წითელი არმიის ფრაქცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორგანიზაციის ემბლემა

წითელი არმიის ფრაქცია (გერმ. Rote Armee Fraktion)– გერმანული მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია, იგივე RAF.

ისტორია[რედაქტირება]

1960-იანი წლები[რედაქტირება]

ორგანიზაციის შექმნის შესახებ 1960–იანი წლების მიწურულს გამოცხადდა. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ულრიკა–მარია მაინჰოფი. ორგანიზაციის მთავარი ლოზუნგი იყო: „ვინც შეიარაღდება, ის მოკვდება, იმას ცოცხლად დამარხავენ ციხეებში, გამოსასწორებელ დაწესებულებებში, ბაღებში, სკოლებში და ა.შ.“ ორგანიზაციამ მოაწყო 555 სისხლიანი აქცია. ორგანიზაციის სხვა ლიდერები იყვნენ გუდრუნ ენსენი, ანდრეას ბაადერი და ჰორსტ მალერი. ორგანიზაციის მთავარი მიზანი გერმანიაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომელიც მათი მტკიცებით რუსების გამარჯვების შემდეგაც არ გამქრალა.

ეს ადამიანები მას შემდეგ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც გერმანიის სტუდენტთა პროფკავშირის ლიდერს რუდი დუჩკეს ნეონაცისტმა ვინმე ბახმანმა თავში ესროლა, თუმცა ის გადარჩა. როგორც მაინჰოფმა განაცხადა, დუჩკესთვის ნასროლმა ტყვიამ ბოლო მოუღო მათ ოცნებას მშვიდობაზე. დუჩკეზე თავდასხმის შემდეგ ბაადერმა და ენსენმა ფრანკფურტის უნივერსიტეტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარი ჩააქრეს, დამნაშავეები კი დაიჭირეს. ერთ–ერთი ადვოკატი ჰორსტ მალერი იყო. ადვოკატების ძალისხმევით ისინი გაამართლეს, თუმცა მოგვიანებით საფრანგეთის ინტერპოლის დახმარებით ისევ დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, რამაც მემარცხენეთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ჰორსტ მალერმა და ულრიკა მაინჰოფმა ერთმანეთი სასამართლოში გაიცნეს. მათ ბაადერისა და ენსენის გაქცევა დაგეგმეს და მოახერხეს კიდეც. ამის შემდეგ ოთხივე იორდანიაში გაემგზავრა, სადაც ისინი პროფესიონალ ტერორისტებად ჩამოყალიბდნენ.

1970-იანი წლები[რედაქტირება]

1970–იან წლებში ორგანიზაციის წევრები გერმანიაში დაბრუნდნენ. მათი დაჯგუფება 30 კაცს ითვლიდა. ამ დროს გერმანიაში აღელვებდათ საკითხი, თუ რატომ არ დაისაჯა ყველა ნაცისტი, რომელთა ნაწილი მთავრობის წევრიც იყო. ორგანიზაციის წევრებმა შეაგროვეს მასალები ნაცისტების შესახებ, გამოააშკარავეს სამხედრო დამნაშავეები. ფრაქციელებმა სცადეს მთავრობისთვის მოპოვებული მასალის გადაცემა, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა. 1970–იან წლებში მაინჰოფმა ქალაქში პარტიზანული ომის სტრატეგიის შემუშავება. მათ ბანკების ძარცვასაც მიჰყვეს ხელი, რათა თავიანთი ორგანიზაცია დაეფინანსებინათ. გერმანულმა კრიმინალურმა პოლიციამ ჩამოაყალიბა სპეციალური განყოფილება, რომელიც მხოლოდ RAF-ის ძიებით იყო დაკავებული. 1971 წელს მათ ტერორი დაიწყეს პოლიცილების წინააღმდეგ. მათი სამიზნე იყო აგრეთვე აშშ–ის ჯარის შენაერთი დასავლეთ გერმანიაში.

1972 წელს ტერორისტები ნახევარი შტუტგარტის აფეთქებით დაიმუქრნენ. ტერორისტის ხელში ჩაგდებისთვის ჯილდოდ 10000 მარკა დაწესდა. საბოლოოდ, მეთაურების დაკავება მოხერხდა. მათი სასამართლო პროცესი 1975 წლის 21 მაისს დაიწყო. მსჯავრდებულებს ბრალად ედებოდათ 5 მკვლელობა, 55 მკვლელობის მცდელობა, გატაცებების სერია. როცა განსასჯელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, შემოდგომაზე ახალი ტერორი დაიწყო. ტერორისტთა ორმა ჯგუფმა, რომელიც მხარს უჭერდა RAF–ს, გაიტაცეს მილიონერი მარტინ შლეიერი, სანაცვლოდ კი მოითხოვეს ლიდერების განთავისუფლება. ასევე გაიტაცეს ლუფტჰანზას თვითმფრინავი და იგივე მოთხოვნა წამოაყენეს. მაგრამ თვითმფრინავების გატაცება წარუმატებლად დამთავრდა. სამი გამტაცებელი მოკლეს,ერთი ტყვედ აიყვანეს, თუმცა ტერორისტებმა შლეიერი მოკლეს.

ასე დაიწყო მოქმედება RAF–ის ახალმა თაობამ, რომელიც 1997 წლამდე მოქმედებდა. მისი ლიდერები იყვნენ ლუდვიგ მაიერი და ბირგიტ ჰოგერფილდი. მათი მხარდაჭერა დღითიდღე იზრდებოდა. ბერლინში მოეწყო მათი მხარდასაჭერი 40 ათასიანი დემონსტრაცია. ამ დროისთვის ციხეში მყოფმა RAF–ის ლიდერებმა თავი მოიკლეს. RAF–ის ადვოკატმა კლაუს კრუასონმა მათ მკვლელობაში მთავრობა დაადანაშაულა, რის გამოც ის ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. კრუასონი საფრანგეთში გაიქცა, სადაც ინტერპოლმა დააკავა და გერმანიას გადასცა.

1980-1990-იანი წლები[რედაქტირება]

ორგანიზაციის ახალმა თაობამ განაგრძო ამერიკულ ბაზებზე ნადირობა. მათ ააფეთქეს ამერიკის სამხედრო ბაზა ფრანკფურტში 1981 წელს, 1982 წელს ნატოს სამხედრო ობიექტი რამშტაინში. 1993 წელს ახლადაშენებული ციხე ეიტერშტადტში. თუმცა RAF–ის ახალი თაობისთვის მთავარი იყო არა აფეთქებები, არამედ ნამდვილი მემარცხენე ფრონტის შექმნა მსოფლიოში. 1994 წელს ბირგიტ ჰოგერფილდი დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1993 წელს RAF–მა საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 5 წლის შემდეგ კი ოფიციალურად გამოაცხადა დაშლის შესახებ.