგრარული საკითხი პერიოდული განხილვის საგანი იყო. ერთ-ერთი აქტიუირი ცვლილებები 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობამ მიიღო დეკრეტი მიწის შესახებ, რომლითაც გაუქმდა მიწის მემამულური საკუთრება და იგი საყოველთაო სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. მიწათსარგებლობის სისტემა განსაზღვრა სრულიად რუსეთის ცაკმა 1918 წლის 9 თებერვლის დეკრეტით „მიწის სოციალიზაციის შესახებ“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. ცისკარიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 63-64.