შიგა პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგა პლატო
მარმარილოს ქედი
მარმარილოს ქედი
კოორდინატები: 52° ჩ. გ. 123° დ. გ. / 52° ჩ. გ. 123° დ. გ. / 52; -123
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტერიტორიული ერთეული ბრიტანეთის კოლუმბია
სიმაღლე 800–1500 
სიგრძე 901 კმ
სიგანე 378 კმ
შიგა პლატო — კანადა
შიგა პლატო
სურათები ვიკისაწყობში

შიგა პლატო (ინგლ. Interior Plateau) — პლატო კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში.[1] გაწოლილია აღმოსავლეთით კარიბუსა და მონაშის მთებსა და დასავლეთით ჰაზელტონის, სანაპირო და კასკადოვან მთებს შორის.[2][3] შიგა პლატოს გაგრძელებას აშშ-ში კოლუმბიის პლატო წარმოადგენს. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, შიგა პლატო შედის ჩრდილოეთის პლატოების პროვინციაში, რომელიც თავის მხრივ, შიგა პლატოების ნაწილია.

პლატოს სიგრძეა 901 კმ, სიგანე 378 კმ.[4] სიმაღლე სამხრეთით 1200–1500 მ, ჩრდილოეთით დაბლდება 800–1000 მ-მდე. ხეობების ჩაჭრის სიღრმე 150–300 მ. დანაწევრებულია ძირითადად მდინარე ფრეიზერით, თუმცა ნაწილი, ჩრდილოეთით, დრენირებულია მდინარეებით სკინითა და პისით, ხოლო სამხრეთით მდინარე კოლუმბიით. შიგა პლატო წარმოდგენილია ფართო და დამრეცი ბორცვიანი მაღლობებით, რომლებიც ერთმანეთისაგან ღრმა ხეობებითაა გამოყოფილი.[5]

ჩრდილოეთით აგებულია იურული დანალექების კომპლექსით, რომელიც გადაშრევებულია ლავებით, ფხვიერი ვულკანური და დანალექი ქანებით (ქვიშაქვები და კირიანი ლამი); სამხრეთით დიდწილად მესამეული ლავებია გავრცელებული. პლატოს მთელ ტერიტორიაზეა მორენული დანალექები და მეოთხეული გამყინვარების სხვა კვლები.[5]

შიგა პლატო იყოფა ორ ნაწილად: სამხრეთით — ფრეიზერისა და ჩრდილოეთით — ნეჩაკოს პლატოებად, რომლებიც ერთმანეთისაგან მკვეთრად არ არიან გამოყოფილი, მაგრამ მათი საზღვარი გადის დაახლოებით 53-ე პარალელზე. კლიმატი ზომიერია, კონტინენტური. ივლისის საშუალო ტემპერატურა სამხრეთით 20–23°C, ჩრდილოეთით 15–18°C, იანვრის —6–10°C-იდან —12–17°C-მდე. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს ღრმა ხეობებში სამხრეთით 250–300 მმ-იდან ჩრდილოეთი ნაწილის მაღლობებზე 500–900 მმ-მდე. პლატოს დიდი ნაწილი მიეკუთვნება წიწვოვანი ტყე-სტეპის ზონას.[5]

მაღლობებზე, 1200 მ-მდე, ტყის ნაცრისფერ და მთა-ტყის ნიადაგებზე განვითარებული პარკული ტყეა. 1200 მ-ის მაღლაა ენგელმანის ნაძვი, ალპური სოჭი და მთის ჰემლოკი. სამხრეთის ხეობებშია სტეპური მცენარეულობა. გვალვიან ადგილებში წაბლა ნიადაგებზე გვხვდება ნახევარუდაბნოს ასოციაციები ავშანთან, ანტილოპას ბუჩქთან და კაქტუსებთან ერთად. სტეპური მონაკვეთების ფაუნაში ძირითადია მღრღნელები; ფრინველებიდან არის მდელოს როჭო, შაშვი, ქორი; ტყეში ირემი, გრიზლი და სხვა. სტეპური სივრცე გამოიყენება საძოვრებად. ოკანოგანის ხეობაში განვითარებულია მებაღეობა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geography of British Columbia | The Canadian Encyclopedia
  2. BC Names/GeoBC entry Interior Plateau
  3. S. Holland. Landforms of British Columbia: a physiographic outline, 1964
  4. Stuart S. Holland. Landforms of British Columbia: A Physiographic Outline. 1976
  5. 5.0 5.1 5.2 H. S. Bosteck. Physiography of the Canadian Cordillera, Ottawa, 1948
  6. Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.