აგლომერაცია (მეტალურგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლომერაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

მეტალურგიული აგლომერაცია — წვრილი მასალების (მადნის, მადნის კონცენტრატის, ლითონშემცველი ნარჩენებისა და სხვა) ნაჭრებად შეცხობის თერმული პროცესი. აგლომერაცია კაზმის დნობისათვის შემზადების ერთ-ერთი ძირითადი ხერხია. აგლომერაციის მიზანია წვრილი მადნისა და საკერძის მთვრის შეცხობა (დანაჭროვნება), კაზმში ფლუსის შეტანა (დაფლუსული აგლომელატი) და მისგან მავნე მინარევების მოცილება. აგლომერატს ძირითადად (95%-ზე მეტს) იყენებენ შავ მეტალურგიაში. გარდა ამისა, ფერად მეტალურგიაშინიკელის, ალუმინისა და ტყვიის წარმოებაში. აგლომერატი მიიღება კაზმის გახურებისას დარბილებული ნაწილაკების ზედაპირთა ურთიერთშეწებებით ან იმ მაკავშირებელი ადვილდნობადი ნაერთი წარმოქმნით, რომელიც გაცივებისას ნაწილაკებს აერთებს. შეცხობისათვის საჭირო სითბო წარმოიქმნება სააგლომერაციო კაზმში შეტანილი ნახშირბადიანი სათბობის წვის შედეგად, ხოლო გოგირდოვანი მადნის კონცენტრატების აგლომერაციის დროს — სულფიდების დაჟანგვის შედეგად. რკინის დაფლუსული აგლომერატი მიიღება წვრილი მადნის (8-10 მმ), საკერძის მტვრის, დასაბრუნებლის, კირქვისა (3 მმ) და კოქსწვრილას (3 მმ) დანამული ნარევისაგან. აგლომერაცია ითვალისწინებს კაზმის მომზადებას (ცალკე კომპონენტების დოზირება, შერევა, დანამვა და დაგუნდავება), მომზადებული კაზმის შეცხობას სააგლომერაციო მანქნაზე, ცხელი შეხობილი მასის დამუშავებას (დამტვრევა, გაცრა 5-10 მმ ზომის ნაჭრების მოსაცილებლად, 100°C-მდე გაცივება და დახარისხება). შეცხობის პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ნედლი მასალის მომზადებასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესის ძირითადი პარამეტრების სტაბილიზაციას (მასალების დოზირება და გასაშუალება, ტენიანობა, ქიმიური შედგენილობა და სხვა), რაც სააგლომერაციო პროცესების კომპლექსური ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა.

ფაბრიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგლომერაცია ხორციელდება სააგლომერაციო ფაბრიკებში, რომელთა კომპლექსში შედის საწყობები (საკაზმე მასალების შესანახად და გასაშუალებლად), მიმღები ხვიმირები, კოქსისა და კირქვის დასამტვრევი განყოფილება (საკაზმე), სააგლომერაციო და მზა აგლომერატის დასამუშავებელი განყოფილება. თანამედროვე სააგლომერაციო ფაბრიკებში მთლიანად მექანიზებული და ძირითადად ავტომატიზებულია ნედლეულის მიღების, დოზირების, კაზმის მომზადების, სააგლომერაციო მანქანისათვის მისი მიწოდების და მზა აგლომერატის დამუშავების პროცესები.

მანქანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააგლომერაციო მანქანები შეიძლება იყოს პერიოდული ან უწყვეტი ქმედებისა. ძირითადად გავრცელებულია უწყვეტი ქმედების ლენტური ტიპის მანქანა, რომლის მთავარი ნაწილია პალეტებისაგან შედგენილი ლენტური ტრანსპორტიორი. მომზადებული კაზმი ჩასატვირთი ხვიმიერებიდან სააგლომერაციო ლენტზე იყრება, გაივლის ამნთებ ქურას, აინთება და გადაუვლის ვაკუუმ კამერებს, საიდანაც კაზმის ზედა ფენის ანთებისა და პალეტების ქვეში ექსპაუსტერით ჰაერის ენერგიული გაწოვის შედეგად ალი კაზმის ზედა ფენებიდან თანდათან ქვედაში გადაინაცვლებს, კაზმი შეცხვება და სამსხვრეველში ჩაიყრება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]