ძველი ქართული ენის ძეგლები (ხანმეტი, ჰაემეტი, სანნარევი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ხანმეტი ძეგლები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ქართული ენის ძეგლები სამ ჯგუფად იყოფა: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი. ეს დაყოფა ემყარება იმას, თუ რომელი პრეფიქსები გამოხატავენ მეორე სუბიექტურსა და მესამე ობიექტურ პირებს.

„ხანმეტი“ ეწოდება ისეთ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების ნიშნად ხ - პრეფიქსია გაბატონებული. ხ - პრეფიქსი გვაქვს აგრეთვე ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის უფროობითი ხარისხის ფორმებსა და ი - პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნებში. ისეთ ტექსტებს, სადაც ზემოთ დასახელებულ ფორმებში ჰ - იხმარება, ჰაემეტი ჰქვია, ხოლო სანნარევს უწოდებენ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც სუბიექტური მეორე და ობიექტური მესამე პირების მაწარმოებლად დ თ ტ ძ ც წ ჯ ჩ ჭ თანხმოვანთა წინ ს - პრეფიქსი დასტურდება.

ყველაზე ძველია ხანმეტი ტექსტები (V ს. - VIII ს-ის I ნახევარი). ჰაემეტი ტექსტების უძველესი ნიმუშია წყისის წარწერა (616-619 წ.). სანნარევი ტექსტები IX საუკუნიდან გვხვდება.

უძველესი ჰაემეტი ხელნაწერი აღმოაჩინა და 1923 წელს გამოსცა ა. შანიძემ. მანვე შექმნა „ხანმეტის“ ანალოგიით ტერმინი ჰაემეტი და აღმოჩენილ ტექსტს უწოდა „ჰაემეტი ლექციონარი“.

ჰაემეტი ტექსტები დაცულია H - 1329 ხელნაწერში, რომელიც პალიმფსესტს წარმოადგენს. ამ ხელნაწერის 53 ფურცელი ინახებოდა სოფელ იფარში (მესტიის რაიონი). ეს ხელნაწერი ნაშთია ოდესღაც დიდი მოცულობის წიგნისა, რომელიც 400-მდე ფურცელს შეიცავდა. ენობრივი და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ძეგლი VIII საუკუნის მეორე ნახევრისაა.

ხანმეტი ძეგლები[რედაქტირება]

1920 წელს გამოქვეყნდა ა. შანიძის მონოგრაფია: „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“. მკვლევარმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხ-არ, (მო)-ხ-უალ, (მო)-ხ-უედ ზმნებში მეორე სუბიექტური პირის ნიშნად დასტურდება ხ -. 1923 წელს „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის“ II ტომში დაიბეჭდა ა. შანიძის გამოკვლევა „ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში“. ავტორის ვარაუდით ხ - პრეფიქსი ადრე მესამე სუბიექტური პირის ნიშნადაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რასაც ადასტურებს ნაზმნარი სახელი ხერთვისი (ხ-ე-რთ-ვ-ი-ს) და მცხეთისა და ბოლნისის წარწერებში დადასტურებული ისეთი ზმნური ფორმები, როგორიცაა ხეყავ, შეხეწიე, შეხუაბთ.

ტერმინი „ხანმეტი“ პირველად გიორგი მთაწმიდელის ნარედაქციევი ოთხთავის ანდერძში გვხვდება:

ვიკიციტატა
ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ ესე წმიდაჲ ოთხთავი ახლად გჳთარგმნია ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთაჲთა და ბერძულთა სახარებათასა შეგჳწამებია ფრიადითა გამოწულილვითა. და ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ, თუ ამისგან ჯერ-გიჩნდეს დაწერაჲ. და თუ არა რაჲმე გაშუნდეს, ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილია და კეთილად, ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა, მუნით დაწერეთ და ღმრთისათჳს ერთმანერთსა ნუ გაჰრევთ და გლახაკისა გეორგისათჳს, რომელმან-ესე ვთარგმნე, ლოცვა ყავთ.

მკვლევართა აზრით საბაწმიდური ოთხთავი არის ის რედაქცია, რომელიც შეიმუშავეს პალესტინაში, საბაწმინდის ლავრაში. აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა ტერმინი ხანმეტი. ზოგს იგი კომენტარად (თარგმანებად) მიაჩნდა (მ. ბროსე), ზოგს - დანართად (დ. ბაქრაძე), ზოგს - სრულ სახარებად (ა. ცაგარელი), ზოგს - გეოგრაფიულ სახელად ან ფრიად ძველად (თ. ჟორდანია), ზოგს - ხანძთად (მ. ჯანაშვილი). ა. შანიძის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ხანმეტი ოთხთავი, გიორგი მთაწმიდლის ანდერძის მიხედვით, ისეთი ტექსტის აღმნიშვნელად იხმარება, სადაც მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირების პრეფიქსად, აგრეთვე ზედსართავ სახელთა და ზმნიზედათა უფროობითი ხარისხის ფორმებში და ი - პრეფიქსიანი ვნებითის ფორმებში ხ - გვხვდებოდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ხ - აღარ გამოითქმებოდა, ამ ტიპის ტექსტების აღმნიშვნელად შექმნეს ზუსტი და მარჯვე ტერმინი ხანმეტი.

გამოცემული ხანმეტი ტექსტები[რედაქტირება]

  • ბოლნისის სამი წარწერა (V ს.)
  • უკანგორის ორი წარწერა (VI ს.)
  • მცხეთის წარწერა (დემეტრე ჳპატოსის, VI ს.)
  • ხანმეტი ლექციონარი (VII ს.)
  • ხანმეტი ოთხთავი (VI-VII ს.)
  • იაკობის პროტოევანგელე (VII ს.)
  • იერემიას წინასწარმეტყველების ოქსფორდული და კემბრიჯული ნაწყვეტები (VI-VII ს.)
  • ესაიას წინასწარმეტყველების ფრაგმენტები (VI-VII ს.)
  • ჯ. ბერდზოლის მიერ ამოკითხული ეზრას I წიგნის ფრაგმენტები (VII ს.)
  • ივ. ჯავახიშვილის მიერ ამოკითხული ახალი აღთქმის ფრაგმენტები (VI-VII ს.)

სანნარევი ტექსტები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ა. შანიძე, ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა ხმოვნების წინ ქართულ ზმნებში, თხზ. II, 1981.
  • ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, თხზ. II, 1981.
  • ა. შანიძე, ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის, ტუმ, III, 1923.
  • კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]