ლექციონარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლექციონარი (ლათ. Lectionarium) — ქრისტიანულ სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დღესასწაულისა და დღისათვის დაწესებული საეკლესიო საკითხავების კრებული, რომელიც შეიცავს ბიბლიური წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს. ლექციონარის შედგენის სხვადასხვა სისტემა და ტრადიცია არსებობდა: საბაწმინდის, იერუსალიმის, ბერძნული, ანუ კონსტანტინოპოლის და სხვა ქართულ ლექციონარებში, რომელთა უძველესი რედაქციების ფრაგმენტები შემონახულია ხანმეტ და ჰაემეტ პალიმფსესტებში (V–VIII სს.), კრებულის შედგენის სხვადასხვა ტრადიციაა ასახული. ლექციონარის ნიმუშია გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი „საწინასწარმეტყველოც“, რომელიც შეიცავს საკითხავებს ძველი აღთქმიდან.

ლექციონარის ის რედაქცია, რომელიც „ქართული ლექციონარის“, ანუ „იერუსალიმის კანონის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ბერძნულიდან თარგმნილი ძეგლია და ასახავს ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს V-VIII საუკუნეების განმავლობაში. მისი უძველესი ვერსიის თარგმნა V საუკუნეში ივარაუდება. „ქართული ლექციონარი“ უმნიშვნელოვანესია იმ მცირერიცხოვან ძეგლთა შორის (მაგ., „სომხური ლექციონარი“, V-VI სს.), რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ ადრეულ ბერძნ. (იერუსალიმურ) და, საერთოდ, აღმოსავლურ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაზე, რადგან ძეგლის ბერძნული პირველწყარო დაკარგულია. ძეგლს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ენის, ბიბლიის ქართული თარგმანებისა და ადრეული სასულიერო პოეზიის ისტორიისათვის, ამასთანავე იგი მნიშვნელოვანი პირველწყაროა ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის. „ქართული ლექციონარი“ (ძირითადი ხელნაწერი თარიღდება X–XI სს.) გამოიყენებოდა ქართულ ღვთისმსახურებაში X საუკუნის დასასრულამდე, ვიდრე ქართული ეკლესია კონსტანტინოპოლის ტრადიციებზე გადავიდოდა. ძეგლის დანიშნულება სცილდება ლექციონარის ფარგლებს, ის, უპირველეს ყოვლისა, ტიპიკონია „კანონად“ სახელდებული; საკითხავების გარდა შეიცავს უძველეს საეკლესიო საგალობლებს, განმარტებებს ღვთისმსახურების წესისა და რიგის შესახებ და, რაც მთავარია, საწელიწდო კალენდარს. ადრეული ქართული ლიტურგიკული კრებულები (მრავალთავი, იადგარი, კონდაკი და სხვ.) მთლიანად „ქართული ლექციონარის“ პრინციპებზეა აგებული. ძეგლი თარგმნილია რუსულ (1912), ბერძნულ (1914), ლათინურ (1959) და სხვა ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხანმეტი ლექციონარი. ფოტოტიპური რეპროდუქცია, გამოსცა და სიმფონია დაურთო ა. შანიძემ, თბ., 1944;
  • ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი. გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა, თბ., 1987;
  • Кекелидзе К., Иерусалимский канонарь VII века (Грузинская версия), Тфл., 1912;
  • Tarchnishvili M., Le grand Lectionoinnive de l˒eglise de Jerusalem (Ve–VIIIe siècle), v. 1–2, Louvain, 1959–60.
  • კეკელიძე ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • შანიძე ა., ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის, „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1923, ტ. 3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]