ქრისტინე ხარშილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტინე ხარშილაძე
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1922
ნიგვზარა, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 2014
თბილისი
დაკრძალულია კორბოული, საჩხერის მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა პედაგოგი
მეუღლე(ები) ანდრო მაჭარაშვილი
შვილ(ებ)ი ეთერი, რევაზი
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

ქრისტინე ხარშილაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1922, ნიგვზარა — გ. 9 ივლისი, 2014, თბილისი) — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი (1975).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტინე ხარშილაძე დაიბადა 1922 წლის 17 ოქტომბერს, დღევანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარაში. 1937 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის შვიდწლიანი სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ჭიათურის № 1 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1940 წელს და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1942 წლის აპრილში ქრისტინემ გადაწყვიტა დაეტოვებინა უნივერსიტეტი და მოხალისედ წასულიყო ფრონტზე. 13 აპრილს სტუდენტი შემკრებ პუნქტში გამოცხადდა, იგი ჩარიცხეს 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკში პროჟექტორისტად. თითქმის 1 წლის განმავლობაში პოლკი თბილისის მახლობლად იყო დაბანაკებული და იცავდა ქალაქს მტრის თვითმფრინავების თავდასხმისაგან. 1943 წელს კი პოლკი გადავიდა დასავლეთის ფრონტზე და მონაწილეობდა ისეთი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების განმათავისუფლებელ ბრძოლებში, როგორიცაა დნეპროპეტროვსკი, დნეპროძერჟინსკი, ნიჟნიდნეპროვსკი, იასინოვატაია, ზაპოროჟიე, ჩაპლინო და სხვ. 415-ე პოლკი იცავდა მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდს, რომელზეც გადიოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო ლიანდაგი. 1945 წლის მარტში 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკი გადაიყვანეს პოლონეთში, ქ. ბრესლაუს (ვროცლავი) გათავისუფლებისათვის ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქი გაპარტახებული იყო. ალყაში მოქცეულ ფაშისტებს არ სურდათ იარაღის დაყრა. 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკის ამოცანა იყო, არ შეეშვათ ქალაქში გერმანელების თვითმფრინავები, რათა ალყაში მოქცეული ფაშისტებისათვის არ მიეწოდებინათ ტყვია-წამალი და სურსათ-სანოვაგე. ფაშისტთა ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმის დროს, ქრისტინე ხარშილაძე მძიმედ დაიჭრა და გადაყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე სახის მძიმე ოპერაცია. მკურნალობის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ნაწილს და განაგრძო ბრძოლა ბრესლაუს განთავისუფლებისათვის. ხანგრძლივი ალყის შემდეგ, უკრაინის 1-ლი ფრონტის ჯარებმა მთლიანად დაიკავეს ქალაქი და ციხე ბრესლაუ (ვროცლავი). ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის 415-ე საზენიტო-საარტილერიო პოლკი წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. ბრესლაუს დაუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ქრისტინე ხარშილაძეს სტალინის მადლობა გადასცეს.

1945 წლის 31 ივლისს გამოცხადებული დემობილიზაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. 1949 წელს ქრისტინემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სრული კურსი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის საშუალო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულებით ქრისტინე ხარშილაძეს საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა, ხოლო საქართველოს განათლების მინისტრის 1984 წლის 16 მაისის № 317 ბრძანებით — უფროსი მასწავლებლის წოდება.

ქრისტინე ხარშილაძე გარდაიცვალა 2014 წლის 9 ივლისს. დაკრძალულია სოფელ კორბოულის სასაფლაოზე. 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლას ქრისტინე ხარშილაძის სახელი მიენიჭა.[1]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაოჯახდა. მეუღლე ანდრო მაჭარაშვილი 31 წლის განმავლობაში მუშაობდა კორბოულის ჯერ მეორე და შემდეგ პირველი საშუალო სკოლების დირექტორად, ხოლო მანამდე 9 წლის განმავლობაში — სასწავლო ნაწილის გამგედ № 1 საშუალო სკოლაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: ეთერ და რევაზ მაჭარაშვილები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი — 11 მარტი, 1985;
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი — 20 აგვისტო, 1986;
  • საპატიო ნიშნის ორდენი — 20 აპრილი, 1971;
  • ღირსების ორდენი — 20 თებერვალი, 2003;

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაჭარაშვილი რ., თბილისიდან ბრესლაუმდე, თბ., 2002
  • მაჭარაშვილი რ., ზნეობის გაკვეთილი, თბ., 2015
  • ხარშილაძე ვ., ხარშილაძეები, წინაპრები და თანამედროვეები, ქუთაისი, 2006
  • შველიძე ზ., თბილსის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდ სამამულო ომში, თბ., 1975
  • ქობულაძე ი., ქართველი ქალი — მეომარი, დედა, პედაგოგი. ფასს დასდებს ბოლოს ქვეყანა, ვისაც რამ დაგვითესია, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ № 85 (7730), 9 მაისი, 2015
  • ქიმაძე გ., არ დაეკარგვის ამაგი, ვინაც სამშობლოს უვლისა, გაზეთი „საჩხერე“ № 7, 16 ივლისი 2015
  • ნებიერიძე მ., წიგნი, რომელსაც ყველა ოჯახში უნდა კითხულობდნენ, გაზეთი „რაეო“ № 4 (272), აპრილი, 2016
  • გონაშვილი მ., ზნეობის გაკვეთილი, გაზეთი „მწერლის გაზეთი“ № 1 (244), 1-31 იანვარი 2016
  • ჩინჩალაძე ლ., გაუხუნარი სულის ნათელი, გაზეთი „სახალხო განათლება“, 5 თებერვალი 1986
  • გიორგაძე ი., ჩვენი სახელოვანი ქალები, გაზეთი „სახალხო განათლება“, 7 მარტი, 1969
  • დეკანოსიძე თ., საჩხერელი პედაგოგები დიდ სამამულო ომში, 6 თებერვალი, 1985

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]